განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017002162480
საქმე №2ბ/342 -19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა, ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს „ყ---------------თ---–--ი“
წარმომადგენელი - თ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ი------–ა---ე
წარმომადგენელი - დ-------–-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2----–-–---------------ს, ქ. თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეჟონვისა და დაგროვების გამო, მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ი-–----ი ვ-–----ე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 1---------წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება გამოწვეულ იქნა დ-----–---–ის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელიდან ბუნებრივი აირის სახლში შეჟონვისა და დაგროვების შედეგად. აფეთქების მაინიცირებელი იყო ანთებული სიგარეტი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის საკომუნიკაციო ქსელიდან და ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული დაზიანებების საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დ-----–---–ის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მრავლობითი დაზიანებების გამო სათავსოში შეჟონილი და დაგროვილი აირის მოცულობით აფეთქებას. ბუნებრივი აირის შეჟონვა დაფიქსირდა ბინის სააბაზანო ოთახის იატაკში ჩამონტაჟებული ტრაპიდან.
3. გაზსადენი მილი, რომლიდანაც 2----–-–---------------ს ქ. თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა ბუნებრივი აირის შეჟონვა, 1959 წლიდან წარმოადგენს შპს „ყ---------------თ---–--ის“ საკუთრებას. სწორედ შპს „ყ---------------თ---–--ის“ შესაბამისი სამსახურის მიერ იქნა აღმოჩენილი და აღმოფხვრილი აღნიშნული ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მრავლობითი დაზიანებები.
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------რის დასკვნის თანახმად, ი-–----ი ვ-–----ის სიკვდილის მიზეზია სხეულის 90%-მდე ფართის III-IV ხარისხის და ზემო სასუნთქი გზების თერმო-ინჰალაციური დამწვრობა, რაც განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალი) ადგილობრივი სიცოცხლის დროინდელი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ი-–----ი ვ-–----ე, ხანძრის შედეგად, გარდაიცვალა 2----–-–---------------ს.
5. ი-–----ი ვ-–----ე (დაბადებული-2---------წ.) იყო მოსარჩელე ი------–ა---ის (დაბადებული-0---------წ.) შვილი. ი-–----ი ვ-–----ის გარდაცვალებამდე, ი------–ა---ე ერთ ოჯახად ცხოვრობდა თავის შვილთან - ი-–----ი ვ-–----ესთან ერთად და ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მის მარჩენალს.
6. ი------–ა---ე, 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში, როგორც ასაკის საფუძვლით პენსიის მიმღები. მისი საპენსიო პაკეტი, ფულადი გასაცემლის სახით, შეადგენს თვეში 180 ლარს.
7. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (09.10.2017 წლის მდგომარეობით), 01.01.2014 წლიდან 31.08.2017 წლის ჩათვლით ი------–ა---ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.
8. ი-–----ი ვ-–----ე ვაჭრობდა ავტონაწილებით. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, იგი 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, სხვადასხვა ოდენობით იღებდა შემოსავალს. ი-–----ი ვ-–----ეს ბოლოს - 2014 წლის ნოემბერში აქვს მიღებული შემოვალი ხელფასის სახით - 437.5 ლარის ოდენობით (დასაბეგრი 87.5 ლარი).
9. შპს „ყ---------------თ---–--ი“ თ---–--ში, დ-----–---–ისა და სხვა ქუჩებზე მდებარე გაზსადენი მილების მოვლის/შენახვისა და შეკეთების მიზნით, პერიოდულად ახორციელებს აღნიშნული გაზსადენი მილების შემოწმებას. მსგავსი შემოწმებისას: გაზგამანაწილებელი ქსელის დიაგნოსტიკის 29.05.2014წ. №------ აქტის თანახმად, გაზსადენის მიწისქვეშა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვის კერები - დ-----–---–ის ქუჩა 12-ში, 16-ის წინ და 34-დან 45 გადასვლაზე. გაზგამანაწილებელი ქსელის დიაგნოსტიკის 26.08.2014წ. №------ აქტის თანახმად, გაზსადენის მიწისქვეშა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვის კერები - დ-----–---–ის ქუჩა 26-ის წინ, 45-თან, 32-თან, 23-ის მოპირდაპირე მხარეს, დ-----–---–ისა და რ-----–--ის კუთხეში. გაზსადენის ავარიის (უბედური შემთხვევის) ტექნიკური აქტი №----ის თანახმად, 2014 წლის 29 აგვისტოს დ-----–---–ის ქ--------ში მოხდა ავარია (მიზეზი: მიწაში მილი მთ. კოროზირებულია), რასაც მოჰყვა გაზის დენა. აღნიშნულის საფუძველზე სარემონტო განყოფილების მიერ, გაუქმდა მიწაში კოროზირებული მილი და გაკეთდა თაღი. გაზსადენის ავარიის (უბედური შემთხვევის) ტექნიკური აქტი №----ის თანახმად, 2014 წლის 02 სექტემბერს დ-----–---–ისა და რ-----–--ის ქუჩის კუთხეში მოხდა ავარია (ავარიის მიზეზი: ნახვრეტი კოროზ-ან დ-1სმ), რასაც მოჰყვა გაზის გადენა. აღნიშნულის საფუძველზე სარემონტო განყოფილების მიერ, კოროზირებული მილი შედუღებულ იქნა საკერებლის დადებით. გაუკეთდა იზოლაცია. გაზსადენის ავარიის (უბედური შემთხვევის) ტექნიკური აქტი №----ის თანახმად, 2014 წლის 24 სექტემბერს დ-----–---–ის ქ. 45-ში მოხდა ავარია (ავარიის მიზეზი: მიწაში მილი მთ. კოროზირებულია), რასაც მოჰყვა გაზის გადენა. აღნიშნულის საფუძველზე, სარემონტო განყოფილების მიერ გაუქმდა ავარიული გაზსადენი. გაკეთდა თაღი. გაზის მეურნეობაში გაზსაშიში სამუშაოების ჩატარების შესახებ 4956-14 30.11.2014წ. განწესის თანახმად, ადგილზე მისულ ოსტატს, დ-----–---–ის და რ-----–--ის ქუჩის გადაკვეთაზე, კანალიზაციისა და წყლის ჭებს შორის, დახვდა დაახლოებით 8მ2 ახალგანათხრელი ადგილი, რომელიც ბალასტით იყო შევსებული. გაიხსნა აღნიშნული ადგილი: საშ. წნევის d 100 მმ მიწისქვეშა გაზსადენზე ტრაქტორის კოშის შეხების დროს ჩნდებოდა გაჟონვის კერები, მილი იყო კოროზირებული, დაედო 14 ლატკა, დროებითი საკერებელი და მის გვერდით ჩაიდო d110 მმ პლასტმასის მილი 28მ. დაბალი წნევის d 300 მმ მილზე დაშენებული იყო წყლის ჭა. დაშენებული წყლის ჭისა და კანალიზაციის ჭებს შორის იყო 3 ცალი კოროზირებული ადგილი (დაედო საკერებელი). დ-----–---–ის №2-ის წინ d 300 მმ დაბ. წნევის გაზსადენზე დაერთებული იყო დაახლოებით 70 სმ d 50 მმ მილი, რომელიც იყო კოროზირებული (მრავლობითი კოროზია). აღნიშნული მისამართი დაისვა კონტროლზე. სამუშაოები დაწყო 18.11.2014წ. და დამთავრდა 29.11.2014წ.
10 . ი------–ა---ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--ს“ ი------–ა---ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში, დაეკისროს სარჩოს სახით ყოველთვიურად - 400 ლარის გადახდა.
11. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–---------------ს ქ. თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეჟონვისა და დაგროვების გამო, მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც 2----–-–---------------ს გარდაიცვალა მოსარჩელე ი------–ა---ის შვილი - ი-–----ი ვ-–----ე.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება (18.11.2014) და 2----–-–---------------ს დაინიშნა აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა. 2014 წლის 15 დეკემბრის №---/ამ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1. ქ. თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა დ-----–---–ის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელიდან ბინაში შეჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის დეტონირება (აფეთქება); 2. სსს მასალებიდან ირკვევა, რომ აფეთქების მაინიცირებელი იყო ანთებული სიგარეტი რასაც მოჰყვა ბუნებრივი აირის დეტონირება; 2014 წლის 05 დეკემბერს პროკურატურის მიერ შპს „ყ---------------თ---–--იდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დ-----–---–ის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე დღემდე არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მიმდინარეობს გამოძიება.
2014 წლის 18 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის საკომუნიკაციო ქსელიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. არამედ, ადგილი ჰქონდა სათავსოში შეჟონილი და დაგროვილი აირის მოცულობით აფეთქებას. ბუნებრივი აირის შეჟონვა დაფიქსირდა ბინის სააბაზანო ოთახის იატაკში ჩამონტაჟებული ტრაპიდან. ექსპერტიზის დასკვნით, ასევე დგინდება, რომ დაზიანებული იყო ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები და აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები აღმოჩენილ და აღმოფხვრილ იქნა მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--ის“ შესაბამისი სამსახურის მიერ. დაზიანებული მილები წარმოადგენდა შპს „ყ---------------თ---–--ის“ საკუთრებას.
აღნიშნული გარემოებებიდან უტყუარად დასტურდება, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--ი“, რადგან მოპასუხემ არ უზრუნველყო მომეტებული საფრთხის წყაროს სათანადო მოვლა-პატრონობა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია აფეთქება და ი-–----ი ვ-–----ის გარდაცვალება.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-–----ი ვ-–----ის სიკვდილის მიზეზია სხეულის 90%-მდე ფართის III-IV ხარისხის და ზემო სასუნთქი გზების თერმო-ინჰალაციური დამწვრობა. აღნიშნული დამწვრობა განვითარდა რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალი) ადგილობრივი, სიცოცხლის დროინდელი ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ამდენად, ი-–----ი ვ-–----ე გარდაიცვალა გაზის აფეთქების შედეგად მიღებული დამწვრობის გამო, 2----–-–---------------ს.
ი-–----ი ვ-–----ე იყო მოსარჩელე ი------–ა---ის შვილი. ი------–ა---ე ცხოვრობდა ი-–----ი ვ-–----ესთან და მის ოჯახთან ერთად. მოსარჩელის ერთადერთ მარჩენალს სწორედ ი-–----ი ვ-–----ე წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხის ბრალით, დაკარგა მარჩენალი.
ი------–ა---ე არის შრომისუუნარო, პენსიონერი და ფულადი გასაცემლის სახით, თვეში იღებს 180 ლარს. შემოსავლების სამსახურის წერილობითი პასუხით დგინდება, რომ მას 2014 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტომდე არანაირი დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება და ამასთან აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. რაც შეეხება მის შვილს, ი-–----ი ვ-–----ე ვაჭრობდა ავტონაწილებით და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი.
12. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თუმცა, მან მხოლოდ აბსტრაქტულად, შესაბამისი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2----–-–---------------ს თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება არ მომხდარა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად. გაზსადენზე დაშენებული იყო წყლის ჭა, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება. ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი-–----ი ვ-–----ე წარმოადგენდა მის ერთადერთ მარჩენალს. ასევე, გაუგებარია თუ რის საფუძველზე ანგარიშობს მოსარჩელე სარჩოს ოდენობას ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი------–ა---ის სარჩელი შპს „ყ---------------თ---–--ის“ მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ყ---------------თ---–--ს“ მოსარჩელე ი------–ა---ის (დაბადებული 1942 წლის 06 მარტს) სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს სანაცვლო ანაზღაურების გადახდა - 2014 წლის 30 ნოემბრიდან ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ი------–ა---ის სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2----–-–-----------ისა. (იხ. გადაწყვეტილება)
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ყ---------------თ---–--ის“ წარმომადგენელმა.
14.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია და დაეყრდნო 3.1.3. პუნქტში მითითებული გარემოებას, ვინაიდან შპს "ყ---------------თ---–--ი" 2006 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს განაწილების ლიცენიანტს. საქმეში მოყვანილი გაზსადენი აშენებულია სს "თ---–----ის" მიერ რომლის 100 პროცენტის წილის მფლობელს წარმოადგენდა ქ-------–------------------–----–-------. სასამართლო არასწორად დაეყრდნო 3.1.5. პუნქტში მითითებულ გარემოებას, რადგან მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ი-–----ი ვ-–----ე წარმოადგენს მარჩენალს, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარეს კიდევ ორი შვილი ყავს (შეკითხვების ეტაპზე მხარემ თავად აღიარა). საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შვილები თანაბრად არიან ვალდებულნი იზრუნონ შრომისუუნარო მშობელზე.
14.2. აპელანტის განმარტებით, მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, შპს "ყ---------------თ---–--ის" (შემდგომში: „კომპანია“) მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ან/და ზიანის მომტანი ქმედების ჩადენა. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა.
14.3. გადაწყვეტილების 6.2. პუნქტის მიხედვით, სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის დანაწესს, კერძოდ - "ბრალის მიუხედავად ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას", მაშინ როდესაც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება იმ ორ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს გენერალური დელიქტისათვის, რომლის არარსებობის პირობებში შეუძლებელია კანონის შესაბამისად თანხის ანაზღაურების მოთხოვნა და დაკისრება. ხოლო მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც კომპანიის მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდებოდა/ხორციელდება გაზსადენი მილის მოვლა პატრონობა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის #1-1/525 ბრძანების "გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების" შესაბამისად, შპს "ყ---------------თ---–--ი" მოქმედებდა და ახორცილებდა/ახორციელებს გაზსადენების მოვლა/შენახვა და შეკეთებას, რაც დასტურდება 2014 წლის 29 მაისს ჩატარებული გაზგამანაწილებელი ქსელების დიაგნოსტიკის #------------------ აქტებით, ამავე წლის 26 აგვისტოს ჩატარებული გაზგამანაწილებელი ქსელების დიაგნოსტიკის #------ აქტით, რომელთა მიხედვითაც შემოწმდა და აღმოჩენილი დაზიანებების შეკეთდა ქ. თ---–--ში დ-----–---–ისა და რ-----–--ის ქუჩებზე. ასევე, 2014 წლის 27 და 29 აგვისტოს, 02 და 24 სექტემბერს კომპანიის გაზსადენებისა და ნაგებობების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ განწესების #---------------------------- მიხედვით დ-----–---–ის ქუჩაზე ჩატარებულ იქნა გაზის მეურნეობაში გაზსაშიში სამუშაოები. ამასთან, 2014 წლის 18 ნოემბრამდე დ-----–---–ისა და რ-----–--ის ქუჩების გადაკვეთაზე კანალიზაციისა და წყლის ჭებს შორის შპს "ყ---------------თ---–--ისგან" დამოუკიდებლად აღინიშნებოდა დაახლოებით 8 მ2 ახალგანათხრელი ადგილი, რომელიც ბალასტით იყო შევსებული. ასევე, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით დაბალი წნევის გაზსადენზე დაშენებული იყო წყლის ჭა, დაშენებული წყლის ჭასა და კანალიზაციის ჭებს შორის აღინიშნებოდა კოროზირებული ადგილები. აგრეთვე, ამავე ბრძანების მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გაზსადენის მომიჯნავე მიწისქვეშა ნაგებობების (კომუნიკაციების) მფლობელები დროულად უნდა ატარებდნენ გაზსადენიდან 15 მ-ის მანძილზე მაინც ჭებისა და კამერების სახურავების წმენდას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგაზიანება. ბრძანების მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, "სამშენებლო და მიწის სამუშაოების წარმოება გაზსადენის დასაცავი ზონის (15მ-ზე ახლოს) ფარგლებში დასაშვებია გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით. სამუშაოების დაწყებამდე გაზის მიმწოდებელ საწარმოს წარედგინება სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტი, იმისათვის რომ გამოირიცხოს გაზსადენის დაზიანება. გაზის მიმწოდებელი საწარმო სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტის მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს საკუთარ პოზიციას, ამასთან პასუხის გაუცემლობა ითვლება თანხმობად." ხსენებულ მისამართზე კომპანიის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი დაზიანებები ცხადყოფს, რომ დ-----–---–ის ქუჩაზე ჩატარებული იქნა კომპანიისგან დამოუკიდებლად მიწის გათხრითი სამუშაოები და რა დროსაც დააზიანეს კომპანიის კუთვნილი გაზსადენი მილი. "გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების" მე-14 მუხლის მიხედვით, ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით მოქმედი მიწისქვეშა გაზსადენების ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით უნდა ჩატარდეს 5 წელიწადში ერთხელ მაინც. ასევე, მითითებული ნორმატიული აქტის დანართი #5-ის მიხედვით: მიწისქვეშა გაზსადენსა და საინჟინრო მიწისქვეშა ქსელებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ - 1 მეტრისა - ფაქტიურად კი საინჟინრო მიწისქვეშა ქსელი საქმის მასალებიდან გამომდინარე ერთ მეტრზე გაცილებით ნაკლებ მანძილზე იყო დაცილებული. ხოლო აღნიშნული გაზსადენი ქსელის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდა 1959 წელს, რა კანონმდებლობის შესაბამისად იყო განხორციელებული გაზსადენის მშენებლობა და არც ჭები მდებარეობდა მასთან სიახლოვეს (საქმეში ნათლად ჩანს რომ ჭების მშენებლობა განხორციელდა გაზსადენის შემდგომ). რაც იმას ადასტურებს რომ კომპანიის მხრიდან დაცული იქნა ნორმატიული მასალით დადგენილი მოთხოვნები. პირველად განხორციელდა გაზსადენის მშენებლობა და შემდგომ საინჟინრო მიწისქვეშა ქსელის მოწყობა. ხოლო, აღნიშნულით კი გამოირიცხება შპს „ყ---------------თ---–--ის“ მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა. აქვე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დღემდე არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და გამოძიების ეტაპზე არ დადგინდა შპს "ყ---------------თ---–--ის" მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა.
14.4. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდა და ამასთან, დაკისრებული თანხაც შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენს. ვინაიდან სარჩოს ოდენობასთან დაკავშირებით მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად შვილები მოვალენი არიან იზრუნობ შრომისუუნარო მშობლებზე. შვილები თანაბრად უნდა მონაწიელობდნენ მშობლების ზრუნვაში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ თანხის დაკისრების დროს მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის აღიარება, რომ მას კიდევ ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი. ასევე, სასამართლოში თანხის გამოანგარიშების დროს დაეყრდნო შემოსავლები სამსახურის წერილს, რომლის მიხედვითაც უკენასკენ ჩარიცხულ შემოსავალი შეადგენს 437.5 ლარი (დასაბეგრი 87.5 ლარი), ხოლო სარჩოს სახით დაკისრებლ თანხა წარმოადგენს 300 ლარი, სასამართლოს არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ მიზანშეწონილობით შემოიფარგლა. ასევე, მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებითაც ნათლად ჩანს რომ მარჩენალის შემოსავლები არასტაბილურია. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს ზიანის მიმყენებელს სარჩოს გადახდა, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს დაზარალებულის ვალდებულება პირის რჩენასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის მიხედვით "დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა." საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებების შესაბამისად არ დასტურდება დაზარალებულის მიერ ი------–ა---ის რჩენის ვალდებულება. აგრეთვე, სასამართლოს მიერ სარჩოს სახით 300 ლარის დაკისრება არასამართლიანი და შეუსაბამოდ მაღალ თანხას წარმოადგენს, მაშინ როდესაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში: „საქსტატი“) მონაცემების მიხედვით საარსებო მინიმუმს წარმოადგენს საშუალოდ ყოველთვიურად 140 ლარი. საქსტატის მიერ ყოველთვიურ საარსებო მინიმუმში გათვალისწინებული და დადგენილია ის ცხოვრებისეული ხარჯი, რაც საქართველოს მოქალაქეს საცხოვრებლად სჭირდება, ხოლო განსაზღვრულ საარსებო მინიმუმზე ზევით დამატებითი თანხის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ მხარე შესაბამისი მტკიცებულებებით დაასაბუთებს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მას ეს ესაჭიროება, რაც განსახილველ შემთხვევაში მხარეს მტკიცებულებების სახით არ წარმოუდგენია. აგრეთვე, შეფასებული უნდა ყოფილიყო მარჩენალის შემოსავლები და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა განხორციელებულიყო სარჩოს დაკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა მდგომარეობს უფლებამოსილების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლებამოსილების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა და შეფასება, რაც მოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად არ განხორციელებულა.
სამოტივაციო ნაწილი
15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
16. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის დადგომის ფაქტი,არც საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სადავოა მხოლოდ მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა.
17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებს და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
17.1. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 1---------წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება გამოწვეულ იქნა დ-----–---–ის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელიდან ბუნებრივი აირის სახლში შეჟონვისა და დაგროვების შედეგად. გაზსადენი მილი, რომლიდანაც 2----–-–---------------ს ქ. თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა ბუნებრივი აირის შეჟონვა, 1959 წლიდან წარმოადგენს შპს „ყ---------------თ---–--ის“ საკუთრებას.
17.2. საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 2----–-–---------------ს გარდაიცვალა ი-–----ი ვ-–----ე.
17.3. ი------–ა---ე ცხოვრობდა თავის შვილთან ი-–----ი ვ-–----ესთან ერთად, რომელიც მისი მარჩენალი იყო.
17.4. შპს „ყ---------------თ---–--ის“ მიერ წარდგენილი იქნა დაზუსტებული შესაგებელი, სადაც მოპასუხემ სადაოდ გახადა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, კერძოდ, კი აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არანაირ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ, განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება გარდაცვლილის მიერ ი------–ა---ის რჩენის ვალდებულება. აღნიშნული დაზუსტებული შესაგებელი განუხილველად იქნა დატოვებული თბილისის საქალქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით.
18. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ,რომ მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, შპს "ყ---------------თ---–--ის" მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ან/და ზიანის მომტანი ქმედების ჩადენას, რის გამოც კომპანიას არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემულ დავასთან დაკავშირებით იმსჯელოს სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.
დასახელებული მუხლით რეგულირდება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. მომეტებული საფრთხის წყაროს არსებობაში იგულისხმება ისეთი ობიექტი, რომლის ექსპლუატაცია, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ადამიანის მხრიდან სრულ კონტროლს; სპეციალური ნორმა, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც ის მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციის დროს, მაგრამ არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე, მაშინ პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო საფუძვლებით ხდება.
სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას ნაგებობის მფლობელის (ამ შემთხვევაში მესაკუთრის) პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, თუ რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის მილის დაზიანება, თუმცა დასახელებული ფაქტი არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მოპასუხის მხრიდან, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის მესამე ნაწილი მოწყობილობების მესაკუთრისათვის ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობასაც, რის გამოც, ვერც დაუძლეველი ძალა ვერ განაპირობებს მესაკუთრის (მფლობელის) პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების გამოყენებისა და მის საფუძველზე გაზის მესაკუთრისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთადერთი და უმთავრესი წინაპირობაა დამდგარ ზიანთან გაზის მიმწოდებელი მოწყობილობის დაზიანება.
ერთ-ერთ საქმეზე №ას-217-207-2016 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992 - ე მუხლით, მე - 1000 მულის პირველი და მე - 2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. გაზის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” ( იხ. სუსგ # ას - 1287 - 1208 - 2016, 26.02.2016წ.). სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ დგინდება კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მით უფრო იმ პირობებში, როცა თავად აპელანტი განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდებოდა/ხორციელდება გაზსადენი მილის მოვლა პატრონობა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გაზსადენი მილი, რომლიდანაც 2----–-–---------------ს ქ. თ---–--ში, დ-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა ბუნებრივი აირის შეჟონვა, წარმოადგენს შპს „ყ---------------თ---–--ის“ საკუთრებას.
19. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას სარჩოს სახით 300 ლარის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
განსახილველი ნორმით გათვალისწინებულია ვალდებულების შესრულებისათვის შემდეგი აუცილებელი პირობები: დაზარალებულის გარდაცვალება, დაზარალებულის მიერ იმ პირის რჩენის ვალდებულების არსებობა, ვინც ითხოვს ზარალის ანაზღაურებას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო. (სუსგ ას-469-783-05)
დადგენილია, რომ ქ. თ---–--ში დ-----–---–ის ქ. №2-ში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელე ი------–ა---ის შვილი - ი-–----ი ვ-–----ე. დადგენილია, ასევე, რომ ი------–ა---ე არის პენსიონერი და ყოველთვიურად პენსიის სახით იღებს 180 ლარს. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემების (09.10.2017 წლის მდგომარეობით) თანახმად, კი ი------–ა---ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 01.01.2014 წლიდან 31.08.2017 წლის ჩათვლით არ ფიქსირდება. ამდენად, მას გარდა პერნსიისა სხვა შემოსავალი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
ი------–ა---ე ი-–----ი ვ-–----ის გარდაცვალების დროისთვის, 2014 წლის 30 ნოემბრისათვის იყო 65 წელს გადაცილებული, პენსიონერი, რომელსაც სხვა შემოსავალი გარდა პენსიისა არ გააჩნდა და საჭიროებდა დახმარებას, შესაბამისად იმყოფებოდა ი-–----ი ვ-–----ის კმაყოფაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად. ამასთან, ვინაიდან ი-–----ი ვ-–----ე გარდაცვალების მომენტისათვის იყო 42 წლის, პირის ვალდებულება არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი თუ პირები, მოქმედებს სწორედ მარჩენალის საპენსიო ასაკამდე. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ი-–----ი ვ-–----ე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს. (იხ. სუსგ # ას-1039-2018) შრომის კანონთა კოდექსის ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად მიიჩნევა, რომ დაზარალებული იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული პირი, აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები (იხ. სუსგ-ებები: №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი; №ას-1216-1141-2015, 3 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი). აღნიშნულის შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ მოხდა თარიღის განსაზღვრა - 2----–-–-----------ი, ანუ დღე, როდესაც გარდაცვლილი მარჩენალი გახდებოდა საპენსიო ასაკის - 65 წლის, ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებისა და გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის პენსიონერი და არ გააჩნია სხვა მატერიალური შემოსავალი გარდა პენსიისა და ვინაიდან იგი საჭოროებს დახმარებას პალატა მიიჩნევს, რომ სარჩოს ოდენობად - 300 ლარის განსაზღვრა გონივრული და საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20. საპროცესო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ყ---------------თ---–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა
ქეთევან დუგლაძე