განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
330210018002490958
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002490958

საქმე №2ბ/1832-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ს--------------–--ე

წარმომადგენელი - მ----------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ-- მ-------–--ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.

 

2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და თ-- მ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს--------------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ-------–------------------------------–--–-, საკადასტრო კოდი 0--------------- და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა თ-- მ-------–--ეს.

 

2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოპასუხის წარმომადგენლის მ----------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2 აგვისტოს, თუმცა საქმის განხილვა გადაიდო ს--------------–--ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი იტყობინებოდა, რომ ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებსდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 5 ოქტომბერს და აღნიშნულის შესახებ მოპასუხე ს--------------–--ის წარმომადგენელს ეცნობა 2018 წლის 2 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით. 2018 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხე ს--------------–--ე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ამასთან სასამართლოში (კანცელარიის მეშვეობით) 5 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა ს--------------–--ის წარმომადგენლის მ----------–--ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია ს--- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომლითაც არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე - ქ-------–------------------------------–--–-, საკადასტრო კოდი 0---------------. ს--------------–--ე აღნიშნულ უძრავ ნივთს ფლობს მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება 2----–-–-----------------ს სასამართლო სხდომაზე წარდგენილ განცხადებას, რომლითაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოთხოვნილი იყო სასამართლო სხდომის გადადება. განცხადებას ერთვოდა ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რაც ადასტურებდა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე1” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ ს--------------–--ე და მისი წარმომადგენელი ინფორმირებულები იყვნენ სასამართლოს სხდომის დღისა და დროის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ სასამართლოს ინფორმირება პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და იყო თუ არა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიო.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.

 

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

 

სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

ხაზგასასმელია, რომ მოპასუხემ (წარმომადგენელმა) შეატყობინა სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და სასამართლოს აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებდნენ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. პალატას მიაჩნია, რომ ამ ფორმით მხარემ გამოხატა ინტერესი დავის მიმართ და აღნიშნულის შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეეძლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის დროსაც.

 

სასამართლოში მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს ადგენს ამავე კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის მასალების ინდივიდუალური და ერთობლივი შეფასების ვალდებულება გააჩნია სასამართლოს. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) პალატა მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგანაც დოკუმენტაცია იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს მასზე, რომ კონკრეტულ დღეს - 2----–-–-----------------ს მოპასუხეს და მის წარმომადგენელს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის შეიძლება მიჩნეულ იქნას საპატიო მიზეზად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ს--------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი