განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002512821
N1/ბ-60-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დავით ხარძეიშვილის,ადვოკატების - პაატა შავაძის, ტარიელ კაკაბაძის,მსჯავრდებულის - ნ------- გ-----–--ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- გ-----–--ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი N5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასოჯახებელი, რეგისტრირებული: ხ----ს რაიონი, სოფელი ს-–---–-----ეო, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ჰა----------–---- ქ. N66.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ნ------- გ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- ნ------- გ-----–--ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით - 0,0051 გრამს, საიდანაც 0,003 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, 2018 წლის 12 აპრილს ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------––ი, ჩატარებული ნ------- გ-----–--ის პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, ხოლო 0,0021 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი კი 2018 წლის 12 აპრილს ნ------- გ-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
- 2018 წლის 1------------–ს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბათუმში, უ-----ს დასახლება, დ---------ს ქუჩა N35-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ყ------ თ---------ეს და მის ძმას თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ნ------- გ-----–--ე შეიარაღებულ ნიღბიან ორ პირთან ერთად და ყ------ თ---------ეს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთის მუქარით, დანის გამოყენებით მიაყენეს სხეულის დაზიანება და ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა ტ-----------------თ, სახ. N K-------- მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ნ------- გ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ნ------- გ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
3.1 აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ხარძეიშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ნ. გ-----–--ის საუარესოდ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ასევე დაუმძიმდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნ------- გ-----–--ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ნ------- გ-----–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა თვალსაჩინოდ დასტურდება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, ამოცნობის ოქმებით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა ყ------ თ---------ემ სასამართლო სხდომაზეც უყოყმანოდ დაადო ხელი ფოტოსურათზე გამოსახულ ბრალდებულს და დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ავთენთიკურობა, რაც კანონის სრული დაცვით იქნა ჩატარებული. ყ------ თ---------ემ როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია და მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ანალოგიურად დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაზარალებულმა დ------–--- თ---------ე, მან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ოქმზე უყოყმანოდ მიუთითა ნ------- გ-----–--ეზე. სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს საქმეზე ჩატარებულ ოდოროლოგიურ ექსპერტიზის და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებს. სასამართლომ ასევე ყურდღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ნ------- გ-----–--ემ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით თავი აარიდა დაზარალებულ პირთა დაკითხვისას სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას. გასაჩივრებულ განაჩენში გამოკვეული მტკიცებულებები გადმოცემულია მცდარი ინტერპრეტაციით, რის გამოც გასაჩვრებული გამამართლებელი განაჩენი ნ------- გ-----–--ის მიმართ ყაჩაღობის ბრალდებაში უნდა გაუქმდეს, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი და მას განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, ამასთან, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, ნ------- გ-----–--ეს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
3.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ნ------- გ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პაატა შავაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ნ. გ-----–--ის სასიკეთოდ სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე მინიმალურ ზღვრამდე შეუმცირდეს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადები. დაცვის მხარის განმარტებით, ნ------- გ-----–--ე არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, იგი აღრიცხვაზეა სამედიცინო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში და ცდილობს შეებრძოლოს ნარკოდამოკიდებულებას, იგი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიში პიროვნებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს დავით ხარძეიშვილს, რომელიც დაეთანხმა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს- მსჯავრდებულ ნ------- გ-----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, პაატა შავაძეს და ტარიელ კაკაბაძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ხ--–---------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის და მსჯავრდებულ ნ------- გ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პაატა შავაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 13 თებერვლის შეტყობინების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 1------------–ს საინფორმაციო ცენტრ 112-ში მ----- თ---------ემ შეატყობინა ყ------ თ---------ის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა რ--------- ხ------–--ემ განმარტა, რომ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ დაიწყო გამოძიება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ყ------ თ---------ემ, რომელმაც უარი განაცხადა ფიცის დადებაზე, განმარტა, რომ ნ------- გ-----–--ეს იცნობს, ორჯერაა მისული მასთან სამუშაოზე ვალუტის გადასახურდავებლად. 2018 წლის 1------------–ს საღამოს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში მის ძმასთან დ------–--- თ---------ესთან ერთად, რა დროსაც სახლში შევარდა სამი პირი იარაღებით, რომლებსაც ეკეთათ შავი ფერის ნიღბები. ერთმა დაარტყა დანა ნეკნებთან და წაიქცა, ხელები და ფეხები სკოჩით შეუკრეს, დაუწყეს ცემა, მუქარა, მოითხოვეს ფული და ოქრო, ერთერთმა შეაწყვიტა ბრასლეტი და მოხსნა ბეჭედი. წასვლისას კარი ვერ გააღეს, რადგან ჩაიკეტა, ამ დროს ერთერთმა აიწია ნიღაბი და იცნო სახეზე ცხვირმოგრეხილი, ცისფერი თვალებით, რომელმაც მას ზიანი მიაყენა. ერთერთმა მის ძმას უთხრა, რომ სკოჩი გაეხსნა, რა დროსაც აიწია ნიღაბი და დაინახა ვინც იყო, ხოლო შემდეგ სურათი, რომ აჩვენეს ამოიცნო. მერე ფანჯრიდან აივანზე გადახტნენ და წავიდნენ მისი მანქანით, რაც შემდეგ მიატოვეს ენგელსის ქუჩაზე. მათ თან წაიღეს საბუთები, მანქანის გასაღები, საათი და მობილური ტელეფონი.
მისივე განმარტებით, იარაღიანი პირი იყო ცხვირმოგრეხილი, ცისფერი თვალებით, დაახლოებით 175-180 სიმაღლის, რომელმაც დანა დაარტყა და წააქცია, მან წაართვა ბეჭედი და ბრასლეტი. მესამე პირი შავებში ჩაცმული იყო, თუმცა კარგად არ შეუმჩნევია, მას არ ჩამოუწევია ნიღაბი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა დ------–--- თ---------ემ განმარტა, რომ 1------------–ს საღამოს იმყოფებოდა მის ძმასთან ყ------ თ---------ესთან, რა დროსაც მათთან შევარდა სამი პირი, ერთი პისტოლეტით, ორი დანით და პირდაპირ მის ძმას დაარტყეს გულში და გასკოჩეს, ითხოვდნენ ფულს და ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ ორივეს. მის ძმას ბრასლეტი შეაწყვიტეს და ბეჭედი მოაძვრეს. წასვლა, რომ უნდოდათ კარები ვერ გააღეს, მაშინ ამოიწია ერთერთმა ნიღაბი და ისე ცდილობდა გაღებას, თუმცა ვერ გააღო, მეორე მივიდა მასთან და უთხრა სკოჩი გაეხსნა, თუმცა სკოჩი ვერ გახსნა და ამ დროს აიწია ნიღაბი იმ პირმა, გახსნა სკოჩი და ისიც შეკრა შნურით ფეხებზე და სკოჩით ხელებზე. წასვლისას ორი გადახტა ფანჯრიდან, ხოლო მესამე მივიდა მასთან, დაარტყა პისტოლეტი და გაუხეთქა ტუჩები და კბილები. ის პირი ვინც ნიღაბი აიწია და სკოჩის გახსნა მოსთხოვა იყო მრგვალპირიანი, შავი წვერით, თვალები ვერ შეამჩნია, შავი ბიჭი იყო. კარი, რომ ვერ გააღო იყო 1,65-1.75 სიმაღლის, სწორი მოგრეხილი ცხვირი ჰქონდა და იყო მოქერო ბიჭი. სამივეს ეცვა შავი ფერის ქურთუკები და თავზეც შავი ნიღბები ჰქონდათ წამოცმული, მარტო თვალები უჩანდათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ყ------ თ---------ის მეზობელმა ი-----–- ვ---–----ემ განმარტა, რომ საღამოს დაახლოებით 8 საათზე აივანზე გავიდა, რა დროსაც გაიგონა ყ------ თ---------ის ხმა, რომელიც მამამისს უძახდა საშველად და მიდიოდა მათკენ, რის შემდეგაც ყ------ თ---------ე წაიყვანა სამსახურში, რა დროსაც შენიშნა, რომ სისხლი ჰქონდა, რის გამოც დარეკა სასწრაფო დახმარებისთვის და უ-----ს პოლიციაში.
2018 წლის 13 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ დათვალიერდა ქ. ბათუმში დ---------ს ქუჩა N30-ში მდებარე ყ------ თ---------ის საცხოვრებელი სახლი, ეზოში შესასვლელი ჭიშკრის გვერდით აღმოჩენილი იქნა შავი ფერის ქუდის (ნიღბის) მსგავსი ნაჭერი. საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში იატაკზე ყრია მწებავი ლენტის ფრაგმენტები, ასევე ერთჯერადი ხამუთის ფრაგმენტები, შავი შეფერილობის თასმა, მწებავი ლენტის ხვიარა, ელექტრო სადენის გადამყვანი სადენით, მითითებული ნივთები ამოღებული იქნა. სკამის ზედაპირიდან და იატაკიდან ამოღებული იქნა სამზარეულოს დანები, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ცალი სიგარეტის ნამწვი, მეტალის ფოლაქი, მოთეთრო ფერის ელსადენი. მისაღები ოთახის გვერდითა ოთახში იატაკიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, ასევე ამოღებული იქნა ვენტილატორი. იმავე ოთახში მაგიდაზე არსებული ღვინის ბოთლის ყუთის ზედაპირიდან ამოღებული იქნა თითის კვალი. ეზოს ჭიშკართან აღმოჩენილი იქნა მოწითალო შეფერილობის სამი ხელთათმანი. საძინებელი ოთახის იატაკიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ბ------ გ---–--მ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.
2018 წლის 14 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში შაუმიანის ქუჩაზე დათვალიერდა ყ------ თ---------ის ავტომანქანა ,,ტ-----------------“. ავტომანქანის სალონიდან აღებული იქნა სუნის ნიმუშები, ავტომანქანის მძღოლის სავარძლის ქვემოთ არსებულ ფეხის სადგამზე დევს სკოჩის ნაგლეჯი, სავარძლებიდან აღებული იქნა მიკრონაწილაკები, კარების სახელურებიდან ანაწმენდები, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი თითის კვალი.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უ-----ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა მ------ კ----ემ.
2018 წლის 14 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ტ---– ა----------ს ქ.N11-ში ყ------ თ---------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი
,,ტ-----------------ს“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა.
2018 წლის 14 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ ემზარ ჯ----------გან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები წებოვან ლენტზე, 4 ქილა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, 1 ცალი ხელის თითის კვალი, სკოჩის ნაგლეჯი, 4 ცალი გასაღები, ცელოფნის პარკი, ცდ დისკი, პლასტიკური ბარათი, 1 წყვილი მამაკაცის ფეხსაცმელი.
ხ--–---------ს რაიონული სამმართველოს უ-----ს პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ------ მ----–--ის მიერ შედგენილ 2018 წლის 1--------–-ს პატაკში მითითებულია, რომ 2018 წლის 1------------–ს ქ. ბათუმში დ---------ს ქუჩა N30-ში მცხოვრებ ყ------ თ---------ეზე ყაჩაღური თავდასხმა სხვა პირებთან ერთად ჩადენილი აქვს ნ------- გ-----–--ეს, დაბ. 1--------- წელს, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი ჰ-----–---- ქუჩა N66-ში, რომლებიც ყაჩაღობის დროს დაუფლებულ ნივთებს და დანაშაულის ჩადენის იარაღებს ინახავენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------ მ----–--ემ დაადასტურა, რომ მან მიიღო მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია.
2018 წლის 1-----------–-ს Nდ--- და Nდ--- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალი უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის კვალი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, რომლის იდენტური ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
2018 წლის 0---------–-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ყ------ თ---------ემ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება კეხიანი, მკვეთრად მარჯვნივ გადახრილი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია ფერის მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით, სახისა და საერთო ვიზუალით. მისი განმარტებით ამ პირმა დანის მაგვარი ნივთი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რომელმაც კარის გახსნის დროს აიწია ნიღაბი სახიდან. დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება მის ამოცნობაში, რადგან კარგად დაამახსოვრდა მისი სახე. ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის ნ------- გ-----–--ე.
2018 წლის 1--------–-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ დ------–--- თ---------ემ ამოიცნო წარდგენილი ფოტოსურათებიდან N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება კეხიანი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით, სახისა და საერთო ვიზუალით. მისი განმარტებით ამ პირმა დანის მაგვარი ნივთი ჩაარტყა მის ძმას გულმკერდის არეში, რომელმაც კარის გახსნის დროს აიწია ნიღაბი სახიდან. დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება მის ამოცნობაში, რადგან კარგად დაამახსოვრდა მისი სახე. ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ N3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის ნ------- გ-----–--ე.
2018 წლის 19 აპრილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ჩატარებული იქნა ქ. ბათუმში ჰ-----–---- ქუჩა N66-ში მდებარე ნ------- გ-----–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მისაღები ოთახის ტანსაცმელების კარადიდან ამოღებული იქნა ნ------- გ-----–--ის ორი ცალი მოშავო ფერის ქურთუკი, მოლურჯო ფერის მაისური და 2 ცალი მოლურჯო ფერის ღია შარვლები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უ-----ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა მ------ კ----ემ დაადასტურა, რომ მის მიერ იქნა ჩატარებული ნ------- გ-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ნ------- გ-----–--ის ტანსაცმელი მისი მშობლების მითითებით, ჩხრეკა ასახული იქნა ვიდეოზე.
ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა----–--- ბ---------მ და ა---------– თ---------ემ.
2018 წლის 1--------–-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ყ------ თ---------ეს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 1--------–-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დ------–--- თ---------ეს აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2018 წლის 0--------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ყ------ თ---------ის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და იდენტურია ნ------- გ-----–--ისგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ
დაადასტურა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
2018 წლის 0------------ის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ყ------ თ---------ის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებულ ორ წყვილ ხელთათმანზე, დანაზე, წებოვან ლენტზე, გასაღებებზე, პლასტიკურ ბარათზე, ცდ დისკზე, ჩვარზე, პოლიეთილენის პარკზე, მიკრონაწილაკებზე და ანაწმენდებზე, ასევე ჯინსის შარვლებზე და ქურთუკებზე ნ------- გ-----–--ის გენეტიკური პროფილი არ გამოვლინდა.
ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შ------- კ--–------მ.
2018 წლის 1---------ოს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ყ------ თ---------ის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან და წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ მიკრონაწილაკებიან სპეცფირფიტების ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ნ------- გ-----–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ორ ცალ ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
წებოვანი ლენტის ფრაგმენტის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ნ------- გ-----–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ორ ცალ ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ორივე ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელი და წებოვანი სპეცფირფიტების და სკოჩის ფრაგმენტის ზედაპირებზე აღმოჩენილი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებიც შეღებილია ინდიგოიდური საღებავებით არიან ფართოდ გავრცელებული და გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ნ---–ი ა--–-----–მა.
მსჯავრდებლმა ნ------- გ-----–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ სცნო თავი დამნაშავედ ყაჩაღობის ბრალდებაში და განმარტა, რომ არ იცნობს დაზარალებულებს, არ იცის მათი სახლი. 2018 წლის 1------------–ს მუშაობდა მშენებლობაზე ჯ-----–---–ის ქუჩაზე მამასთან და ვ--–-----ნ ხ---------თან ერთად. საღამოს 6 საათზე ავიდნენ ბიძამისთან ვ-----–- ბ-----–---–თან, სადაც დასხდნენ სუფრასთან სავახშმოდ ღამის პირველ საათამდე, რის შემდეგაც დაწვნენ დასაძინებლად და მეორე დღის 9 საათამდე არსად არ გასულა.
დაცვის მხარის მოწმე ვ--–-----ნ ხ-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1------------–ს ის და ნ------- გ-----–--ის მამა გ---- გ-----–--ე იმყოფებოდნენ მშენებლობაზე და მუშაობდნენ საღამოს 18 საათამდე, მათ ეხმარებოდა ნ------- გ-----–--ეც. შემდეგ ავიდნენ ვ-----–- ბ-----–---–ის სახლში და საღამოს 20 საათზე დასხდნენ სავახშმოდ და გვიანობამდე პირველის ნახევრამდე ისხდნენ სუფრასთან და თან ცოტას სვამდნენ.
ანალოგიური განმარტეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ---- გ-----–--ემ, ვ-----–- ბ-----–---–მა, ა------ ძ---–--ემ და მ------- ვ--–---ემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათთან იყო ნ------- გ-----–--ე და არსად წასულა, ღამეც იქ გაათენა.
შპს ჯეოსელიდან წარმოდგენილი ინფორმაციით მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ეკუთვნის ყ------ თ---------ეს გაფორმებულია ნ---- გ------–-–---–ის სახლზე და 2018 წლის 1------------–ს 15:07 საათზე ფიქსირდება ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-------ში, ხოლო 2018 წლის 14 თებერვალს 00:30 საათზე ფიქსირდება უ----ში.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ნ. გ-----–--ის ყაჩაღობის ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით), აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ეპიზოდში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ. გ-----–--ის ბრალდების დადასტურება.
სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთელ რიგ დეტალებში შეუსაბამოა ერთმანეთთან და სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის ყ------ და დ------–--- თ---------ეების ჩვენებებს, როლმებითაც ირკვევა, რომ მათ უტყუარად ამოიცნეს თავდამსხმელი პირებიდან ნ------- გ-----–--ე, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ყ------ თ---------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, დათარიღებულს 2018 წლის 6-------–-თ, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ ყ------ თ---------ემ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება კეხიანი, მკვეთრად მარჯვნივ გადახრილი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია ფერის მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით, სახისა და საერთო იერსახით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მას წარედგინა მისი მონაწილეობით ჩატარებული 2018 წლის 6-------–-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და მასზე დართულ ფოტოსურათებიდან მიუთითა ნომერ პირველ ფოტოზე გამოსახულ პირზე, როგორც ყაჩაღობაში მონაწილე პირზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ აქვს ძალიან ცუდი მეხსიერება ასაკის გამო. ასევე საყურადღებოა, რომ სასამართლოში დაკითხვისას ყ. თ---------ემ აღნიშნა, რომ თავდამსხმელი იყო ცისფერთვალება, ხოლო ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ღია ფერის მომწვანო თვალები, არ ახსოვს როდის ჩატარდა ამოცნობა, არ ახსოვს რამდენი ფოტოსურათი აჩვენეს სამი თუ ერთი (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი).
აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ დ------–--- თ---------ის მონაწილოებით 2018 წლის 14 აპრილს ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამოიცნო ნ. გ-----–--ე კეხიანი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია ფერის მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით და სახისა და საერთო ვიზუალით, თუმცა ოქმს არ ახლავს ფოტოსურათები (ტ.1.ს.ფ 34-34);
საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, ამოცნობამდე ამომცნობმა უნდა მიუთითოს ამოსაცნობის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოსთვის გაურკვეველია რას ნიშნავს მითითება, რომ ამოცნობილი იქნა სახითა და საერთო ვიზუალით, თუ არ იქნა დაკონკრეტებული სახის აღწერილობა და სხვა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლის მიხედვითაც სასამართლო დარწმუნდებოდა ამომცნობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობაში.
აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ოპერატიულ ინფორმაციას, რომელიც თარიღდება 2018 წლის 1--------–-თ და მისი ავტორის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1------------–ს ქ. ბათუმში დ---------ს ქ. N30-ში მცხოვრებ ყ------ თ---------ეზე ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი აქვს ნ------- გ-----–--ეს (ტ.2 ს.ფ. 83, 84-86).
საქმეში ასევე წარმოდგენილია პატაკი, დათარიღებული 2018 წლის 1--------–---, რომლითაც ირკვევა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად ნ------- გ-----–--ე საცხოვრებელს სახლში უნდა ინახავდეს უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ ნივთიერებას (ტ.3 ს.ფ. 95); ნ------- გ-----–--ე დაკავებულია 2018 წლის 12 აპრილს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ბრალდებულის დაკავების ოქმი ტ.3. ს.ფ.165-170).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის გაურკვეველია, როგორ ჩატარდა ყ------ თ---------ის მონაწილეობით ფოტოსურათით ამოცნობა 2018 წლის 6 აპრილს, ხოლო დ------–--- თ---------ის მონაწილეობით - 2018 წლის 14 აპრილს, როცა ოპერატიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში ნ------- გ-----–--ის მიერ ყაჩაღობის შესაძლო ჩადენის თაობაზე შევიდა 2018 წლის 16 აპრილს, ხოლო თვით მსჯავრდებული ნ. გ-----–--ე 2018 წლის 12 აპრილს დაკავებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის.
ამდენად, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად და მასში ასახული გარემოებები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს.
პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს ნ. გ-----–--ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, რომლის მიხედვითაც ამოღებული იქნა ნ. გ-----–--ის ორი შარვალი.
საქმეში წარმოდგენილი ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ყ. თ---------ის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან საზურგედან ამოღებულ და წებოვანი ლენტის ფრაგმენტის ზედაპირზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნია საერთო გვარეობრივი კუთვნილება ნ. გ-----–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ორ ცალ ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. აღნიშნული დასკვნით ასევე დასტურდება, რომ ბამბის ბოჭკოები, შეღებილია ინდიგოიდური საღებავით, არიან ფართოდ გავრცელებული და გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა. ამდენად, წარმოდგენილი დასკვნით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ის გარემოება, რომ ნ. გ-----–--ე იჯდა ყ------ თ---------ის ავტომანქანაში და ტანთ ეცვა მისი სახლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი (ამოღებულ იქნა ორი ჯინსის შარვალი!)
პალატა აქვე სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ნ. გ-----–--ის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს მითითებულ საგამოძიებო მოქმედებას, რომლის დროსაც არ იქნა გათვალისწინებული საპროცესო კანონის მოთხოვნები. გაურკვეველია ვინ, სად, როდის და რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს, არ ხდება განმარტება, რომ მიმდინარეობს გადაღება, ასევე ვიდეოჩანაწერში უფლებების განმარტების ფაქტი არ ფიქსირდება.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ყ------ თ---------ის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნ------- გ-----–--ისაგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებისა, აღნიშნული ერთადერთი დასკვნა ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტს.
აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, ვ. ხ-------ის, გ. გ-----–--ის, ვ. ბ-----–---–ის, ა. ქ--–--ის და მ. ვ--–---ის ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება, რომ 2013 წლის 1------------–ს ნ. გ-----–--ე მუშაობდა მშენებლობაზე ჯ-----–---–ის ქუჩაზე გ. გ-----–--ესთან და ვ. ხ---------თან ერთად. საღამოს ავიდნენ ბიძასთან, ვ-----–- ბ-----–---–თან, სადაც დასხდნენ სუფრასთან სავახშმოდ ღამის პირველ საათამდე. მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ამ ხნის მანძილზე მათთან იყო ნ------- გ-----–--ე და არსად წასულა, ღამეც იქ გაათენა.
დაცვის მხარის მიერ შპს ,,ჯეოსელიდან’’ წარმოდგენილი ინფორმაციით მობილური ტელეფონის ნომერი 5-------- (დაზარალებულ ყ. თ---------ის და დ. თ---------ის განმარტებით თავდამსხმელებმა წაიღეს ყ------ თ---------ის მობილური ტელეფონი), რომელიც ეკუთვნის ყ------ თ---------ეს, გაფორმებულია ნ---- გ------–-–---–ის სახელზე, 2018 წლის 1------------–ს 15:07 საათზე ფიქსირდება ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-------ში, ხოლო 2018 წლის 14 თებერვალს 00:30 საათზე ფიქსირდება უ----ში. საქმის მასალებით ყ. თ---------ეზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა 1------------–ს დაახლოებით 20:00 საათზე. ბრალდების მხარის მიერ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი დაცვის მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულებები.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის ავტორის ჩვენება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ------- გ-----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულეების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულდ კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელივ არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
იგივეს მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v TURKEY, განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდაო ფაქტების ვარაუდიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვეს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ------- გ-----–--ის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ------- გ-----–--ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლების ნაწილში, კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება ნ------- გ-----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, აღნიშნული პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2018 წლის 12 აპრილის პატაკით, მოწმეების: ჯ. გ-----ის, გ. დ------ის, ზ. შ-----–--ის, ი. ა--–--ის, ზ. ბ---–----ის ჩვენებებით, 2018 წლის 12 აპრილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნ------- გ-----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით; 2018 წლის 13 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ------- გ-----–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ჩადენილი ქმედების საშიშროება, ხასიათი, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის როგორც საუარესო ისე სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ------- გ-----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებით ჩამორთმეული უფლებების ვადის შემცირების თაობაზე და განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-3 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გარკვეული უფლებების ჩამორთმევის ვადას, ამასთან, ამავე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, რასაც ნ------- გ-----–--ის შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ნ------- გ-----–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ------- გ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პაატა შავაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ნ------- გ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ნ------- გ-----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ------- გ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ნ------- გ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ------- გ-----–--ეს, 05 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნივთმტკიცების სახით არსებული ნ------- გ-----–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ------- გ-----–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები, 2 ქილა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანები, სკოჩის ხვიარა, სკოჩის ფრაგმენტები, ქუდის მაგვარი ნივთი, ხელთათმანები, ელ სადენის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, სკოჩის ფრაგმენტები, სისხლის და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო DVD დისკები შენახული იქნეს საქმესთან ერთად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე