განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015001025187
საქმე №2ბ/5138-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - სს „თ------“
წარმომადგენელი - ვ------- მ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს----- მ-------ი
წარმოამდგენელი - ლ--–- თ------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღევბით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,თ------ს“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს ”თ------ს” სააბონენტო ნომერი №------- რეგისტრირებულია რ------– მ-------ის სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - აბონენტის ბრუნვის ისტორია;
2.2. სს ''თ------ა'' და აბონენტ №------- (ქ. თბილისი, მ--–---ის მ----–------------) შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც სს ''თ------'' ამარაგებს აბონენტს ელექტროენერგიით და აბონენტი ხელშეკრულების საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 15.06.2017წ. სასამართლო სდომის ოქმი)
2.3. რ------– მ-------ს (აბონენტის N-------) დარიცხული აქვს 22.03.2013 წლამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, ჯამში 6499.03 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 14-18);
- ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ. 19).
2.4. რ------– მ-------მა არ შეასრულა ვალდებულებები და დაარღვია ელექტროენერგიის საფასურის დროულად გადახდის პირობა. რ------– მ-------ს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ნება 07.04.2009 წლის შემდგომ არ გამოუვლენია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.14-18);
2.5. 2013 წლის 22 მარტს მოპასუხე ს----- მ-------სა და სს „თ------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც ს----- მ-------მა აღიარა რ------– მ-------ის ხანდაზმული ვალდებულება - 6499.03 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ. 19).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. მოპასუხე ს----- მ-------ის მიერ 2013 წლის 22 მარტს გამოვლენილი ნება რ------– მ-------ის ხანდაზმული ვალდებულების აღიარების თაობაზე არის ბათილი და მას სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია. ს----- მ-------ის მიერ ვალდებულების აღიარება არ შეიძლება შეფასდეს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, ვინაიდან იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს უფლებამოსილ პირად, რომელსაც შეეძლო ეღიარებინა რ------– მ-------ის ხანდაზმული ვალდებულების არსებობა.
2.7. მოპასუხე ს----- მ-------მა ხანდაზმული ვალდებულება აღიარა მოსარჩელე ორგანიზაციის უკანონო ქმედების საფუძველზე, სახელდობრ სს „თ------ს“ მიერ შეწყვეტილი იქნა აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც მოპასუხე მხარე იძულებული გახდა ეღიარებინა ხანდაზმული დავალიანება, რაც „ე-–-------------------------–-----------–------------------------------–-----ს“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–- კომისიის 2008 წლის 1------------------ დადგენილების 12.4 მუხლზე დაყრდნობით წარმოადგენს მოსარჩელე კომპნაიის მხრიდან კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას. საგულისხმოა ასევე, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 14-18);
- ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ. 19).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.06.2017წ. სასამართლო სდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი)
2.8. სს „თ------ს“ აბონენტის N------- მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 6499.03 ლარის ფარგლებში ხანდაზმულია. გასულია კრედიტორის მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 14-18);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 15.06..2017წ. სასამართლო სდომის ოქმი)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც (მუხლი 316.1). ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სახეზეა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას ამ სახის ურთიერთობაში წარმოადგენს აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. აბონენტს კი ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება დადგენილი წესითა და ოდენობით.
,,--–------------------------–----------–----------------------------–------’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–- კომისიის 1----------–-–------ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ გამოიხატება, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
სწორედ ეს ორი ვალდებულებაა ნასყიდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (მუხლი 361.2).
სს ,,თ------ს“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ,---–------------------------–-----------–------------------------------–-----------------–------–------- საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–-----------------–-–---------------------- დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად); საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელქტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ნასყიდობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობა ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე არსებობს სს „თ------ა“ და რ------– მ-------ს შორის.
რაც შეეხება, მოპასუხე ს----- მ-------ის ვალდებულების საკითხს იგი გამომდირეობს 2013 წლის 22 მარტის ხელშეკრულებიდან - „დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარემ იკისრა რ------– მ-------ის ხანდაზმული დავალიანების გადახდის ვალდებულება, რაც მოსარჩელე მხარის მითითებით წარმოშობს ს----- მ-------ის ვალდებულებას და იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.
სსკ-ს 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.
სსკ-ს 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
მართალია, სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხე ს----- მ-------ის მხრიდან ვალის აღიარება, ამასთან დაცულია კანონმდებლის მიერ დადგენილი წერილობითი ფორმა, თუმცა სადავო საკითხს წარმოადგენს ს----- მ-------ის უფლებამოსილების საკითხი, ის თუ რამდენად შეიძლება მიჩნეული იქნეს მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება რ------– მ-------ის ხანდაზმული ვალდებულების შემწვეტად.
სასამართლომ მიუთითა, რომ გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ (სსკ-ს 50 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში ს----- მ-------ის მიერ ვალის არსებობა აღიარებულია 2013 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ბათილი გარიგების შემდეგ სახეებს: 1) უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება; 2) საცილო გარიგებები (შეცდომით, მოტყუებით, იძულებით დადებული გარიგებები) და 3) მერყევად ბათილი გარიგება, სწორედ მერყევად ბათილ გარიგებათა ტიპს მიეკუთვნება არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი ნება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებულია უფლებამოსილი პირის წინასწარ ნებართვასა, თუ მოწონებაზე (სსკ-ს 99, 100, 101 მუხლები). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა უფლებამოსილი პირის რ------– მ-------ის ნებართვა თუ მოწონება ს----- მ-------ის მიერ ვალდებულების აღიარების საკითხთან მიმართებით.
„ე-–------------------------–----------–---------------------------–------“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–- კომისიის 2008 წლის 1------------------ დადგენილების 12.4 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, სსკ-ს შესაბამისად გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება სსკ-ს 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით. ასეთ შემთხევვაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისაგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მომარაგება დავის დასრულებამდე.
ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება ელექტროენერგიის შეწყვეტის, აგრეთვე უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება ხანდაზმული დავალიანების აღიარების მიზნით. საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავალიანების წარმოშობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს სადავო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ს----- მ-------ისათვის დავალიანების ხანდაზმულობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ფაქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო ს----- მ-------ის მიერ გამოვლენილ ნებას არ აღიქვავს სამართლებრივად ვარგისად, შესაბამისად მას არ უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა თუ შეწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აბონენტს N------- ერიცხება დავალიანება მოსარჩელე სს „თ------ს“ მიმართ, თუმცა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული.
სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს, ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი განმარტავს, 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „თ------ს,, სარჩელი და მოპასუხე განთავისუფლებულ ხელშეკრულებით გადანაწილებული 6499.03 ლარის გადახდისგან. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ელექტროენერგიის არ მიწოდების მოტივით ხანდაზმული დავალიანების იძულებით აღიარება და ამის საფუძველზე დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმება.
აპელანტს მიაჩნია, რომ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან სახეზეა დავალიანების აღიარება და რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და მასზე არანაირი ხანდაზმულობის ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, როცა 2013 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების დროს მოპასუხის დავალიანება არ ყოფილა ხანდაზმული. სს „თ------“ და მოწინააღმდეგე მხარე ს----- მ-------ი ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან სახელშეკრულებო - ურთიერთობაში. სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიით მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვები ხორციელდებოდა 2010 წლის ოქტომბრის თვემდე, დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს 2013 წლის 22 მარტის მდგომარეობით დავალიანება ხანდაზმული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხანდაზმული დავალიანების იძულებით აღიარებასთან და ელექტროენერგიის არ მიწოდების მოტივით დავალიანების - რესტრუქტურიზაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის და დავალიანების ჩამოწერის მიმართებაში სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
3.2. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 15 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული #2/12806-15 გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია არ შეიცავს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების წინაპირობებს. გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის ა, ბ, გ და 394-ე მუხლის ე პუნქტის დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტის შეფასებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია და არ შეესაბამება რეალობას, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში სს „თ------ს,, მოთხოვნას წარმოადგენდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანების დაკისრება და არა ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გასცდა დისპოზიციურობის ფარგლებს, რადგან მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი ვიდრე ის ითხოვდა და დააკმაყოფილა ის, რასაც მხარე საერთოდ არ ითხოვდა. მხარეს თუ გააჩნდა ხელშეკრულებასთან სადაო საკითხები მას შეეძლო გამოეყენებინა საპროცესო უფლებები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ხელშეკრულება ან/და წარმოედგინა შეგებებული სარჩელი, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო გადაწყვეტილებაში მსჯელობისას აქცენტს აკეთებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც არ ყოფილა სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, გადაწყვეტილების საქართველოს - სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.9. პუნქტები).
4.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ს----- მ-------ს სს „თ------ს“ სასარგებლოდ დავალიანებული თანხა 6499.03 ლარი არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან მიუხედავად აღნიშნული თანხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით აღიარებისა, მითითებული თანხის დაკისრების წინაპირობა არ არსებობს.
აღნიშნული დასკვნის ფაქტობრივი საფუძველია ის გარემოება, რომ ს----- მ-------სა და სს „თ------“ შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ხანდაზმული დავალიანების აღიარების ნაწილში, ბათილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმის თანახმად, არ შეიძლება ნამდვილი იყოს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება უნდა არსებობდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინება საქმეზე №ას-15-15-2016, 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-28-25-2017, 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1106-1026-2017, და ამავე სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-375-352-2014.)
მხარეთა შორის სადავო გარემოებებს, როგორც დავალიანების ხანდაზმულობა, ისე აღნიშნულ ნაწილში ვალის არსებობის აღიარების ფაქტის ნამდვილობა წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, უპირველესად, გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების კანონშესაბამისობა და შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების წინაპირობების კვლევა წარმოადგენს.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ს----- მ-------სა და სს „თ------“ შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, თავისი არსით, ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების ხელშეკრულებაა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის რეგულირებიდან გამომდინარე, ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, რომლის, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. შესაბამისად, ვალის აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ვალდებულებას წარმოშობს, მიუხედავად აღიარებამდე არსებული ვალდებულების ხანდაზმულობისა, ბათილობისა და ა. შ. ამდენად, დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების, როგორც ვალის აღიარების კონტექსტში დამოუკიდებელი გარიგების ინდიკატორია ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ნამდვილია, მიუხედავად იმისა, ნამდვილია, თუ არა ის გარიგება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებაც მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ცნო(Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II/2, Besinderer Teil, C.H. Beck, München, 1994, S.27).
ამავდროულად, იმისათვის, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებამ, როგორც დამოუკიდებელმა გარიგებამ, ვალდებულება წარმოშვას, აუცილებელია, რომ პირი, რომელიც ვალს აღიარებს, აღნიშნული ვალდებულების არსს აცნობიერებდეს. მით უფრო, თუ ვალის აღიარების ხელშეკრულება ელექტრო ენერგიის მომარაგებას ეხება, რა დროსაც ხელშეკრულების ერთ მხარეს დომინანტი მეწარმე სუბიექტია, ხოლო მეორე მხარეს მომხმარებელი, მოხმარების საგანი კი - პირველადი, სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამ მიმართებით, საყურადღებოა, რომ აპელანტს აქვს სრული კანონისმიერი რესურსი მოსარჩელის ელექტრომომარაგებაზე ზემოქმედება მოახდინოს. 2013 წლის 22 მარტის განცხადებით დგინდება, რომ ს----- მ-------მა იკისრა რ------– მ-------ის ხანდაზმული დავალიანების აღიარება, ასევე უდავო გარემოებაა, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ს----- მ-------ს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რის გამოც მოპასუხე მხარე იძულებული იყო ეღიარებინა ხანდაზმული დავალიანება და მას ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღუდგა (იხ.აბონენტის ბრუნვის ისტორია; ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ; მხარეთა ახსნა-განმარტება 15.06.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15/06 სხდომის ოქმი; ტომი 1, ს.ფ. 14-19).
ამასთან, „ე-–------------------------–----------–---------------------------–------“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება - შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
პალატა მიიჩნევს, რომ გადაუხდელი ხანდაზმული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოვლენილი ნების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მხედველობაში მიღება, რამაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვია, კერძოდ, მხარე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, თუ დარჩენილიყო ელექტროენერგიის გარეშე, რაც არსებობისათვის მეტად მძიმე კომუნალურ პირობებს უქადდა. მითითებული გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებით სოციალური სამართლიანობის პრინციპი დაირღვა, რადგან მოპასუხისთვის ცივილიზებული ცხოვრებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსის მიღების საშუალებად სადავო ხელშეკრულების გაფორმება იქნა გამოყენებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-641-641-2018, ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქმეზე ას-208-197-2017).
ამგვარი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგება კი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილია, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება. აღნიშნულ მსჯელობაზე გავლენას ვერ მოახდენს აპელანტის მითითება მასზედ, რომ მოპასუხემ არა მხოლოდ აღიარა სადავო დავალიანება, არამედ დაიწყო მისი გადახდა, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა და შეცილების უფლება დაკარგა ან/და ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის ქვითარზე დავალიანება მითითებულია, რადგან ნების გამოვლენა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად არ მომხდარა და ქვითარზე დავალიანების მითითება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, რომელსაც სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, დავალიანების ხანდაზმულობის შესახებ მიწოდებულ ადექვატურ ინფორმაციად ვერ იქნება მიჩნეული.
4.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მომხმარებელთა უფლებების სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიმოხილვას.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. დარგობრივი პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის სტანდარტებთან. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებასაც გულისხმობს, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას და ა.შ.
განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (), რომლის მიერ დანერგილი პრინციპების იმპლემენტაცია, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ივალდებულა. დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრის განვითარებას მომხმარებელთა იმ სამართლებრივი და ეკონომიკური რისკებისგან დაცვის გზით, რომელიც შემთავაზებელმა, როგორც უკეთ ინფორმირებულმა/უფრო ძლიერმა ბაზრის მოთამაშემ, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით ხელშეკრულების უფრო სუსტ მხარესთან - მომხმარებელთან შეიძლება გადაამისამართოს. ასეთ დროს მომხმარებლებს, როგორც წესი, წართმეული აქვთ შესაძლებლობა, სერვისის მიმწოდებელს/მეწარმეს მოელაპარაკოს ან/და სტანდარტული პირობები მოლაპარაკების საგნად აქციოს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, იმისათვის, რათა სტანდარტული პირობა ბათილად არ იქნეს მიჩნეული, იგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, უნდა იყოს სამართლიანი (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანობა გულისხმობს აშკარა დისბალანსის არარსებობას. მომხმარებლის საუარესოდ აშკარა დისბალანსის ცნება კი ნიშნავს პირობების გაანალიზებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მხედველობაში მიღების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რათა დადგინდეს დადებული გარიგება მომხმარებელს ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თუ არა, და თუ აყენებს, მაშინ, რა დოზით. იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივი შეფასების შედეგად დადგინდება პირობის უსამართლობა, მაშინ მომხმარებელს უნდა მიეცეს ასეთი პირობის შემდგომში გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის უფლებაც) და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მიღებული (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად მხარეთა შორის უფლებრივი დისბალანსი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით წარმოიშვა, თუ არა, უნდა შეფასდეს მიმწოდებელს/გამყიდველს, სამართლიანი/თანაბარი მოლაპარაკების წარმოების პირობებში, შეეძლო ევარაუდა, თუ არა, რომ მომხმარებელი იგივე პირობას იმ შემთხვევაშიც დაეთანხმებოდა, თუ მათი შეთანხმება მხარეთა მიერ პირადად/ინდივიდუალურად იქნებოდა შეთანხმებული) (დირექტივის 3.1 მუხლი). ასევე დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად, კონკრეტული პირობის შეფასების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს მიწოდებული საქონლის/სერვისის ბუნებას და ხელშეკრულების დადების დროს არსებულ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემო-პირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ხელშეკრულება დაიდო.
დირექტივით მომხმარებელთა დასაცავად სამი ძირითადი მექანიზმია გათვალისწინებული, 1) როდესაც პირობა ცალსახად არასამართლიანი არაა, თუმცა, ორაზროვანია/ბუნდოვანია ან/და მისი შინაარსი საეჭვოა, ასეთი პირობა ყოველთვის მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (5.1 მუხლი), 2) არასამართლიანი სტანდარტული პირობა უპირობოდ ბათილია, იგი დადების მომენტიდან, მომხმარებლისთვის სავალდებულოდ არ ითვლება, აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პირობის ბათილობას არ ითხოვს (მე-6 მუხლი) C-137-08 (49-ე პარაგრაფი) და 3) მომხმარებელს, რომელიც თავს არასამართლიანი პირობის მსხვერპლად გრძნობს, უფლება აქვს არასამართლიანი პირობებისგან დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმით ისარგებლოს. ამ მიმართებით ძალიან საინტერესოა დირექტივის ნოვაცია, რომლის ძალითაც, თუ მომხმარებელი არასამართლიანი პირობის შემდგომი გამოყენების აკრძალვის შესახებ მოთხოვნას დააყენებს, პირობა ბათილად ითვლება არა მხოლოდ ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის, არამედ ყველა სხვა ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც მიმწოდებელთან იდენტური შინაარსის ხელშეკრულება აქვს დადებული (მუხლი 7.2 და 7.3 ასევე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C-472-10).
მომხმარებელთა დაცვის მიზნებისთვის, ასევე ყურადსაღებია მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიც. დირექტივის თანახმად, მიმწოდებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადავო პირობა არ არის უსამართლო სტანდარტული პირობა. ასევე, საქმეზე C 243/08 (პარაგრაფი 28) ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ მომხმარებელი თავისუფლდება ამტკიცოს, რომ იგი უსამართლო სტანდარტული პირობებით არ იბოჭება, ამგვარი მტკიცების გარეშეც, უსამართლო სტანდარტული პირობა მისთვის სავალდებულო არაა.
წინამდებარე განჩინებაში სასამართლომ უსამართლო ხელშეკრულების პირობის განმარტება ეროვნული და საუკეთესო ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით მოახდინა, რათა მომხმარებლის (ს----- მ-------ის) უფლებები ძლიერ მხარესთან (ელექტროენერგიის მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანია) მიმართებით მეტად დაცული ყოფილიყო, რაც თავის მხრივ, სოციალური სამართლიანობისა და კონტრაჰენტების კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას ემსახურება.
4.4. ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯ---–---–- პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......“.
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს...“ (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი მსჯელობის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა (6499.03 ლარი) სარჩელის აღძვრის მომენტში ხანდაზმული იყო, ხოლო რესტრუქტურიზაცია მხარისათვის რესტრუქტურიზაციის ხელშკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ წარმოშობს და ხანდაზმულობის ვადის დენას თავიდან არ იწყებს, ვინაიდან, მხარემ ისე აღიარა ხანდაზმული დავალიანება, რომ მას, როგორც მომხმარებელს, არ მიეწოდა სრული და ჯეროვანი ინფორმაცია, რომ რომ იგი ახალი გარიგებით, კერძოდ, რესტრუქტურიზაციით, რომელიც, თავისი არსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტში, ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს, ისეთ დავალიანებას აღიარებდა, რომელიც ე.წ. „ნატურალურ“, ანუ ხანდაზმულ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის არგუმენტზე დაყრდნობით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. შესაბამისად, მხარემ ახალი ხელშეკრულებით იკისრა იმ ძველი დავალიანების გადახდის ვალდებულება, რომელიც ხანდაზმული იყო და წარმოადგენდა სხვა პირის რ------– მ-------ის დავალიანებას.
4.5. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალის აღიარება და ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული მოქმედება თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მოხდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 144-ე მუხლების დისპოზიციით გათვალისწინებულ წინაპირობებს შექმნიდა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 259,96 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე