განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002333552
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2ბ/4135-18 13 მარტი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - გ------ი მ---------
წარმომადგენელი - ა---------–----------
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--------------------------–----ი“
წარმომადგენელი - გ-----------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ------ი მ---------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს--------------------------–----ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, აგროდაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 50 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, გ------ი მ---------- სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გ------ი მ---------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 22 ივნისს გ------ი მ---------მ სს „ს--------------------------–----ს“ მოსავლის დაზღვევის განაცხადით მიმართა, რომლითაც კახეთში, ლ---------- რაიონის სოფ. ხ--–------–- მდებარე 5 ჰა. მიწის ნაკვეთზე საზამთროს მოსავლის დაზღვევა მოითხოვა. განაცხადის საფუძველზე, მოპასუხემ N------- სადაზღვევო პოლისი გასცა. სადაზღვევო პერიოდი 2017 წლის 22 ივნისიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე განისაზღვრა. სადაზღვევო ლიმიტი - 50 000 ლარით შეთანხმდა. ხელშეკრულება 10% ფრანშიზას ითვალისწინებდა. სადაზღვევო რისკი სეტყვას, ქარიშხალს, წყალდიდობასა და საშემოდგომო ყინვას მოიცავდა. დაზღვევის პოლისი, დაზღვევის განაცხადი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის N648 განკარგულებით დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა ერთიანად დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენდა. მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემია გადაიხადა (ს.ფ. 1-76).
6. დაზღვევის პირობების 3.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დამზღვევი ან მოსარგებლე ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ზარით შეატყობინოს. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში დამზღვევი წერილობითი განცხადებით მიმართავს მზღვეველს. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს (ს.ფ. 15-18).
7. 2017 წლის 9 ივლისს ლ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი სეტყვა და ძლიერი ქარი დაფიქსირდა (ს.ფ. 19).
8. 2017 წლის 19 ივლისს მოსარჩელემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა მოპასუხეს, რომ 2017 წლის 9 ივლისს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, დაზღვეული საზამთროს მოსავალი დაზიანდა. მოსარჩელეს ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია 5 დღის ვადაში წერილობით მოპასუხისათვის არ მიუწოდებია (მხარეთა ახსნა-განმარტება).
9. 2017 წლის 17 აგვისტოს წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით უთხრა, რომ მას სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათში არ მიუმართავს და 5 სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც მოპასუხეს ნაკვეთის ინსპექტირებისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებიდან ათავისუფლებდა (ს.ფ. 75).
10. მოპასუხის 2017 წლის 03 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე, ამასთან ეცნობა, რომ მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან სს „ს--------------------------–----ს“ 10 კალენდარული დღის დაგვიანებით მიმართა, გარდა ამისა, მზღვეველი ვერ გაითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან დასკვნაში ექსპერტი მიუთითებდა, რომ სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზიანის დადგენისათვის პირველადი საველე შეფასება შემთხვევიდან 8-10 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, ხანდაზმულობის გამო მათ მიერ რეალობის ობიექტურად ასახვა ვერ მოხდა (ს.ფ. 76, 20-27).
11. 2017 წლის 09 ივლისის სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად გ------ი მ---------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებული საზამთრო სრულად განადგურდა (ს.ფ. 20-27, პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2018 წლის 20 აპრილის სასამართლოს ზეპირი სხდომის ოქმი, ექსპერტის ჩვენება).
12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიისთვის დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დამზღვევი ან მოსარგებლე ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ზარით შეატყობინოს. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში დამზღვევი წერილობითი განცხადებით მიმართავს მზღვეველს. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს ადგენს. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა, რომ დაზღვეულმა პირმა დაარღვია, როგორც სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების, ასევე ხუთ დღეში საიდენტიფიკაციო მონაცემების მიწოდების ვალდებულება, რაც სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ორი სახის შესაგებელს აყენებდა, პირველი - მიუთითებდა, რომ დაზღვეულის მიერ შეტყობინების ვადა იყო დარღვეული, რაც მათ ვალდებულების ანაზღაურებისგან ათავისუფლებდა, და მეორე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეტყობინების ვადა დარღვეული არ იქნებოდა, ზიანის გამოთვლა მთავრობის განკარგულების შესაბამისად არ მომხდარა, რაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, პირველ ეტაპზე, მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების შესრულების დადგენა, მისი დარღვევის შემთხვევაში კი, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლების მართლზომიერების შემოწმება წარმოადგენს. აღნიშნული საკითხების გამოკვლევის შემდეგ, სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს დაზღვეული პირის, როგორც მომხმარებლის ინფორმირებულობის სტანდარტი, მისთვის საქართველოს მთავრობის N648 დადგენილებით ქცევის განსაზღვრული წესით მოქმედების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს, სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება, თუ არა.
13. პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------ი მ---------- მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ცალსახად არ ათავისუფლებდა.
სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. აღნიშნული კანონისმიერი დათქმის იმპლემენტაცია მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც მოხდა და მხარეებმა სადაზღვევო შემთხვევის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება 24 საათს დაუკავშირეს, ხოლო, შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაზუსტების ვალდებულება შეათანხმეს, რათა დამზღვევს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის შესახებ დათვალიერების აქტის შედგენა შესძლებოდა. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა და გარემოს დაცვის სააგენტოს წერილითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 9 ივლისს ლ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი სეტყვა და ძლიერი ქარი დაფიქსირდა. მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ 24 საათში სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება შესრულებული არ იქნა. გ------ი მ---------მ სადაზღვევო კომპანიაში დაახლოებით 2017 წლის 19 ივლისს დარეკა, რა დროსაც მას განუცხადეს, რომ დარღვეული ჰქონდა შეტყობინების ვადა, რაც სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, მართალია, მზღვეველის მიერ შეტყობინების ვალდებულება დაირღვა, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. აღნიშნული ნორმა დაზღვეული პირის დამცავი ნორმაა, კერძოდ, ბათილია ისეთი შეთანხმება, რომლითაც მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუკი სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევას არსებითად არ შეულახავს სადაზღვევო კომპანიის ინტერესები. არსებითი დარღვევის განმარტებისას მნიშვნელოვანია causa proxima-ს გათვალისწინება. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, რა თქმა უნდა, მზღვეველი ზიანის მაქსიმალური შემცირებით არის დაინტერესებული. შესაბამისად, თუ მას ერთმევა უფლება, განახორციელოს ზიანის შესამცირებლად აუცილებელი ღონისძიებები და ამის გამო თავად განიცდის ზიანს, დარღვევა არსებითად ჩაითვლება. მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ დარღვევა არსებითი იყო. მზღვეველის ინტერესის არსებითი დარღვევის დადგენა საბოლოოდ სასამართლოს კომპეტენციაა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცების საფუძველზე ხორციელდება.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ინსპექტირების დროს საზამთროს ბაღში არსებული ნაყოფების სეტყვისგან მექანიკური დაზიანების გამო, ბაღს საბაზრო ღირებულება არ აქვს და არსებული მოსავალი განადგურებულია. ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა სავეგეტაციო ნაწილების ფოთლების, ნაყოფების მექანიკური დაზიანება სეტყვისგან, ამავე დროს რადიაციული ამწვრობა მაღალი ტემპერატურის გამო. ასევე აღნიშნულია, რომ ბაღჩეული კულტურის სეტყვისა და ქარიშხლის მიერ მიყენებული ზიანის დადგენისათვის პირველადი საველე შეფასება უნდა ჩატარდეს შემთხვევიდან 8-10 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ხანდაზმულობის გამო ვერ მოხდა რეალობის ობიექტურად ასახვა და შეფასება. ინსპექტირების დროს ბაღში არსებულ ნაყოფებს არ აქვს საბაზრო ღირებულება და მოსავალი განადგურებულია. ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი დასკვნების დასაზუსტებლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეპირ სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტი ნ----–-------------- გამოიკითხა. მან ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ადგილზე დახვდათ ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ნაყოფები. ეტყობოდა მექანიკური დაზიანების კვალი, იმდენად იყო დაზიანებული, რომ აღდგენა შეუძლებელი იყო... ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ 8-10 დღე არის მეთოდოლოგიის ნაწილი, ესაა პერიოდი, როცა შეიძლება დადგენა, შესაძლებელია თუ არა მოსავლის ნაწილის გადარჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ამ ვადის გასვლის შემდგომ იკარგება კვალი, რა პროცენტია დაზიანებული. თუ დაზიანდა 60%-ზე მეტად, მოსავლის გადარჩენის ალბათობა მცირეა (20.04.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 14:27:23), ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ სადავო მოსავლის შემთხვევაში, არსებული ნიშნებით, პირველ საათშიც რომ ენახა ვინმეს, მოსავალს ვერ გადაარჩენდა, ერთადერთი გამოსავალი იყო, აღებულიყო არსებული ნათესები და ახალი ბარდის დათესვა განხორციელებულიყო.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გ------ი მ--------- 24 საათში სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინებას მიაწვდიდა სადაზღვევო კომპანიას, მის მიერ ზიანის შემცირებისა და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ინტერესების დაცვის შესაძლებლობა გამორიცხული იყო, ვინაიდან ბუნებრივი კატაკლიზმის (სეტყვის) გამო, მოსავალი 100%-ით იყო განადგურებული და მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სახეზე არ იყო მზღვეველისთვის არსებითი ზიანის დადგომის საფრთხე, რაც მის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამოქმედებას იწვევდა და მხოლოდ შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ვერ გათავისუფლდებოდა.
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გ------ი მ---------ს ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის საჭირო მოქმედებების შესრულებისა და რელევანტური დოკუმენტაციის შესახებ წარმოდგენის შესახებ სათანადო ინფორმაცია არ მისწოდებია.
სააპელაციო სასამართლო მიერ დადგინდა, რომ გ------ი მ---------- მიერ 24 საათის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა სადაზღვევო კომპანიას ცალსახად ზიანის ვალდებულების ანაზღაურებისგან არ ათავისუფლებდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე უნდა დადგინდეს სს „ს--------------------------–----მა“ მისთვის სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული შესაძლებლობა გამოიყენა, თუ არა. აღნიშნული დანაწესის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მართალია, აღნიშნული დანაწესი უფლების მიმნიჭებელი ნორმაა და სადაზღვევო კომპანიას რაიმე ვალდებულებას არ უწესებს, თუმცა, ამ დანაწესის შესრულება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან კეთილსინდისიერი მოქმედების თაობაზე პრეზუმფციას ქმნის და მის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს.
ნიშანდობლივია, რომ აგროდაზღვევა სადაზღვევო ურთიერთობების სპეციფიურ სფეროს წარმოადგენს, რომლის პირობები განისაზღვრება არა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, არამედ რეგლამენტირებულია ნორმატიულადაც - საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის N648 განკარგულებით. სწორედ ამ ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა და ჩამოყალიბებულია ზიანის გაანგარიშების სპეციალური წესი.
მხარეთა შორის გაფორმებულ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა, რომ დაზღვევის პოლისი, დაზღვევის განაცხადი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის N648 განკარგულებით დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა ერთობლიობაში დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენდა.
სტანდარტულ პირობებად ითვლება ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ცალმხრივად წინასწარ შემუშავებული პირობები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული და მზა სახით არის შეთავაზებული მეორე მხარისთვის, ე.წ. „ფორმულარის“ სახით. პალატას მიიჩნია, რომ აღნიშნული დათქმა სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მიზნებისთვის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას წარმოადგენს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი რეგულირების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, ცალკეული პირობა წინასწარ ჩამოყალიბებული და მხარისთვის შეთავაზებულია, თუ - მხარეთა შორის ინდივიდუალურადაა შეთანხმებული. შესაძლებელია, ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა იყოს სტანდარტული, ზოგი კი - ინდივიდუალურად შეთანხმებული. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა წარმოადგენს მომხმარებლის დამატებითი საფრთხეების უზრუნველყოფის გარანტიას, რადგან შეთანხმება, რომელიც ბოჭავს მას გარკვეული ვალდებულებებით, არის არა კონსენსუსის, არამედ ცალმხრივად შემუშავებული შეთავაზების შედეგი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მიზნით აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა აიძულოს ოფერენტი, კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ამით გაანეიტრალოს არსებული პოზიციური დისბალანსი. სამოქალაქო კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს დაზღვევის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი სადაზღვევო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას მოითხოვს. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის“ დეფინიცია არ გულისხმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
იმისათვის, რათა დადგინდეს სტანდარტული პირობების შეთავაზებისას დაირღვა თუ არა „სუსტი მხარის“ უფლებები, უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფა და ადგილი ხომ არ ჰქონდა ინფორმაციულ უთანასწორობას. საქმეში წარმოდგენილ სადაზღვევო პოლისში მართალია, მითითებულია, რომ დაზღვევის პოლისი, დაზღვევის განაცხადი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის N648 განკარგულებით დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა ერთობლიობაში დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენდა, თუმცა, ხელშეკრულებას მთავრობის N648 განკარგულება დანართის სახით არ ერთვის, დაზღვეული პირის მიერ მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კი, სასამართლოს აზრით, ხელშეკრულების გამჭირვალობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება მომხმარებლის, როგორც „სუსტი მხარის“ ინფორმირებულობის სტანდარტს, მართალია, სააპელაციო ინსტანციაში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ 2019 წლის 19 ივლისს, გ------ი მ---------- მიერ სადაზღვევო შეტყობინებისას მას განემარტა, თუ რა სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედებები უნდა განეხორციელებინა, რათა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთვის ზიანის ანაზღაურება განხორციელებულიყო, თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი ანდა აუდიო ჩანაწერი სადაზღვევო კომპანიას სასამართლოში არ წარმოუდგენია. მოსარჩელე კი, მიუთითებდა, რომ პირველივე შეტყობინების დროს მას განემარტა, რომ შემთხვევის შეტყობინების ვადის დარღვევის გამო სადაზღვევო კომპანია ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდა. მხარის ინფორმირებულობის მეორე ასპექტს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომხმარებლისათვის მისაღები ფორმით, რომელიც გულისხმობს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს საჭირო ცნობები, აღქმადი, გასაგები და ინდივიდუალურად მორგებული ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია მომხმარებლის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც ხელშეკრულება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად იდება. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება სადაზღვევო კომპანიას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ დაზღვეულ პირს განემარტა მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ქცევის წესის შესახებ, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის დროს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, ისინი გ------ი მ---------ს განკარგულებით დადგენილ ქცევის წესს განუმარტავდნენ თუ არა, აღნიშნულის შესახებ მისთვის ისედაც უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან ხსენებული განკარგულება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ მტკიცებას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ სტანდარტული პირობების შეთავაზებისას მხარის ინფორმირებულობის სტანდარტი სწორედ იმიტომ არის პირდაპირ კავშირში ძლიერი მხარის ქცევის კეთილსინდისიერების შეფასებასთან, რომ მისი დარღვევა სუსტი მხარის ინტერესებს გაუმართლებლად ზღუდავს. გ------ი მ----------თვის, რომელიც სოფლის მეურნეობის საქმიანობას ეწევა, მთავრობის ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნის ვალდებულების დაკისრება, ან ასეთი ცოდნის არსებობის შესახებ პრეზუმფციის დაშვება, ცალსახად იგნორირებას გაუწევდა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში ე.წ. „სუსტი მხარის“ დაცვითი მექანიზმების არსებობას, რაც რა თქმა უნდა, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გ------ი მ----------, როგორც მომხმარებლის (სუსტი მხარის) ინფორმირებულობის სტანდარტი სტანდარტული პირობების შეთავაზებისას დაირღვა, ასევე, სადაზღვევო კომპანიამ მისთვის სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-2 ნაწილით მითითებული სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად აუცილებელი დოკუმენტაციის თაობაზე მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობა არ გამოიყენა, რაც გ------ი მ---------ს შესაძლებლობას მისცემდა საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ემოქმედა და მიყენებული ზიანის გამოთვლა სწორედ ხსენებულ ნორმატიულ აქტში გათვალისწინებული წესების დაცვით განეხორციელებინა.
15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ზიანის მოცულობის დაანგარიშებას საქართველოს მთავრობის N648 განკარგულების შესაბამისად არ ახდენს, თუმცა, იმ პირობებში რომ მომხმარებელს აღნიშნული განკარგულებით დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით ცოდნა არ მოეთხოვებოდა და სადაზღვევო კომპანიას მისთვის განკარგულებით გათვალისწინებული მოთხოვნები სათანადოდ არ განუმარტავს, იგი სადაზღვევო კომპანიისთვის ზიანის 45 000 ლარის ოდენობით დაკისრების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ინსპექტირების დროს საზამთროს ბაღში არსებული ნაყოფების სეტყვისგან მექანიკური დაზიანების გამო, ბაღს საბაზრო ღირებულება არ აქვს და არსებული მოსავალი განადგურებული იყო. ასევე, საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ „სადავო მოსავლის შემთხვევაში, არსებული ნიშნებით, პირველ საათშიც რომ ენახა ვინმეს, მოსავალს ვერ გადაარჩენდა, ერთადერთი გამოსავალი იყო, აღებულიყო არსებული ნათესები და ახალი ბარდის დათესვა, რომ ყოფილიყო შესაბამისი პერიოდი, ივნისის პირველი დეკადა“. საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება, რომ მოსავალი 100%-ით იყო განადგურებული. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოში ზეპირი სხდომის მიმდინარეობისას სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსაზრებას მასზედ, რომ დაზღვევის ხელშეკრულებაში სადაზღვევო ლიმიტი 50 000 ლარის ოდენობით იმის გათვალისწინებით განისაზღვრა, თუ საშუალოდ რა ოდენობის მოსავალი შეიძლებოდა მოსულიყო 5 ჰა. მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის აპელირებას მასზედ, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზა ჩატარდა ისეთი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რა დროის შემდეგაც შეუძლებელია დადგინდეს, თუ რა ოდენობის მოსავლის გადარჩენა არის შესაძლებელია, გაზიარებული ვერ იქნება. საქალაქო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე ექსპერტმა განმარტა, რომ „8-10 დღე არის მეთოდოლოგიის ნაწილი, ესაა პერიოდი, როცა შეიძლება დადგენა, შესაძლებელია თუ არა მოსავლის ნაწილის გადარჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ამ ვადის გასვლის შემდგომ იკარგება კვალი, რა პროცენტია დაზიანებული. თუ დაზიანდა 60%-ზე მეტად, მოსავლის გადარჩენის ალბათობა მცირეა” (20.04.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 14:27:23), ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ „სადავო მოსავლის შემთხვევაში, არსებული ნიშნებით, პირველ საათშიც რომ ენახა ვინმეს, მოსავალს ვერ გადაარჩენდა. შესაბამისად ცალსახაა, რომ 8-10 დღიანი ვადის დაცვას მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც დაზიანებულია მოსავლის ნაწილი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მოსავლის 100% დაზიანდა, რომლის გადარჩენაც თავიდანვე შეუძლებელი იყო“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ზიანის ოდენობის არასწორ გამოთვლასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები სასამართლოსთვის გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოსავლის სრული განადგურების ფაქტი არის დადგენილი, რომელზე დაყრდნობითაც, მოსარჩელე სრული სადაზღვევო ლიმიტის ანაზღაურებას მოითხოვდა. ამ პირობებში მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარისკენ ბრუნდება და ზიანის ოდენობის არასწორი გამოთვლა სწორედ მან უნდა ამტკიცოს, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც განსახილველი საქმის მასალებში არ მოიპოვება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ სადაზღვევო ლიმიტს 50 000 ლარს უნდა გამოაკლდეს ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული ფრანშიზა (10 %) და სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ოდენობით, სულ 45 000 ლარი (სწორედ ამ ოდენობის თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა აპელანტი სააპელაციო საჩივარში), უნდა დაეკისროს.
16. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.
განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომას და მის მიერ შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების დარღვევამ არსებითად არ ხელყო სადაზღვევო კომპანიის უფლებები. მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ (აპელანტმა) სასამართლოს წარმოუდგინა დაზღვევის ხელშეკრულება, გარემოს დაცვის სააგენტოს წერილი, რომლითაც ბუნებრივი კატაკლიზმის (სეტყვის) მოსვლის ფაქტი დადასტურდა, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც ნაკვეთზე მოყვანილი მოსავლის სრული განადგურება დადასტურდა.
რაც შეეხება, მოწინააღმდეგე მხარეს, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების ფარგლებში, მას პირველ რიგში მომხმარებლისთვის სტანდარტული პირობების შეთავაზებისას კეთილსინდისიერად ქცევის ფაქტი უნდა დაედასტურებინა, ასევე მასვე უნდა ემტკიცებინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების მომენტში გ------ი მ---------ს ნორმატიული აქტით დადგენილი ქცევის წესის შესახებ, რომელიც ზიანის ანაზღაურებისთვის იყო აუცილებელი, დეტალური და ჯეროვანი ინფორმაცია მიეწოდა. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე გამოთვლილ ზიანის ოდენობასაც ხდიდა სადავოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მის მხარეს აბრუნებდა მტკიცების ტვირთს, სასამართლოს წინაშე სწორედ მას უნდა ემტკიცებინა, რომ მოსარჩელეს არა ის ოდენობის ზიანი მიადგა, რომელსაც მოითხოვდა, არამედ უფრო ნაკლები. ზემოჩამოთვლილიდან არცერთი გარემოების დამამტკიცებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, რაც მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთის ნაკლოვანებაზე მიუთითებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარ საპირწონე მტკიცებულებათა (გ------ი მ----------ათვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, ექსპერტიზის დასკვნა და ა. შ.) წარდგენა, რომლებიც გ------ი მ---------- მიერ განვითარებულ მსჯელობას ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, გ------ი მ---------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად (სარჩელი დაკმაყოფილდა), შესაბამისად, სს „ს--------------------------–----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, ხოლო, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟის 1800 ლარის გადახდის ვალდებულება სს „ს--------------------------–----ს“ გ------ი მ---------- მიმართ უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ------ი მ---------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;
3. გ------ი მ---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს--------------------------–----ს“ გ------ი მ---------- სასარგებლოდ 45 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისროს;
5. სს „ს--------------------------–----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის გადახდა;
6. სს „ს--------------------------–----ს“ გ------ი მ---------- მიმართ დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის (გ------ი მ----------) მიერ გადახდილი ბაჟის 1800 ლარის ოდენობით ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე