განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
330210117002138453
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002138453

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6002-18 18 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - „სს თ----------ი“

 

წარმომადგენელი - თ---------------–---–-, ნ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი---- ჭ-----ე, ს------- ც----------ი

 

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით „სს თ----------ის“ წარმომადგენელმა ი---- ჭ-----ისა და ს------- ც----------ის წინააღმდეგ მიმართა. სარჩელით მოთხოვნილ იქნა: საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3720.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3196.32 ლარი, პროცენტი - 243.63 ლარი, ჯარიმა - 270.96 ლარი და დაზღვევა 9.73 ლარი. 2017 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3196.32 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს -46.61 ლარს. 2017 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3196.32 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს -15.98 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა. საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 688.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 519.32 ლარი, პროცენტი - 35.75 ლარი, ჯარიმა - 131.87 ლარი და დაზღვევა 1.23 ლარი. 2017 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 519.32 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს -7.14 ლარს. 2017 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 519.32 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.59 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა. 2015 წლის 6 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 692.50 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 498.66 ლარი, პროცენტი - 74.18 ლარი და ჯარიმა - 119.66 ლარი. 2017 წლის 29 აგვისტოდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე -498.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 14.95 ლარს. 2017 წლის 29 აგვისტოდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე -498.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0,5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 250 ლარისა. ასევე, სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელემ 2017 წლის 2 ოქტომბრის ი---- ჭ-----ესა და ს------- ც----------ის შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ვ------------------კორპუსი N5,ბინა N5, საკადასტრო კოდით: 0----------------------) ბათილად ცნობა და მოპასუხე ი---- ჭ-----ის საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვა.

 

2. მოპასუხე ი---- ჭ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნო, ხოლო, მოპასუხე ს------- ც----------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი---- ჭ-----ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 3196.32 ლარის, პროცენტის - 243.63 ლარის, ჯარიმის - 27.09. ლარის და დაზღვევის 9.73 ლარის, 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე 3196.32 ლარზე წლიური 9% სარგებლის, რაც ყოველთვიურად შეადგენს 23.97 ლარი, 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე 3196.32 ლარზე პირგასამტეხლოს - 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1.59 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა, საბანკო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 519.32 ლარის, პროცენტის - 35.75 ლარის, ჯარიმის - 13.18 ლარისა და დაზღვევის - 1.23 ლარის, 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე 519.32 ლარზე წლიური 9%-ის სარგებლის, რაც ყოველთვიურად შეადგენს 3.89 ლარს, 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე 519.32 ლარზე პირგასამტეხლო 0.05%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.25 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა, 2015 წლის 6 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 498.66 ლარის, პროცენტის - 74.18 ლარის, ჯარიმის - 11.96 ლარის, 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის 498.66 ლარის წლიური 9% სარგებლის, რაც ყოველთვიურად შეადგენს 3.73 ლარს, 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე 498.66 ლარზე პირგასამტეხლოს 0.05%-ის, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.24 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 25 ლარისა გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მსესხებლის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით „სს თ----------მა“ გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. სს „თ----------სა“ და ი---- ჭ-----ეს შორის 2016 წლის 13 სექტემბერს საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება დაიდო და მსესხებელზე კრედიტი 3500 ლარის ოდენობით გაიცა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17.5%-ით განისაზღვრა (ს.ფ. 1-41).

 

6. სს „თ----------ის“ მიერ 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა და მისი დავალიანება 3720.64 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3196.32 ლარი, პროცენტი 243.63 ლარი, ჯარიმა 270.96 ლარი და დაზღვევა 9.73 ლარი (ს.ფ. 61-65, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

7. სს „თ----------სა“ და ი---- ჭ------ შორის 2016 წლის 14 დეკემბერს საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც წლიური საპროცენტო განაკვეთი 16.5%-ით განისაზღვრა (ს.ფ. 1-41).

 

8. სს „თ----------ის“ მიერ 2016 წლის 14 დეკემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა და მისი დავალიანება 688.17 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხაა 519.32 ლარი, პროცენტი - 35.75 ლარი, ჯარიმა - 131.87 ლარი და დაზღვევა 1.23 ლარი (ს.ფ. 61-65, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

9. სს „თ----------სა“ და ი---- ჭ-----ეს შორის 2015 წლის 6 ივლისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო და მოპასუხეზე საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით გაიცა. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით უნდა მომხდარიყო. დაანგარიშების თარიღად ყოველი თვის 3 რიცხვი განისაზღვრა (ს.ფ. 1-41).

 

10. სს „თ----------ის“ მიერ 2015 წლის 6 ივლისის საკრედიტო ბარათით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა და მისი დავალიანება 692.50 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 498.66 ლარი, პროცენტი -74.18 ლარი და ჯარიმა - 119.66 ლარი (ს.ფ. 61-65, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

აპელანტმა თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც არ/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მსჯელობის განვითარებას (ს.ფ. იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი)

 

11. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნით დაყენებული პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად იქნა შემცირებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ის აპელირება არ გამოდგება, რომ მოსარჩლისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებების პირობები რომელზეც ის ხელს აწერდა, შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული მსჯელობა გაზიარებული ვერ იქნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სარჩელის აღძვრამდე მხოლოდ რამდენიმე თვით არ შესრულებულა შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ძირითადი ვალდებულების მოცულობისა და კრედიტორის ინტერესებისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და მის შემცირებაზე უარის თქმის პირობებში იგი მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნებოდა, რაც სამოქალაქო კოდექსით პირგასამტეხლოს ინსტიტუტისთვის გათვალისწინებულ მიზნებსა და დანიშნულებას სცდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ 10 ჯერ მართებულად შემცირდა.

 

12. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნით დაყენებული მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ, წლიური 9%-ის ოდენობით, მართებულად დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო, კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ N--------------- ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთი წლიური 17.5%-ით დადგინდა, N--------------- ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი 16.5%-ით განისაზღვრა, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი 36%-ით შეთანხმდა (კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში).

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარედ საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც წესი, მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 17,5% და 16,5%-ის და 36%-ის დაკისრებას მოითხოვდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმები პრეზუმფციის (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს. კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება წარმოადგენს. ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე სს „თ----------ის“ მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის წლიური 16,5%, 17,5% და 36%-ის დაკისრებას არათუ ეწინააღმდეგება უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების კანონიერ დათქმას, არამედ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგთან და საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალის სტანდარტთან, ამიტომ პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეს წლიური 9%-ის ოდენობით მართებულად დაეკისრა და მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 2 ოქტომბრის ი---- ჭ-----ესა და ს------- ც----------ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ვ------------------ კორპუსი N5, ბინა N5, საკადასტრო კოდით: 0----------------------) ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტთან მიმართებით იხ. გადაწყვეტილების 20-ე პუნქტი) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-921-861-2017).

 

შესაბამისად, იმისათვის, რათა განსახილველ შემთხვევაში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გასხვისების მიზანი, ამ მოვლენის მესამე პირების მიერი აღქმა, მხარეთა ნება გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე და გარიგების გაფორმების შემდგომ განვითარებული მოვლენები.

 

ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის აპელირება ი---- ჭ-----ისა და ს------- ც----------ის ერთად, გასხვისებულ ქონებაში ცხოვრების შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ საპროცესო დოკუმენტაციის ჩაბარების შესახებ მტკიცებულებებით, დგინდება, რომ მოპასუხე ი---- ჭ-----ე არა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდულ ბინა N5-ში არამედ, ამავე მისამართზე მდებარე ბინა N8-ში ცხოვრობს. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს------- ც----------მა განმარტა, რომ მის მიერ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, 2017 წლის 02 ოქტომბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2017 წლის 28 სექტემბერს მან საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან მას სადავო ქონება სწორედ სესხად გაცემული თანხის სანაცვლოდ გადაუფორმეს. მითითებულ მსჯელობას ასევე, ადასტურებს მოპასუხე ი---- ჭ-----ის ახსნა-განმარტებაც, რომლითაც მან სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ ქონების შემძენთან არსებობდა სესხის ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის სარგებელი იყო გამსესხებლის - ს------- ც----------ის მიერ ბინის ფლობა. მოგვიანებით ი---- ჭ-----ემ გაზარდა აღებული სესხის ოდენობა, შესასრულებელი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, ჯერ იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო შემდეგ მან ვალდებულების შესასრულებლად იპოთეკის საგნის გადაფორმება გადაწყვიტა. სააპელაციო პალატა აღნიშნულ ახსნა-განმარტებებს, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს, დამაჯერებლად და განკუთვნადად მიიჩნევს და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად, რომლითაც მოპასუხეების ერთ სახლში ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება, მიიჩნევს რომ სადავო გარიგება მოჩვენებით ხასიათს არ ატარებდა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა მიერ ვალდებულების დაფარვის მიზნით უძრავი ქონების გასხვისების ერთობლივი მოტივი, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს აპელანტი სს „თ----------ის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 236,95 ლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-795-849-2011).

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. საქმის მასალების გაცნობის, დავის კატეგორიისა და იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედებების გათვალისწინებით რაც დავის მიმდინარეობისას წარმომადგენლებმა განახორციელეს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და მოპასუხეებს ადვოკატისთვის გადახდილი თანხის - 236,95 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრათ.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სს „თ----------ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 310 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე, მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

ბესარიონ ტაბაღუა