განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118002396837
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-46-2019 7 მაისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - მ------ მ--------ე, გ--- ლ-----ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ჭ-------ე
წარმომადგენელი - ფ-------–---–---ე
მოპასუხე - შპს ბ---------ი
წარმომადგენელი - თ---------------–--ე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ---- ჭ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თორნიკე ავალიშვილის და კონსტანტინე ბურჯანაძის მიერ 2017 წლის 23 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. 3 ცალი მაგიდა, 2. 16 ცალი სკამი და 3. 2 ცალი Kelon-ის ფირმის კონდენციონერი (24-BTU და 48-BTU). მ------ მ--------ეს და გ--- ლ-----ს მოსარჩელე ლ---- ჭ-------ის სასარგებლოდ დაეკისრათ 170 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (120 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის). საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2014 წლის 04 დეკემბერს გ--- ლ-----ს და შპს „ბ---------„ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე დამქირავებლის დროებით სარგებლობაში გადავიდა ქ. ქუთაისში, ალ.პ--–---ის ქუჩა #10-ში მდებარე შენობის მხოლოდ 117.,60 კვმ სამეურნეო ფართი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მინიზთ. ხელშეკრულება დადებული იქნა 2020 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით. 2.2. 2014 წლის 04 დეკემბერს გ--- ლ-----ს და შპს „ბ---------„ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ--- ლ-----ს და შპს ბ--------- შორის 2014 წლის 04 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში ნაცვლად „გამქირავებლისა„ მიეთითა „მეიჯარე„, ნაცვლად „დამქირავებლისა„ მიეთითა „მოიჯარე„, ნაცვლად მეიჯარე „გ--- ლ-----ი„, მიეთითა „მარინა მ--------ე„. 2015 წლის 09 სექტემბრიდან მხარეებად იწოდებიან მეიჯარე „მ------ მ--------ე„ და მოიჯარე „შპს „კაფე-კინო ბ---------ი„. შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების 7.4. და 7.5. პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოიჯარის მიერ შეძენილი ქონება- ინვენტარი: აღჭურვილობა, ტექნიკა, ავეჯი, დანადგარები, მოძრავი ქონება და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში დარჩეს მოიჯარის მფლობელობაში და სურვლისამებრ მოახდინოს მისი დემონტაჟი და სასურველ ადგილას გადატანა. მეიჯარეს არ აქვს არანაირი კანონიერი უფლება მოიჯარის მიერ შეძენილ მოძრავი და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონების საკუთრებაში მფლობელობაზე. ხელშეკრულებაში შევიდა ასევე სხვა ცვლილებები. 2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით მოსარჩელე გ--- ლ-----ის და მ------ მ--------ის სარჩელის უზრუნველყოფი მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ბ---------„-ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას სრულად (მათ შორის: ინვენტარი, აღჭურვილობა, ტექნიკა, ავეჯი, სხვა მოძრავი ქონება და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონება), რომელიც განთავსებულია იჯარის ფართში- ქ. ქუთაისში, ალ.პ--–---ის ქუჩა #10-ში, ასევე ქონება- აგრეგატები, ჰაერის გამწოვი დანადგარები, წყლის ბაკი, რომელიც განთავსებულია მეიჯარის საკუთრებაში არსებულ ეზოში. შპს „ბ---------„ აეკრძალა ყადაღადადებული ქონების დემონტაჟი ან/და იჯარის ფართიდან გატანა. 2.4. 2017 წლის 23 მაისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ---------------–--ის მიერ, აღიწერა და ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, ალ. პ--–---ის ქუჩა #10-ში მდებარე მოძრავი ნივთები. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 23.05.2017წ აქტის თანახმად, კრედიტორია მ------ მ--------ე, ხოლო მოვალე შპს „ბ---------„ 2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული მოძრავი ქონება აუქციონის წესით რეალიზებას არ ექვემდებარება. 2.6. მოძრავი ნივთი სამი ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდენციონერი Kelon 24-BTU და კონდენციონერი Kelon 48-BTU წარმოადგენს მოსარჩელე ლ---- ჭ-------ის საკუთრებას. 3 მაგიდა და 16 სკამი დაამზადებინა და შეიძინა ლ---- ჭ-------ემ კაფე ბ---------ისათვის. Kelon-ის ფირმის კონდენციონერებზე ლ---- ჭ-------ის საკუთრება დასტურდება საგარანტიო ტალონით, ასევე 22.05.2015წ საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ 4 ხელშეკრულებით, რომლის თანახმად მოსარჩელე ლ---- ჭ-------ემ სასყიდლიანი კრედიტით 2015 წლის 22 მაისს სავაჭრო ობიექტში შპს „თელგი„-ში (ელიტ ელექტრონიქსი), შეიძინა კონდენციონერი Kelon 24-BTU და კონდენციონერი Kelon 48-BTU რაშიც გადახდილი იქნა 4625 ლარი. სადავო ნივთების ლ---- ჭ-------ის მიერ შეძენის ფაქტი მოპასუხე მხარე სადავოდ არ გაუხდია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა. 2.8. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44.1. მუხლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. კანონის 46-ე მუხლი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლება-მოვალეობებს, რომლის თანახმად პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; საქმეში არ არის წარმოდგენილი საზოგადოების წესდება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ქონებამ ასახვა ჰპოვა საწარმოს ბალანსზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორის ლ---- ჭ-------ის მიერ შეტანილი იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალში თავისი წილის შენატანით ან პროპორციულად საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით. ამდენად, სასამართლოც დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთებიდან (სამი ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდენციონერი Kelon 24-BTUდა კონდენციონერი Kelon 48-BTU) წარმოადგენდა მოსარჩელე ლ---- ჭ-------ის საკუთრებას. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე; ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 2.11. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ------ მ--------ემ და გ--- ლ-----მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად არ იმსჯელა, მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, არ მიიჩნია დადგენილად და უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის რომ შ.პ.ს. ,,ბ---------ი" წარმოადგენდა სადაო ნივთების მართლზომიერ მფლობელსა და მოსარგებლეს. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, უდავოდ იქნეს დადგენილი, რომ სადაო ნივთების შეძენის დღიდან ანუ 2015 წლის მაისიდან ვიდრე მათ დაყადაღებამდე შ.პ.ს. ,,ბ---------ი" წარმოადგენდა კეთილსინდისიერ/მართლზომიერ მფლობელს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უდავოდ მიიჩნია იჯარის ხელშეკრულების არსებობა, ვალდებული იყო ემსჯელა შ.პ.ს. ,,ბ---------ის" მიერ, როგორც უძრავი (იჯარის ფართის) ასევე, მოძრავი ნივთების (მათ შორის სადაო ნივთების) ფლობისა და სარგებლობის კეთილსინდისიერების თაობაზე, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლოს უნდა გაეკეთებია სათანადო სამართლებრივი დასკვნები. კერძოდ, შ.პ.ს. ,,ბ---------ი" წარმოადგენდა იჯარის ფართის მართლზომიერ მფლობელს და იქ განთავსებული მოძრავი ნივთების კეთილსინდისიერ/მართლზომიერ მფლობელსა და მოსარგებლეს, ეს გარემოება სადაოდ არ გაუხდია მხარეებს და მოპასუხეს შესაგებელიც ეფუძნებოდა ამ გარემოებას. 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა სადაო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 3 ცალი მაგიდისა და 16 ცალი სკამის მოსარჩელის მიერ შეძენის ან/და კუთვნილების ფაქტს, მოწმეც კი ვერ წარადგინა მხარემ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, შესაბამისად, სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება და მხოლოდ ამ უკანასკნელს დაეყრდნო აღნიშნული ნივთების კუთვნილების ფაქტის დასადგენად, მაშინ, როდესაც მოპასუხემ წარმოადგინა და მიუთითა მის საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე - 2014 წლის 04 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების ის პუნქტები (7.4 და მასში შეტანილი ცვლილება) სადაც საუბარია იჯარის ფართში შეტანილი მოძრავი ნივთების სამართლებრივ სტატუსზე და კუთვნილებაზე. 3.3. საქმეში წარმოდგენილია 2 ცალი კონდიციონერის შესყიდვის დოკუმენტი, რასაც სასამართლო უაპელაციოდ ეყრდნობა და ასკვნის, რომ აღნიშნული 2 ცალი კონდიციონერი ლ---- ჭ-------ის საკუთრებაა და არ განიხილავს ამ ნივთების დანიშნულებას, მათი განთავსების ადგილს, თუ რისთვის და ვისთვის იქნა შეძენილი, რომელი უძრავი ნივთის საკუთვნებელია და რა სამეურნეო დანიშნულება აქვს, სწორედ ამ გარემოებების გამოკვლევით შეიძლება სწორად დადგინდეს ამ ნივთების მიკუთვნებადობის საკითხი. რა თქმა უნდა შ.პ.ს. ,,ბ---------ის" წარმომადგენელი იცრუებს და იტყვის, რომ ეს ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და მოსარჩელეს ან შესაძლებელია სხვა პირს რაღაც ექნება ნაყიდი შ.პ.ს. ,,ბ---------ისათვის", რადგან კომპანიას კატიპალი არ გააჩნდა რასაც მისი დირექტორიც აღიარებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადაო ნივთების დანიშნულება. მითუმეტეს, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის 50% წილის მესაკუთრეა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად მოსარჩელეს წარმომადგენელმა მოპასუხის კითხვაზე, თუ რა დანიშნულებით იქნა შეძენილი ნივთები (კითხვა დაესვა უკანასკნელ სასამართლო სხდომაზე) აღიარა, რომ ეს ნივთები იქნა შეძენილი შ.პ.ს. ,,ბ---------ის" გამართული საქმიანობისათვის, შეძენის დღიდან გადაეცა მოპასუხეს, შ.პ.ს. ,,ბ---------ს" და ის არ შეძენილა პირადი მოხმარებისათვის. საქალაქო სასამართლო კონდიციონერების შეძენის ფაქტის დასადგენად ეყრდნობა შ.პ.ს. ,,თელგის" მიერ გაცემულ საგარანტიო ტალონს, სადაც გამყიდველის გრაფაში მითითებულია შ.პ.ს. ,,თელგი", ხოლო მყიდველის გრაფაში 1. ლ----ი ჭ-------ე, 2. მის.: ქუთაისი, პ--–---ის ქ. №10. ლ----ი ჭ-------ე არის შ.პ.ს. ,,ბ---------ის" 50% წილის მესაკუთრე, ხოლო მისამართი - პ--–---ის ქ. №10 არის იჯარის ფართის მისამართიც და შ.პ.ს. ,,ბ---------ის" იურიდიული მისამართიც, შესაბამისად უდავოა, რომ ლ---- ჭ-------ემ, როგორც კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, კომპანიისათვის შეიძინა ეს 2 კონდიციონერი, ასევე უდავოა ის გარემოება, რომ ლ---- ჭ-------ეს მის პირად ბინაში არ წაუღია პირადი მოხმარებისათვის კონდიციონერები, არამედ დაამონტაჟა იჯარის ფართში სამეწარმეო სამიანობისათვის და მის მერე ვიდრე სარჩელის დაყენებამდე ეს გარემოება სადაოდ არავის გაუხდია. მაშასადამდე, მტკიცებულებითაც კი დასტურდება ის ფაქტი, რომ 2 ცალი კონდიციონერი შეძენილია შ.პ.ს. ,,ბ---------ისათვის" და საქალაქო სასამართლო არასწორად და არასრულად იკვლევს 2015 წლის 25 მაისის საგარარანტიო ტალონს და აკეთებს არასწორ დასკვნებს. ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი რაც დაადგენდა ამ ნივთების შ.პ.ს.-სათვის დროებით გადაცემის სამართლებრივ საფუძველს და მისგან სარგებლის მიღებას (ნივთების შ.პ.ს.-სათვის მიქირავება და საკუთარი ნივთების მიქირავებისათვის და სარგებლობისათვის თანხის მიღებას), ამ მიმართულებით კი სასამართლომ მტკიცების ტვირთიც არასწორად გაანაწილა. ყველაფერი ამის შემდეგ ცალსახად უნდა დადგენილიყო ის გარემოება, რომ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნივთი შეიძინა კომპანიისათვის, გადასცა მას, დაამონტაჟდა შ.პ.ს.-ს მიერ ნაქირავებ ფართში, განკუთვნილი იყო მისი გამართული საქმიანობისათვის, წარმოადგენდა იჯარის ფართის საკუთვნებელს და იყო კომპანიის საკუთრება. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. ლ---- ჭ-------ის სასარჩელო მოთხოვნის განხილვა ამ ეტაპისათვის შეუძლებელია, რადგან ძირითადი საქმე (N2/1206-17) არ იმყოფება აღსრულების ეტაპზე, ანუ მოსარჩელეს ინტერესის ქვეშ არსებული ნივთები არ ქცეულა აღსრულების საგნად. შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი. ანუ მოსარჩელე ამ ვითარებაში ვერ გამოიყენებს ხსენებული ნორმით სარჩელის აღძვრის უფლებას, რადგან საქმე N2/1206-17-ზე არ დაწყებულა აღსრულება. 3.5. სასამართლომ ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (მეწარმეთა შესახებ კანონის 44-46 მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-40, 44-ე, 45-ე, 32-ე მუხლები), არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლები), რის შედეგადაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს ბ---------ი (მოპასუხე) დაფუძნდა 2014 წლის 3 დეკემბერს და, ამჟამად, მისი პარტნიორები არიან თ---------------–--ე და ლ---- ჭ-------ე (მოსარჩელე). ამასთან, თითოეულ პარტნიორს ეკუთვნის საზოგადოების წილის 50-50%. 4.1.1. მოპასუხის იურიდიული მისამართია, ქ. ქუთაისი, პ--–---ის ქ. 10. 4.2. გ--- ლ-----მა და მ------ მ--------ემ (აპელანტები) სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მათთვის თანხის დაკისრება მოითხოვეს. 4.3. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად, ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის იურიდიულ მისამართზე განთავსებულ მოძრავ ქონებას სრულად. მოპასუხეს აეკრძალა ყადაღადადებული ქონების დემონტაჟი და ფართიდან გატანა. 4.4. 2017 წლის 23 მაისს აღმასრულებელმა ეს განჩინება იძულებით აღასრულა და ყადაღა დაადო, მათ შორის, სხვადასხვა ფერის, რბილი ზედაპირის მქონე, ლითონის 16 სკამს, თეთრი ფერის ლითონის სამ ცალ მაგიდას და kelon-ის ფირმის 2 ცალ კონდიციონერს. 4.5. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 25 მაისს მოსარჩელემ 1 ცალი kelon-ის ფირმის კონდიციონერი (ქარხნული ნომერი - გ- 00 18 5977; შ - 185975) შეიძინა. 4.6. სხვა მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუშვებელი იყო. 4.7.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას, არა მარტო, სასამართლოს გადაწყვეტილებები, არამედ განჩინებებიც ექვემდებარება. 4.7.2. ამის შესაბამისად, კანონის 32-ე მუხლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საპროცესო საკითხსაც არეგულირებს. 4.7.3. ასეც რომ არ იყოს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრისათვის მისი განკარგვის აკრძალვას ნიშნავს. 4.7.4. ეს ნიშნავს, რომ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენება მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობაში ხელს უშლის. 4.7.5. ამიტომ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სარჩელის მატერიალური საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილია და მისი აღძვრა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან კავშირში არ არის. 4.8. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, აპელანტებს სარჩელზე კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენიათ, თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის 2018 წლის 15 ივნისს წარდგენილ განცხადებასა და მასზე თანდართულ მტკიცებულებებზე (ტ. მე-2, ს.ფ. 105) მიუთითეს. 4.8.1. ამ განცხადებით კი ისინი სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებასაც შეედავენ. 4.8.2. აღსანიშნავია, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების წარმოშობის ფაქტობრივი საფუძვლები სრულყოფილად არც მოსარჩელეს მიუთითებია. 4.8.3. ამის გამო, ზემოხსენებულ ფაქტზე აპელანტთა შედავება დასაშვებია. 4.9. პალატა ეთანხმება აპელანტებს, რომ საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შეცდომით გაანაწილა. 4.9.1. უდავოდ არის დადგენილი, რომ ყადაღადადებულ ნივთებს, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, ისე სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე ფლობდა. 4.9.2. მეტიც, თავად მოსარჩელის განმარტებით, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა და „საქართველოსთან, ოჯახთან და ახლობლებთან“ ხშირი კავშირი არ ჰქონია. 4.9.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. 4.9.4. ამ ნორმის შესაბამისად, იგულისხმება, რომ სადავო ნივთები მოპასუხეს ეკუთვნის. 4.9.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალებოდა; მას კი სკამების, მაგიდებისა ერთი ცალი კონდიციონერის შეძენისა და კუთვნილების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება წარმოუდგენია. 4.9.6. საგულისხმოა, რომ სკამებისა და მაგიდების შეძენის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ მოწმის დაკითხვა იშუამდგომლა, თუმცა მოგვიანებით, 2018 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე ამ შუამდგომლობაზე უარი განაცხადა. 4.10. ამრიგად, სკამების, მაგიდებისა ერთი ცალი კონდიციონერის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში სარჩელი სრულად დაუსაბუთებელი იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი. 4.11. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „სგარანტიო ტალონით“ დგინდება, რომ 2015 წლის 22 მაისს შეძენილი კონდიციონერი მოსარჩელემ ქუთაისში, პ--–---ის 10-ში, ე.ი. მოპასუხის იურიდიულ მისამართზე დაამონტაჟა. 4.11.1. ეს ნიშნავს, რომ, ყოველ შემთხვევაში, ყადაღადადებული კონდიციონერებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, გ- 00 18 5977; შ - 185975 - ქარხნული ნომრის მქონე კონდიციონერი, სავარაუდოდ, ის ნივთია, რომელიც მოსარჩელემ 2015 წლის 22 მაისს შეიძინა. 4.11.2. კონდიციონერის შეძენის დროისათვის მოსარჩელეს მოპასუხე საწარმოს წილი არ ეკუთვნოდა, თუმცა, ამჯერად, იგი მისი პარტნიორია. 4.11.3. მოსარჩელეს არც-ერთი ინსტანციის სასამართლოში დამაჯერებლად არ განუმარტავს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადასცა სადავო ქონება მოპასუხეს და არ წარმოუდგენია ამასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. 4.11.4. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ სადავო ნივთი 2015 წელს შეიძინა და იმთავითვე მოპასუხე საწარმოს ფართში დაამონტაჟა. „საგარანტიო ტალონით“ დგინდება, რომ შეძენილ ნივთს 2 წლიანი საგარანტიო ვადა ჰქონდა. ბუნებრივია, ეს ვადა 2017 წლის 25 მაისს ამოიწურა, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონდიციონერს მოპასუხე ფლობდა. მნიშვნელოვიანია, რომ სადავო ნივთის შესაძენად მოსარჩელემ კომერციულ ბანკთან სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა და სარგებელიც გადაიხადა. 4.11.5. ამ ვითარებაში, პალატას მოსარჩელის ჩვენება იმის თაობაზე, რომ კონდიციონერი დას ათხოვა, არასარწმუნოდ მიაჩნია. მითუმეტეს, რომ კონდიციონერის შეძენიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მისი და მოპასუხე საწარმოს პარტნიორი აღარც იყო. 4.11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 4.11.7. უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს კონდიციონერი ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა და მას რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ მოპასუხე ფლობდა. 4.11.8. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე ივარაუდება, რომ აღნიშნული კონდიციონერიც მოპასუხეს ეკუთვნოდა. ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. 4.12. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, მოსარჩელემ ვერც დარჩენილ ნივთზე უფლების არსებობა დაამტკიცა. 4.13. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ შეცდომით განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1 ნაწილი, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ------ მ--------ისა და გ--- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და ლ---- ჭ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ლ---- ჭ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, (120+50)/2=85 ლარი. 6.2. ასევე მას აპელანტების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 75 ლარის ანაზღაურება.
7. სარჩელის უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აიკრძალა ყადაღადადებული ნივთების, კერძოდ: 3 ცალი მაგიდის, 16 ცალი სკამის და 2 ცალი „კელონი“-ს ფირმის კასეტური კონდიციონერის აუქციონის წესით რეალიზაცია და მ------ მ--------ეს და გ--- ლ-----ს აეკრძალათ აღნიშნული ნივთებით სარგებლობა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. მ------ მ--------ისა და გ--- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ლ---- ჭ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ---- ჭ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 85 ლარი;
5. ლ---- ჭ-------ეს მ------ მ--------ისა და გ--- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა;
6. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აიკრძალა ყადაღადადებული ნივთების, კერძოდ: 3 ცალი მაგიდის, 16 ცალი სკამის და 2 ცალი „კელონი“-ს ფირმის კასეტური კონდიციონერის აუქციონის წესით რეალიზაცია და მ------ მ--------ეს და გ--- ლ-----ს აეკრძალათ აღნიშნული ნივთებით სარგებლობა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე