განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002700459
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002700459

საქმე №1ბ/238-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - მა------------–-–---–ის

ადვოკატ - აკ-------------ის

მსჯავრდებულ - ბე---------ის

 

მონაწილეობით

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბე---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ--------------------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ნ-----–-------–-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ს---------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:

ბე---------ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მარტის თვის და 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

ბე---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბე---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით ბე---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

ბე---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

ბე---------ე მეუღლეს - ლი-------–-ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ლი-------–-ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2017 წლის მარტის თვეში, ქ. თბილისში, ს---------------------------------ში, ბე---------ემ, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლი-------–-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ბე---------ე მეუღლის დას - ქე------------–-ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის 21 მარტს, ქ. თბილისში, ს---------------------------------ში, ბე---------ემ, ქე------------–-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელით სწვდა თმაში და ათრია თმით, რის გამოც ქე------------–-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ბე---------ე მეუღლეს - ლი-------–-ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ლი-------–-ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის ივნისის თვეში, ქ. თბილისში, ს---------------------------------ში, ბე---------ემ, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლი-------–-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ბე---------ე მეუღლეს - ლი-------–-ას და მის დას, ქე------------–-ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებულები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის 19 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ს---------------------------------ში, ბე---------ემ, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლი-------–-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე ბე---------ემ ლი-------–-ას დასაცავად კონფლიქტში ჩართულ ქე------------–-ას ორჯერ დაარტყა ხელი თავის და მარცხენა ყურის არეში, რის გამოც ქე------------–-ამ იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ბე---------ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ბე---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

სასამართლოს მიერ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბე---------ის მიერ მისი მეუღლის მიმართ 2017 წლის მარტის თვეში და 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, რის გამოც მიიჩნია, რომ ბე---------ე უნდა გამართლებულიყო აღნიშნულ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მა------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა ბე---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის 3 ეპიზოდსა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებმაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურეს ბე---------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ოთხივე ეპიზოდის ჩადენა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა განმარტეს, რომ ბე---------ის მხრიდან ოჯახში კონფლიქტს აქვს სისტემატური ხასიათი, იგი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რაც მის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებდა და ხდებოდა აგრესიული. ბრალდების მხარის მითითებით, დანაშაული ჩადენილია გენდერული მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ბე---------ე ითვლებოდა ოჯახის უფროსად თავისი სქესის გამო, ქალები მას უნდა დამორჩილებოდნენ, თუნდაც დროულად მისულიყვნენ სახლში.

აპელანტმა ასევე მოითხოვა, დამნაშავედ ცნობილ მუხლებში ბე---------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება და მიუთითა, რომ გასათვალისწინებელია ბე---------ის მხრიდან ძალადობის სისტემატურობა, დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ ოჯახში სისტემატური კონფლიქტი ბავშვის - თა-----------ის ფსიქიკაზეც უარყოფითად მოქმედებს, ასევე დანაშაული ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. ამდენად, მინიმალური სასჯელი იმ ქმედებისათვის, რომელმაც არაერთი პირი დააზარალა ფიზიკურად და მორალურად, უსამართლო სასჯელია და ბე---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს დანიშნულზე მკაცრი სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა ბე---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა აკ-------------ემ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მარტის თვის და 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ბე---------ის დამნაშავედ ცნობის კუთხით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მარტის თვის და 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ბე---------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში აფუძნებს მხოლოდ დაზარალებულების - ლი-------–-ასა და ქე------------–-ას ჩვენებებზე, რომლებიც მიუთითებენ ლი-------–-ასა და ბე---------ეს შორის მხოლოდ კონფლიქტის არსებობის შესახებ. კერძოდ, დაზარალებულ ლი-------–-ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ მასსა და ბე---------ეს შორის ხშირად იყო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კონფლიქტები, თუმცა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მხოლოდ ორი ფაქტი ახსენდება. პირველად, როდესაც პირველ შვილზე იყო ორსულად, ხოლო მეორედ 2018 წლის 19 სექტემბერს. დაზარალებულ ქე------------–-ას ჩვენებით კი ირკვევა, რომ ბე---------ე 2006 წლიდან ცხოვრობდა მათ სახლში და ამ პერიოდის განმავლობაში ფინანსურ საკითხებზე ხშირად კამათობდნენ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბე---------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ლი-------–-ასათვის, თუმცა კონკრეტულად ახსოვს 2018 წლის 19 სექტემბერს მომხდარი შემთხვევა. დაზარალებულთა ჩვენებებიდან მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება, რომ ბე---------ესა და მის მეუღლეს შორის ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები, თუმცა 2017 წლის მარტისა და 2018 წლის ივნისის თვეში ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, არ არის დადასტურებული არც მათი ჩვენებებით და არც მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით. ასეთი მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია სასამართლოში.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - “in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბე---------ის მიერ ლი-------–-ასადმი 2017 წლის მარტსა და 2018 წლის ივნისში ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ამ ეპიზოდებში მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლითაც ბე---------ე წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდებში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბე---------ისათვის დამნაშავედ ცნობილ მუხლებში სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, დაზარალებულთა პოზიცია, რომ მათ ბე---------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და რომ ის შვილებისთვის კარგი მამაა, ბე---------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება ბე---------ის მხრიდან ძალადობის სისტემატურობაზე, დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ბავშვზე კონფლიქის ზემოქმედების უარყოფით მხარეებზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ბე---------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი სასჯელის გამკაცრების ნაწილში საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბე---------ის ქმედებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბე---------ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის მარტის თვის და 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბე---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბე---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ბე---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბე---------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ქე------------–-ას, ლი-------–-ას და ბე---------ის ხმის ნიმუშები, დალუქული თითო პაკეტად (სულ სამი პაკეტი), შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- აუდიოჩანაწერი დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე