განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
150100119002859682
ინსტანცია
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100119002859682-1ბ/694-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ა-------------–------------------------------ დ----------–-------–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–---–--------–------------------–--

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------------მ და მოითხოვა მსჯავრდებულ ა-–------ გ------–-----ს დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

 

ა------------------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;

სასამართლომ დაადგინა :

 

ა-------------–----------- 2018 წლის ნოემბრის თვიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, მის მშობლებს - გა---------–--------------------------–----------ს განადგურების, საცხოვრებელი სახლისა და სხვა ქონების გადაწვის მუქარით აიძულებდა სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას, მათ შორის მისთვის ავტომობილის შეძენას, ასევე ბანკიდან სესხის აღებასა და სესხის სახით აღებული თანხის მისთვის გადაცემას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა-------------–-----------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეების: გ----- ღ--–----------ის, გ---- ღ--–----------ის, შ--–---- ნ----------ის, ლ------ კ--–----------ის, ს------ კ--–----------ის და ა---------- კ--–----------ის გამოკითხვის ოქნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ა-------------–-----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. პირის ფიზიკური იძულება გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, გათოკვას, ხელების გაკავებას და ა.შ., ხოლო ფსიქიკური იძლება გამოიხატება მუქარაში, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის, როგორც მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ასევე, სხვა სახის. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას.

 

დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა არ-----------–------------ დანაშაულებრივი ქმედება სწორედ მშობლების მიმართ განახორციელა, იგი გა---------–--------------------------–----------ს განადგურების, საცხოვრებელი სახლისა და სხვა ქონების გადაწვის მუქარით აიძულებდა სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას, მათ შორის მისთვის ავტომობილის შეძენას, ასევე ბანკიდან სესხის აღებასა და სესხის სახით აღებული თანხის მისთვის გადაცემას. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთ შეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტს. ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-------------–-----------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ არ-----------–------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-------------–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა-------------–-----------ს მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ერთის მხრივ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის აღნიშნული დანაშაულის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის ერთ-ერთი გზა; ამასთან, ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა არ-----------–------------ უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაზარალებულები შეურიგდნენ მსჯავრდებულს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა------------------------- განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ნამდვილი ნების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს ა-------------–-----------ს სათანადო ქცევას და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული მონიტორი (პაკეტის ნომერი FCI 509793, ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეს ა-------------------------; დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული სკამი (პაკეტის ნომერი FCI 509792, ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეებს - დაზარალებულებს გ--------------------–-----------ბს;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ა-------------–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. ა-------------–-----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

 

5. ა------------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 08 დეკემბრიდან - 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით;

 

6. პირობით სასჯელზე მსჯავრდებულ ა-------------–-----------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - შესაბამის პრობაციის ბიუროს;

 

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული მონიტორი (პაკეტის ნომერი FCI 509793, ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეს ა-------------------------;

 

დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული სკამი (პაკეტის ნომერი FCI 509792, ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეებს - დაზარალებულებს გ--------------------–-----------ბს;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი