განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
200100119002873292
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002873292

საქმე #1ბ/700-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ზ------------–---–ის, დაბადებულის 1961 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------––---------------ის დასახლებაში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ბაკურციხის მიმართულებით მოძრაობდა „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით - Z--------, რომელსაც მართავდა ზ------------–---–ი. გურჯაანის რაიონის სოფელ ა--–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს, მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა საპირისპირო სავალ ნაწილზე მოძრავ შ-------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ „ფორდის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - S------. შეჯახების შედეგად „ფორდის“ მარკის ავტომანქანის მგზავრებიდან ვ--------------ემ მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ა-–------------------–-–---–მა - მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წელის 27 მარტის განაჩენით:

 

ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას ზ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, აპელანტის მოთხოვნაა მსჯავრდებულისთვის სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ვ--------------ის, ა-–------------------–-–---–ის, შ-------------–---–ის, გ---–------–----ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ზ------------–---–ის გამოკითხვის ოქმით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული სქემით, კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის #3------------ დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ------------–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი და ჩადენილ დანაშაულსა და დამნაშავე პიროვნებასთან მიმართებაში - შეუსაბამო. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის წარსულში ნასამართლობის ფაქტი, როგორც პიროვნული მახასიათებელი და ასევე მხედველობაში არ მიიღო ბრალდებულის დამოკიდებულება დაზარალებულთან მიმართებაში, კერძოდ, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან და ამ უკანასკნელისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და ზ------------–---–ს უნდა განესაზღვროს სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე ზ------------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვერ დაეთანხმება. პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლეობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი დანაშაულის ყოველი კატეგორიისთვის განსაზღვრავს ნასამართლობის გაქარწყლების ვადებს. იქიდან გამომდინარე, რომ ზ------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან (მხედველობაშია ნასამართლობა ყვარლის რაიონული სასამართლოს 1982 წლის 9 ნოემბრის განაჩენით) გასულია 36 წელზე მეტი, მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გაქარწყლებული ნასამართლობა არ მიიღება მხედველობაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად ასევე მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის და ამ უკანასკნელისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ზ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ზ------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ზ------------–---–მა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. ამასთან, ზ------------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ზ------------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ------------–---–ისთვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ზ------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაყადაღებულ ზ------------–---–ის (პირადი №4----------) საკუთრებაში არსებულ უძრაც ქონებას;

 

პირობით მსჯავრდებულ ზ------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

„ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - S------, რაც ხელწერილით ჩაბარდა შ-------------–---–ს და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - Z--------, რაც ხელწერილით ჩაბარდა ზ------------–---–ს, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

 

ზ------------–---–ისა და შ-------------–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე