განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2747-17
330310016001471845
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - გ----------------ე
წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება,გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება, სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - გ----------------ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება ასაკობრივი პენსია.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 24 სექტემბერს, ერთის მხრივ სსიპ სსსტც „დელტას“ და მეორეს მხრივ, გ----------------ეს (დაბ. 12.05.1--- წ.) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №-------, რომლითაც გ----------------ე დაინიშნა ხ----------–------------–-ს თანამდებობაზე და ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა - 773 ლარის ოდენობით.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ 2017 წლის 15 მარტის №--- წერილით დგინდება, რომ გ----------------ე (პ/ნ: 0----------) 2010 წლის 24 სექტემბრიდან ამ პერიოდამდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ძირითადი წარმოების დეპარტამენტის ნამზადების და სატვიფრო საწარმოს ძირითადი მუშის (ხ----------–------------–-) თანამდებობაზე და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: პ.ა) ნახაზების კითხვა; პ.ბ) მოდელების და საკოპე ყუთების ნაწილების შეკერვა და შეწებება; პ.გ) სხვადასხვა სირთულის მოდელების შესრულება ხარისხით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; პ.დ) მჭრელი იარაღის გალესვა; პ.ე) სამუშაოს შესრულება ჩასმების და დაშვებების, საკონტროლო და მზომი იარაღების გამოყენებით; პ.ვ) ხის მოდელების დასამზადებლად შესაბამისი ჯიშის ხის მასალის შერჩევა; პ.ზ) თარგების გათვლა და მათი დამზადება; პ.თ) სხვადასხვა სირთულის გეომეტრიული ზედაპირების მონიშვნა; პ.ი) სამუშაოს შესრულება ლითონის გაცივების ჯდომისათვის ნამეტების გათვალისწინებით; პ.კ) ელექტრო და პნევმო იარაღების გამოყენება; პ.ლ) ტექნიკური უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა; პ.მ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2.2. 2016 წლის 19 ივლისს, გ----------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით გ----------------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). მხარეს განემარტა გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, აკ. წერეთლის 144) ან სასამართლოში (თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში), გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს #------------- წერილით გ----------------ის წარმომადგენელს - ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის გ----------------ეს (პ/ნ: 0----------) გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის„დ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამასთან, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მოსარჩელესთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც 2016 წლი 1 აგვისტოდან გ----------------ეს დაენიშნება ასაკობრივი პენსია
ამასთან, სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ, 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული - სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ №---------- გადაწყვეტილებით გ----------------ეს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, კერძოდ მითითებული იქნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის №144) ან სასამართლოში (ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სადავო აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ტერიტორიული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში ისანი-სამგორის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
2.4. სასამართლომ მოიხმო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებდა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს და განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი№1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიისადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლომ ასევე მიუთითა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
2.5. სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე - გო--------------ძე დაიბადა 1--- წლის12 მაისს. შესაბამისად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
სასამართლომ ასევე მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ 2016 წლის 19 ივლისს, გ----------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით გ----------------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს #------------- წერილით გ----------------ის წარმომადგენელს - ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენდა სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
2.6. სასამართლომ მოიხმო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი,რომლის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის მასალების თანახმად, გ----------------ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ძირითადი წარმოების დეპარტამენტის ნამზადების და სატვიფრო საწარმოს ძირითადი მუშის (ხ----------–------------–-) თანამდებობაზე.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე - გო--------------ძე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი„გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და
რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
სასამართლომ დაადგინა, რომ გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - გ----------------ე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.8. სასამართლომ მოიხმო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2016 წლის 1 აგვისტოდან გ----------------ეს დაენიშნება ასაკობრივი პენსია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამოდინარე, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად: ის გარემოება, რომ კანონმორჩილება საჯარო ხელისუფლების არსებობასა და ფუნქციონირებას უკავშირდება, სათავეს იღებს იმ დროიდან, როდესაც საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათივე მშვიდი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ისეთი ძალის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ყველასათვის საერთო სტანდარტების დადგენას და იქნებოდა გარანტი მისი აუცილებელი დაცვისა და შესრულების თვალსაზრისით. „სწორედ ამაშია სახელმწიფოს არსი, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ერთი პიროვნება, რომლის მოქმედების ავტორადაც თავი გამოაცხადა მრავალმა; ისინი ერთმანეთს შეუთანხმდნენ იმის შესახებ, რომ მას შეუძლია ყველას ძალა და უნარი გამოიყენოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოებისათვის. ამგვარ პიროვნებას ჰქვია სუვერენი და მას სუვერენული ძალაუფლება მიეწერება, ყველა სხვა კი მისი ქვეშევრდომია. „ წერს გამოჩენილი ინგლისელი მოღვაწე თომას ჰობსი. თომას ჰობსის აღნიშნულ თეზაში თვალნათლივ ჩანს, რომ სახელმწიფოს დაფუძნების მიზანი საერთო კანონმორჩილების განმტკიცებაა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კონსტიტუციაში განმტკიცებული კანონმორჩილების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო ხელისუფლების ერთპიროვნული და სუვერენული მმართველობის დეკლარაცია, ხოლო, მეორე მხრივ, საყოველთაო წესრიგის უზრუნველყოფაა, რადგანაც, კონსტიტუცია, თავისი იურიდიული ფუნქციიდან გამომდინარე, ამა თუ იმ საზოგადოებრივ ურთიერთობას ნორმის ძალას ანიჭებს და ყველასათვის სავალდებულოდ აცხადებს. გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ხელისუფლების კანონშემოქმედებითი შესაძლებლობა შეუზღუდავია და იგი სუვერენულია თავის მთელ ტერიტორიაზე; განუსაზღვრელია იმ პირთა წრეც, რომელთაც აქვთ კანონმორჩილების ვალდებულება. მაშასადამე, სუბიექტი, რომელიც ვალდებულია უპირობოდ დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირიც, იმის მიხედვით, ესა თუ ის ნორმა სუბიექტთა რომელ წრეზეა ორიენტირებული. (საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი თავი მეორე საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013.)
კონსტიტუციის 39‑ე მუხლი კონკრეტულად უზრუნველყოფს იმ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციის პრინციპებს – დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო – ეყრდნობა. განსაკუთრებით ეს ეხება იმ უფლებებს, რომლებიც სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №------- გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლოს მითითებით, ზოგადად ამოწურვადი რესურსები, მათ შორის სახელმწიფო სახსრების დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სადაც სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ სახსრების განკარგვა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითაც, ამოწურვადი სახელმწიფო რესურსები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებით ადამიანის უფლებათა გარკვეულ დაკმაყოფილებას. ასევე არსებული კონსტიტუციონალისტების შეხედულებით, არ ითვლება დისკრიმინაციად ის განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება, არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკვეთრი ხაზი გაავლო ნებადართულ განსხვავებულ მოპყრობასა და უკანონო დისკრიმინაციას შორის. ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდიეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზნებს შორის. (საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი თავი მეორე საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013.)
აღნიშნული გარემოებების გარდა, აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
აპელანტი მიუთითებს რომ ევროპის სოციალურ ქარტიის მიმართ (შესწორებული) მიღებული ქ. სტრასბურგი, 3.V. 1996.წ. საქართველომ მოახდინა რატიფიცირება 2005 წლის 01 ივლისს საქართველოს პარლამენტის №1876 დადგენილებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/43174) და რატიფიცირებულ იქნა სტრასბურგის 1996 წლის 3 მაისის „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული)“ და მისი დანართი და ამავე ქარტიის III ნაწილის A მუხლის შესაბამისად საქართველო სავალდებულოდ აღიარებს ქარტიის შემდეგ მუხლებსა და პუნქტებს: მე-12 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები; ანუ საქართველო ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე იღებს ვალდებულებას: მე-12 მუხლის მიხედვით: 1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; და 3) ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა;
აღნიშნულიდან გამოდინარე, აპელანტმა განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება (გვ.6) დავის საგანთან დაკავშირებით, რომ "შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც სულ მცირე თანაბარი უნდა იყოს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიცირებისათვის აუცილებელი დონის;" ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ნაწილში საქართველოს არც მოუხდენია რატიფიცირება.
აპელანტი მიუთითებს საქალაქო სასამართლოს მითითებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი ბს-77-75 (კ-15) სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე "სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა, საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით... დაადგინა, რომ "ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი" და აღნიშნულის შესაბამისად სამოქალაქო საპროცესოს 266-ე მუხლის მიხედვით დელტას საქმიანობის პროფილი, არ წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან პრეიუდიცია მხოლოდ იგივე მხარეებზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის და 266-ე მუხლის შესაბამისად. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი გამომცემლობა სამართალი თბილისი 2007 გვ: 209-211 და გვ: 467-468).
აპელანტი მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ" მე-17 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის შესაბამისად მხოლოდ "უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)."
აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, არც ჰქონდათ სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გარემოებების გარდა საქართველოს კანონის "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებს მეცნიერი, რომელიც უფლებამოსილია: განახორციელოს სამეცნიერო კვლევა, დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; ასევე საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" განსაზღვრავს მეცნიერის ცნებას, კერძოდ - მეცნიერი არის – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი , რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას, აღნიშნულის შესაბამისად "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"კანონის მიხედვით სსიპ - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება არის ის ერთეული, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება. ასევე მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დაწესებულება ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ასევე გასათვალისწინებელია რომ სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმაა, რასაც აუცილებლად უნდა ახორციელებდეს დაწესებულებაში მყოფი თანამშრომელი, რომ იგი ჩაითვალოს სამეცნიერო-კვლევის განმახორციელებლად და ასევე დაწესებულების საქმიანობის პროფილსაც უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც კანონის შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი მის საქმიანობის წესში - წესდებაში. (საქართველოს კანონი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ მ. 10-1 )
აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულების მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“. თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დელტას, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.
აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №264 დადგენილების მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ (შემდგომში ცენტრი) უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველეყო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ამავე დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულების დამტკიცებას, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება.
აღნიშნული დებულების მიხედვით აპელანტი უთითებს, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.
ამავე წესდების მიხედვით: ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება): ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘.
შესაბამისად აპელანტი განმარტავს, რომ არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ- სსსტც დელტა - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით, დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტს დაუსაბუთებელად და უსაფუძვლოდ მიაჩნია სსიპ -სსსტ ცენტრ "დელტას" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათ მიჩნევა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება როგორც აღვნიშნე არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და მას აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქართველოს საკანონმდებლო ან სამართლებრივი აქტით, ვინაიდან საჯარო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი, კერძო სამართლისგან განსხვავებით, რომ "ყველაფერი ნებადართულია, რაც კანონით არ არის აკრძალული" და შესაბამისად საჯარო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს და უშუალოდ ცენტრ "დელტას", როგორც აღვნიშნე მოქმედი კანონმდებლობა უნდა ანიჭებდეს შესაბამისი უფლებამოსილებას.
აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს კანონის სახელმწიფო პენსიის შესახებ მოთხოვნათა მიხედვით დარეგულირებულია პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველი, პენსიის ადმინისტრირების ორგანო, დადგენილია პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგადი პრინციპები.
ასევე ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა - საჯარო საქმიანობა ანუ საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გარდა ... სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.... განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ამავე კანონის მიხედვით: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: - საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. (მ.17 პ1 ქპ ბ) უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ- სსსტ ცენტრ დელტა-ში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.
აპელანტი განმარტავს ასევე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).
გარდა ამისა აპელანტი განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; და ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
აღნიშნულის გარდა, კანონის მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის: ... ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; .... და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.
აპელანტი აღვნიშნავს, რომ სსიპ- სსსტც დელტა-ს წესდება, ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პროფილის საქმიანობა, რადგან აღნიშნული არსად არის განსაზღვრული და მინიჭებული და რადგან დელტა ახორციელებს მხოლოდ დაქვემდებარებული სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს, აღნიშნული კანონმდებლობის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არ გულისხმობს, რომ იგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
აპელანტს მნიშვნელოვნად მიაჩნია აღინიშნოს, რომ სააგენტომ 2017 წლის 09 თებერვალს №04/8010 წერილით მიმართა "დელტას" და 2017 წლის 27 თებერვალს №338 წერილობითი პასუხით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება, საქმიანობის პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭოს ის უფლებამოსილება, რასაც თავად განმახორციელებელი უარყოფს, ვინაიდან აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებს.
აღნიშნული გარემოებების გარდა, სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებას "სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ" რადგან აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს და აღნიშნულ ჩამონათვალში უშუალოდ იურიდიული პირი – სსსტც დელტა არ გვხვდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაის გაუქმებას, საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატა. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
6.1. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ----------------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემელი(პენსიის)მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას. კერძოდ დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, როემლიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ძირითად გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი ,,დელტა“ რეალურად წარმოადგენს თუ არა საჯარო დაწესებულებას, ვინაიდან სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების განსაზღვრის შემთხვევაშია შესაძლებელი სწორი გადაწყვეტილების მიღება.
,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.
როგორც უკვე დადგინდა გ----------------ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს ძირითადი წარმოების დეპარტამენტის, ნამზადებისა და სატვიფრო საწარმოს ძირითადი მუშის (ხის მოდელი მემოდელე) თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე გ----------------ე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. ვინაიდან, ,,დელტას’’ საქმიანობის მიმართულება, მისი მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და თავად ცენტრის შექმნის საფუძველი უდაოდ ადგენს ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ზემოთ მოყვანილმა უზენაესი სასამართლოს დასკვნამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მოაქცია ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის იმ გამონაკლისში, რომელში დასაქმებაც არ წარმოადგენს საჯარო სამქიანობის განხორციელებას. ამდენად დადგინდა რა,რომ გ----------------ე არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას, ავტომატურად გამოირიცხა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის წინაპირობა.
პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
6.2. გარდა ამისა, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიც იყო სახელმწიფო გასაცემლის (სოციალური პაკეტის) დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს ჰქონდათ პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავდა იმას, რომ საჯარო დაწესებულებას, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა ეხელმძღვანელა ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაეშვა ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმისნიტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: მირანდა ერემაძე