განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3ბ/2612-17
330310017001997180
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელი-მ---–-–--–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე- თ---------–-----–-
წარმომადგენელი- მ--------------–-ა
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით;
აპელანტის მოთხოვნა:
1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ---------–-----–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „მივლინების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის №------ ბრძანება მოსარჩელე თ---------–-----–-ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანება მოსარჩელე თ---------–-----–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---------–-----–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თ---------–-----–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 2017 წლის 1 აპრილიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით;
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. მოსარჩელე თ---------–-----–- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშტატო განრიგი და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში განისაზღვრა 1 მთავარი სპეციალისტის (საქმისმწარმოებლის) საშტატო ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში ნაცვლად 1 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულისა, განისაზღვრა 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, მათ შორის 1 მთავარი სპეციალისტი (საქმისმწარმოებლის) საშტატო ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე თ---------–-----–- გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით, მოსარჩელე თ---------–-----–- დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. (ს.ფ. 36-37); (ს.ფ. 38-41);(ს.ფ. 34); (ს.ფ. 35);
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
4.1. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „მივლინების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის №------ და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანებები, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
4.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48 -49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები, სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002 -III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით . შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე თ----- ა--–-----–ის სამსახურიდან გათავისუფლება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
4.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე თ---------–-----–- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს.
4.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე თ---------–-----–- გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრიქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქიონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება -მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება -მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საშტატო ნუსხებით) დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველოს) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში განისაზღვრა 1 მთავარი სპეციალისტის (საქმისმწარმოებილის) საშტატო ერთეული
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში ნაცვლად 1 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულისა, განისაზღვრა 3 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, მათ შორის 1 მთავარი სპეციალისტი (საქმისმწარმოებლის) საშტატო ერთეული.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ---------–-----–- ისეთ პირობებში იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული და კადრების განკარგულებაში გადაყვანილი, როდესაც ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში არა თუ შემცირდა მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, არამედ 2 ერთეულით გაიზარდა მათი რაოდენობა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან.
4.5. რაც შეეხება „შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით, მოსარჩელე თ---------–-----–- დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსარჩელე თ----- ა--–-----–ის დათხოვნის სამართლებრივი წინაპირობა და საფუძველი მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანა გახდა. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მოსარჩელე თ---------–-----–-ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას და შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი, კანონშეუსაბამოდ უნდა იქნეს მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგი.
4.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „მივლინების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის №------ ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც თ---------–-----–- გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანება მოსარჩელე თ---------–-----–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში.
4.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობდა ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ, კანონშეუსაბამოდ იქნა ცნობილი მოსარჩელე თ---------–-----–-ს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები და გაუქმდა ისინი, მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია, რის გამოც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---------–-----–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
4.8. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
სასამართლომ განმარტა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე თ---------–-----–-ს სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 აპრილიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საქმეზე №3-------- და ვითხოვთ მის გაუქმებას სრულად.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის (საქმეN№3--------) გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა თ---------–-----–-ს სარჩელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება, მითითებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია აბსოლიტურად შეუსაბამო სამართლებრივი ნორმებით და სასამართლო პრაქტიკით არის გამყარებული. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე, 30-ე მუხლზე, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, ეს ნორმები ადამიანის შრომის უფლებებს კი ეხება, მაგრამ არ კრძალავს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოყენებული აღნიშნული ნორმები ზოგადი ხასიათისაა და არაშესაბამისი მოტივაციაა გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 6, 7, 16, 29, 42 მუხლებზე, ასევე "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" პაქტის მე-6 მუხლზე და ევროპის სოციალური ქარტიის პირველ, 24 მუხლებზე - ეს ნორმებიც ზოგადი ხასიათისაა და არაშესაბამისი მოტივაციაა გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის. უფრო კონკრეტულად მივყვეთ ამ ნორმების განხილვას: კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს." არცერთი გამოყენებული ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო თ---------–-----–-ს სამსახურიდან გათავისუფლებას წინააღმდეგობაში არ მოდის არც საქართველოს კონსტიტუციასთან და არც საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმასთან. ამასთან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული ნორმებით არ დარღვეულა ადმიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, "ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება" სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ეს უფლება ყველა მოქალაქეს აქვს და მოსარჩელის ეს უფლება არ შეზღუდულა, ვინაიდან იგი კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე არ გათავისუფლებულა დაკავებული თანამდებობიდან. რაც შეეხება სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მითითებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი "იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, იგი გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისაგან" სადაო საკითხის დასასაბუთებლად გამოყენება ყოვლად ალოგიკურია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება რომელიც გარე ჩარევას ადასტურებდეს.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივად დასაბუთებაში მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-8 მულზე, რომლის თანახმადაც "ყველას აქვს უფლება პატივი სცეს მის პირად ცხოვრებას, მის საცხოვრებელ ადგილსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებში საჯარო ხელისუფლების ორგანოს ჩარევა, გარდა ისეთი შეთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად", სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების სამართლებრივად დასაბუთებისათვის ამ ნორმის გამოყენება ყოვლად გაუგებარია, ვინაიდან იგი არსებითად არ არის შემხებლობაში კონკრეტულ დავასთან მიმართებაში და სასამართლოს იგი არ უნდა გამოეყენებინა, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ჩარეულა მოსარჩელის პირად ცხოვრებაში.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ასევე არასწორად აქვს გამოყენებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობის დასაბუთებისას საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 32ე, 34-ე, 60-ე პრიმა და 96 მუხლები. შს მინისტრის გასაჩივრებული ბრძანებები არის თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეს სადაოდ მხარეებს არ გაგვიხდია, რომელზეც სასამართლო მსჯელობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ამასთან, სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი შს მინისტრის ბრძანების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ისინი მიღებულია საქმის ყოველმხრივი შესწავლის, შესაბამისი გარემოებების მოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადაგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასმართლოს მსჯელობისას, არ არის დაკონკრეტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (ან უმოქმედობა) ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ თუ საპროცესო კოდექსს ან რომელი კონკრეტული მტკიცებულებით დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რომელიც ცალსახად დაადასტურებს რომელი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე იქნა გამოცემული გასაჩივრებული აქტი, რაც საბოლოოდ მისი ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.
აპელანტი ასევე მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას, გარდა სამართლებრივი ნორმებისა, ეყრდნობა სასამართლო პრეცედენტებს, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს პრეცედენტული სამართალი მაშინ, როდესაც სადაო საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები არსებობს, რომლებიც არ დარღვეულა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას. კერძოდ, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს პოლიციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს ნორმა შესაბამისობაშია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან, რომლის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მოქმედება საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
აპელანტი მოიხმობს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
აპელანტი მიუთითებს შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი"-ს 34-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე თ---------–-----–- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. საქართველოს შს მინისტრის 01 თებერვლის #------ ბრძანების საფუძველზე მოსაჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შს მინისტრის 02 ივნისის #------- ბრძანების მიხედვით იგი დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
აპელანტი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01 თებერვლის #------ ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალი საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება. მოცემული ბრძანების საფუძველზე მოხდა რეორგანიზაცია ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, კერძოდ კი გაუქმდა პირადი შემადგენლობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილება რომლის ქვეგანყოფილებაშიც მუშაობდა მოსარჩელე, თ---------–-----–- და იგი ჩამოყალიბდა ახლიდან. სწორედ აღნიშნული რეორგანიზაცია გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი, ხოლო შემდგომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობდა შს მინისტრის 2017 წლის 02 თებერვლის №------ და 02 ივნისის №------- ბრძანებების ბათილად ცნობის, შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილები გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად (მთლიანად) ეთქმევა უარი მოსარჩელე თ----- ა--–-----–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და დამატებით აღარ მიუთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ:
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შრომითი საჯარო-სამართლებრივი დავა. კერძოდ, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის №------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანება.
6.4. პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამავე წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და დ) ქვეპუნქტების თანახმად სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: საშტატო -საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
6.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
6.6. ზემოთ მითითებული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოყვანილ უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული უქმდება. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
6.7. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის არგუმენტაციას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01 თებერვლის #------ ბრძანების საფუძველზე (შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალი საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება), რომლის საფუძველზე მოხდა რეორგანიზაცია ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, კერძოდ კი გაუქმდა პირადი შემადგენლობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილება რომლის ქვეგანყოფილებაშიც მუშაობდა მოსარჩელე, თ---------–-----–- და იგი ჩამოყალიბდა ახლიდან. სწორედ აღნიშნული რეორგანიზაცია გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი, ხოლო შემდგომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტს ფუნქციონალური თვალსაზრისით ცვლილება არ განუცდია, ვინაიდან მოსარჩელის თანამდებობა ფუნქიონალურად, შინაარსობრივად და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით, წარმოადგენს ისეთივე თანამდებობას რაც გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს. საგულისხმოა ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არა თუ შემცირდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის საშტატო ერთეული, არამედ პირიქით, მას დაემატა კიდევ 2 შტატი. აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ პირის დაკავებული თანამდებობიდან გასათავიუსფლებლად საკმარისი არ არის ბრძანებაში მხოლოდ მიზეზის - რეორგანიზაცის მითითება, თუ მას თან არ სდევს მთელი რიგი წინამძღვრები რომლებმაც შესაძლებელია კანონიერად და საფუძვლიანად გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავსიუფლება. მაგალითად, როგორც უკვე აღინიშნა რეორგანიზაციას თან უნდა სდევდეს კონკრეტული სამსახურის არსობრივი და ფუნქციონალური, მისი როგორც შტატის გაუქმება და არა პირიქით, როგორც განსახილველ შემთხვეაში აქვს ადგილი, შტატების ზრდა. ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ რეორგანიზაციით არ განხორციელებულა რა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ლიკვიდაცია ან შემცირება, რეორგანიზაცია არ ქმნიდა მისი გათავისუფლების საფუძველს. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანებები ეფუძნება არსებული ფაქტობრივი ვითარების არასწორად შეაფასებასა და სამართლის ნორმების არასწორად გამოყენებას, რაც მის უკანონობას განაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამოდმდინარე პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ---------–-----–- ისეთ პირობებში იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული და კადრების განკარგულებაში გადაყვანილი, როდესაც ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშტატო განრიგში და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების საქმისწარმოების ქვეგანყოფილებაში არა თუ შემცირდა საშტატო ერთეული, არამედ 2 ერთეულით გაიზარდა მათი რაოდენობა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან.
6.8. პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებაში ასახული კონკრეტული მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სახეზეა მისი ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთ ვითარებაში, საფუძველი ეცლება თ---------–-----–-ს კადრების განკარგულებაში ყოფნასა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანებას. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანება, როგორც უსაფუძვლო აქტი და კანონის დარღვევით გამოცემული აქტის თანმდევი შედეგი, ასვე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე.
6,9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამავე კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს იძულებით გაცდენილი დროის შრომითი გასამრჯელო.
შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხისათვის თ---------–-----–-ს სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებას 2017 წლის 1 აპრილიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიული ოდენობით.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე