განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015726425
საქმე №2ბ/5662-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი _ გ-----------–--ე
წარმომადგენელი - მ--------------–----, თ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ------------
წარმომადგენელი - თ---------–-–---–ი
თავდაპირველი მოპასუხეები - ამხანაგობა „ბ------–---------“-ის დამფუძნებელი წევრები: რ-----------–---–-, ა-–-----------–---, ტ------–-–-–---–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ-----------ის სარჩელი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ------–---------“-ის დამფუძნებელი წევრების - გ-------------–--ის, რ-------------–---–ის, ა-–---- ა-----–--ას, ტ------–-–-–---–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ-------–----------“-ის დამფუძნებელ წევრებს - გ-----------–--ეს, რ-----------–---–ს, ა-–-----------–---ს, ტ------–--–-–---–---–ს მოსარჩელე ნ-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 86 977 ლარის გადახდა; ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ------–---------“-ის დამფუძნებელ წევრებს - გ-----------–--ეს, რ-----------–---–ს, ა-–-----------–---ს, ტ------–-–-–---–---–ს მოსარჩელე ნ-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 609.3 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 168.7 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2014 წლის 2 ივნისს N 1 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300 773 150;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საბინაო კომისიის წინადადება და დამტკიცდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ-------–-----------ის“ საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ - ტ------–-–-–---–---–ი, მ----–---–---------ა და ა-----–------–----.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- აღმასკომის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 9-10);
2.2 ამხანაგობის „ბ-------–----------“ კრების N5 ოქმის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 16 სექტემბრის N---------. გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდნენ იბა „ბ-------–----------“ -ის სინიციატივო ჯგუფის წევრები: გ------------–---, რ------------–---–ი, ტ------–-–-–---–---–ი, ნ---------------- და ა-–-----------–---. საინიციატივო ჯგუფმა ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩია გ-----------–--ე;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- კრების ოქმი (ს.ფ. 11);
2.3 ამხანაგობა „ბ-------–----------“ კრების N5 ოქმით თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ იბა „ბ-------–-----------ს“ ეწოდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ-------–----------“ და გადაწყდა, რომ მისი საქმიანობა უნდა წარმართულიყო 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. კრებას ესწრებოდნენ - გ------------–---, ტ------–--–-–---–---–- და ნ----------------ე. კრების სხდომას არ ესწრებოდნენ ა-–--------------–--ა და რ-------------–---–ი, მათი მისამართის დაუდგენლობის გამო. ამავე სხდომაზე ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს გ-------------–--ე, რომელსაც მიენიჭა ამხანაგობის სახელით ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- N5 კრების ოქმი (ს.ფ. 12).
2.4 2004 წლის 20 მაისს დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე -2 მუხლით განისაზღვრა, რომ ამხანაგობის წევრებს წარმოადგენდნენ თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საინიციატივო ჯგუფის წევრები - გ------------–---, ტ------–-–-–---–---–ი და ნ----------------. რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს - რ-----------–---–სა და ა-–-----------–---ს, დადგინდა, რომ მათი საკითხი განიხილებდა ცალკე, ვინაიდან ვერ დადგინდა მათი ადგილსამყოფელი.
ხელშეკრულების მე -3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეთა მიზანია, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. 7.3 მუხლის თანახმად, ამხანაგობის მიზნის მიღწევისათვის საჭირო ქონების ფორმირებისათვის თავმჯდომარეს შემოყავს ახალი პირები. წევრობა, ხმის უფლების ჩათვლით, წარმოიშობა მხოლოდ შენატანის სრულად განხორციელების, მშენებარე ბინის გადაფორმებისა და ამის შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარესა და წევრს შორის მარტივი წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის გაფორმების შედეგად. 8.2 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე დებს ხელშეკრულებას ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება (ს.ფ. 119-125).
2.5 2006 წლის 12 სექტემბერს ესა „ბ--------–----------სა“ (წარმოდგენილი თავმჯდომარის მეშვეობით) და ნ-------------ეს შორის დაიდო ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შენატანის ოდენობა შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრი ამხანაგობის თავმჯდომარეს - გ-----------–--ეს გადასცემს 2.1. პუნქტში მითითებულ სრულ თანხას. 3.1 მუხლის თანახმად კი, ამხანაგობა ნ-------------ეს გამოუყოფდა წილს - მშენებარე შენობის მე -2 სადარბაზოს მე -3 ფლიგელის მე -2 სართულზე მდებარე 100 კვ.მ ბინას.
აღნიშნულ ფართში უნდა შესულიყო საზაფხულო ფართი არანაკლებ 12 კვ.მ, ასევე 1 ავტოსადგომი.
ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, დასრულებული ბინა ნ------------ს უნდა გადასცემოდა არაუგვიანეს 2007 წლის 31 აგვისტოსი.
6.3. მუხლის მიხედვით კი, დასრულებული შენობა ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2007 წლის 30 სექტემბრისა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 13-14).
2.6 2006 წლის 3 დეკემბერს ესა „ბ-------–-----------სა“ (წარმოდგენილი თავმჯდომარის მეშვეობით) და ნ------------ს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, წევრის შენატანს შეადგენს 1 კვ.მ -ზე 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ავტოსადგომისთვის 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სულ 34 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრმა 2.1. პუნქტში მითითებული თანხა სრულად გადასცა ამხანაგობას.
3.1. მუხლის თანახმად ამხანაგობის წევრის წილს წარმოადგენდა მშენებარე შენობის მე - 3 ფლიგელის მე -2 სადარბაზოს მე -2 სართულზე მდებარე ბინა საერთო ფართით 107 კვ.მ, საიდანაც 86,2 კვ.მ არის საცხოვრებელი ფართი, 20,8 კვ.მ - საზაფხულო ფართი. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ბინის მფლობელობაში გადაცემის ბოლო ვადაა 2008 წლის 30 ივნისი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17).
2.7 2010 წლის 7 ივლისს ამხანაგობა „ბ--------–-----------“ -ის თავმჯდომარემ -გ-----------–--ემ იკისრა ვალდებულება 2010 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოეხდინა მოსარჩელის დაკმაყოფილება ბინით, რომელიც მდებარეობდა წ-----------------–--–------- ში, მე -2 სადარბაზო, მე -3 სართული, საერთო ფართი 67 კვ.მ. და გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ.171).
2.8 2009 წლის 13 სექტემბრის ერთბლივი საქმიანობა ამხანაგობა „ბ-------–----------“ -ის წევრთა კრების ოქმის თანახმად მოხდა ბინის დანომვრა და მათი გაპიროვნება ამხანაგობის წევრებზე. ასევე განხორციელდა კომერციული ფართებისა და ავტოსადგომების დანომვრა და გაპიროვნება ამხანაგობის წევრებზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- კრების ოქმი (ს.ფ.18-21).
2.9 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ბ----ი-წ---------------–--–- N---ში მდებარე, შესაფასებლად წარდგენილი საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება 2012 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენა 52 260 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი დასკვნის შედგენის მომენტისათვის შეადგენდა 86 977 ლარს;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 22-26).
2.10 მოსარჩელეს არ გადასცემია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება საკუთრებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2017 წლის 2 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.11 ნ------------ს სრულად აქვს გადახდილი მასსა და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ--------–-----------“ -ს შორის 2006 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულება 20 000 აშშ დოლარის ოდენობთ.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე გ-----------–--ის მითითება, რომ ნ------------ს არ ჰქონდა გადახდილი სრულად ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ფაქტი უნდა დაადასტუროს მოვალემ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ამხანაგობის წევრმა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა სრულად გადასცა ამხანაგობას. ასეთ პირობებში მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა, რომ ნ------------ს თანხის გადაცემის ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე გ-----------–--ე უთითებდა, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე, მათ შორის მოწმედ დაკითხვისას უთითებდა, რომ მას მიადგა ზიანი 16 400 აშშ დოლარის ოდენობით და რომ სწორედ აღნიშნული თანხა იყო გადახდილი მის მიერ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის მიერ მითითებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს სწორედ 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი, რის თაობაზეც უთითებდა როგორც მოსარჩელე, ისე მოწმის სახით დაკითხული შესაბამისი პირები (ს.ფ. 543-558)
2.12 მოსარჩელის მიმართ მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ტ------–---–-–---–---–ის, რ-------------–---–ისა და ა-–-----------–---ს მტკიცება, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ გ-----------–--ეს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ამხანაგობა ''ბ-------–----------ის'' 2004 წლის 20 მაისის სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 ოქტომბრის №12.23.1132 და 1991 წლის 27 თებერვლის №4.54.195 გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოყალიბებულ ამხანაგობა ''ბ--------–------------ს'' ეწოდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ''ბ-------–----------'' და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ''ბ-------–-----------ის'' სადამფუძნებლო ხელშეკრულება. შესაბამისად, 2004 წლის 20 მაისს შექმნილი ამხანაგობა წარმოადგენდა თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის №4.54.195 გადაწყვეტილებით შექმნილი ამხანაგობის უფლებამონაცვლეს. აღნიშნული ნიშნავდა იმას, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ''ბ-------–----------'' იყო იმ უფლებებისა და ვალდებულებების მატარებელი, რაც თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის №4.54.195 გადაწყვეტილებით შექმნილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ''ბ--------–---------''.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ისინი წარმოადგენდნენ შესაბამისი ამხანაგობის დამფუძნებლებს. მოპასუხეებს დამადასტურებელი, რომ ისინი არ წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებლებს და რომ მათ მიმართ შეწყდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, არ წარმოუდგენიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, წარმოშობილი 2006 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
სასამართლომ, ამხანაგობისა და ნარდობის ხელშეკრულებების გამიჯვნის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, ყურდაღება გაამახვილა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე.
სასამართლომ მიუთითა, რომ აუცილებელია განისაზღვროს საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მხარეების (წევრების) უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთო საქმიანობის გაძღოლის მიზნით, პირთა გაერთიანება (ამხანაგობა) წარმოადგენს ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომლის უფლება-ვალდებულებები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა წარმოადგენდა ორგანიზებულ ერთობას, ამხანაგობის მონაწილეები ერთობლივად უძღვებოდნენ ამხანაგობის საერთო საქმიანობას საბოლოო მიზნის მისაღწევად მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენდა კოლექტიურ გაერთიანებას, გარკვეულწილად ახასიათებდა კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავდა როგორც ორგანიზაციულ, ასევე ქონებრივ ელემენტებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენდა გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილი იყო ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების ზემოაღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით, მისი მონაწილეები სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობენ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება წარმოადგენს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხდება ყველა მონაწილის უფლებების დაკმაყოფილება. რაც შეეხება საერთო საქმიანობის შედეგად მიღებულ სიკეთეს, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული შედეგი მიუთითებდა საერთო საქმიანობით მიღწეულ მიზანზე. ზუსტად ამ საქმიანობის შედეგად მიღებული (კონკრეტულ შემთხვევაში) ქონების განაწილება გავლენას ახდენდა საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მონაწილეთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რასაც შეიძლება დაერღვია ''შიდა სახელშეკრულებო'' ბალანსი.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულებებით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, აეშენებინა საცხოვრებელი სახლი და ხელშეკრულებით ინდივიდუალურად განსაზღვრულ ბინაზე საკუთრება გადაეცა მოსარჩელისათვის. თავის მხრივ, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, ამხანაგობისათვის გადაეხადა შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოსათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ ნ------------ს არ აუღია ამხანაგობის მიზნების მიღწევისათვის ერთობლივად მოქმედების ვალდებულება, არამედ მისი ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდით შემოიფარგლა.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, ამხანაგობას სადავო ბინა უნდა აეშენებინა თავის მიერ შეძენილი მასალით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი მენარდეს ავალდებულებს, გადასცეს შემკვეთს საკუთრების უფლება დამზადებულ ნაკეთობაზე, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბინაზე (სსკ-ის 629.2 მუხლი) (იხ. სუსგ Nას-6-6-2016 ).
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით, ნ-------------ეს უნდა გადაეხადა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო სანაცვლოდ ხელეკრულებით განსაზღვრული ბინა და ავტოფარეხი ამხანაგობას უნდა გადაეცა არაუგვიანეს 2007 წლის 31 აგვისტოსი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------------მ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო უძრავი ქონება არ მიუღია.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლზე, რომლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას , მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები , რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას .
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობას ნ-----------ის მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია მოთხოვნის მიუხედავად, ამასთან, წ--------------–--–ის N---ში აშენებულ საცხოვრებელ სახლში ბინები განკარგულია, მათ შორის ნ-----------ისათვის გადასაცემი ბინა და ავტოფარეხი, ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეს შეეძლო, ვალდებულების შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის თანახმად ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ-----------ის ინტერესს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის მიღება. ამხანაგობას ნაკისრი ვალდებულება რომ შეესრულებინა, ნ------------ს საკუთრებაში გადაეცემოდა უძრავი ქონება, რომელიც ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით 52 260 აშშ დოლარით (86 977 ლარით) განისაზღვრა. ვინაიდან მოსარჩელეს უძრავი ქონება არ გადასცემია, სწორედ ამ ქონების ღირებულება შეადგენდა მისთვის მიყენებულ ზიანს.
2.14 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებლებს და შესაბამისად, მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამხანაგობა არ იძენს იურიდიული პირის სტატუსს, ამიტომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას წარმოშობილ ვალდებულებეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამხანაგობის თითოეულ წევრს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, ხოლო ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ განხორციელებული შენატანები შესაძლებელია ატარებდნენ არამატერიალურ ხასიათსაც. ამხანაგობაში, მისი წევრის წილობრივი მონაწილეობა გავლენას არ ახდენს მესამე პირთა წინაშე მისი პასუხისმგებლობის მოცულობაზე და თითოეული ამხანაგობის წევრი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთლიანად, მთელი თავისი ქონებით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ გ------------–---ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც მოპასუხეები წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებლებს, რაც ასევე დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, ისინი წარმოადგენენ მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სრულად ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას მოპასუხეთა მიმართ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა თანხის სრულად გადახდას ბინის სანაცვლოდ, მას გააჩნდა მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, დანარჩენ ნაწილ თანხაზე, კი მან მხოლოდ ზეპირსიტყვიერი პოზიცია წარმოადგინა, რაც სასამართლომ დასაბუთებად ჩათვალა.
აპელანტი უთითებს, რომ სარჩელში მოსარჩელე თავადვე უთითებდა ორ ხელშეკრულებაზე - 12.09.2006 წლის და 03.12.2006 წლის ხელშეკრულებებზე, თუმცა სარჩელში არსად არ უთითებდა, რა თანხა გადაიხადა მან ბინის სანაცვლოდ. იქვე მოსარჩელე აცხადებდა, რომ ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული და თანხა (34 100 აშშ დოლარი) სრულად გადახდილი, ამიტომაც მოპასუხეების მიმართ ითხოვდა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის გადახდას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ შესაგებელზე თანდართულია დოკუმენტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ მოსარჩელე ნ------------ს გადახდილი აქვს მხოლოდ 16 400 აშშ დოლარი (დამატებით საუბარია კიდევ 4000 აშშ დოლარზე, რომელიც ვერ დასტურდება), ე.ი. ბინის ღირებულების მხოლოდ ნაწილი. აპელანტის მტკიცებით, წარმოდგენილი დოკუმენტები მეტყველებს რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან მას არ გადაუხდია 34 100 აშშ დოლარი და მას არ აქვს ბინის სრული ღირებულების მოთხოვნის უფლება. ნ------------ თავად აცხადებს პროკურატურაში შეტანილ საჩივარში და დაკითხვის ოქმებში (სადაც იგი გაფრთხილებულია სწორი ჩვენების მიცემის ვალდებულებაზე), რომ მის მიერ გადახდილი თანხა არის 16 400 აშშ დოლარი და არა ბინის ღირებულება სრულად 34 100 აშშ დოლარი. პროკურატურაში ნაწარმოებ საქმეშიც ნ------------ დავობდა სწორედ 20 000 აშშ დოლარს, აქედან დადასტურებულ 16 400 აშშ დოლარს და დაუდასტურებელ 4000 აშშ დოლარს. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ მოწმობს, რომ სწორედ 20 000 აშშ დოლართან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი გ-----------–--ეს. მართალია, ბრალდება აბსურდულია და საქმე 2014 წლიდან უძრავად დევს სასამართლოში, თუმცა ფაქტია, რომ თვით პროკურატურამაც კი, რომელმაც ბრალი წაუყენა გ-----------–--ეს, ვერ მოიპოვა მტკიცებულება 34 100 აშშ დოლარის გადახდაზე და ბრალი წაუყენა 20 000 აშშ დოლარზე, აქედან ვიმეორებ დადასტურებულ 16 400 აშშ დოლარზე და დაუდასტურებელ 4 000 აშშ დოლარზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვდა არა მის მიერ დასახელებული 34 100 აშშ დოლარის დაკისრებას, არამედ 86 977 ლარის დაკისრებას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას დააყრდნო. აპელანტის მოსაზრებით, ლარისა და დოლარის ერთმანეთთან მიმართების ცვლილების გამო, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ლარში გამოანგარიშებული ექპსერტიზა სწორი და სამართლიანი, ამიტომაც მასზე დაყრდნობა არასწორი იყო. აპელანტს მიაჩნია, რომ არასწორია ასევე სასამართლოს პოზიცია მტკიცების ტვირთის გადანაწილების ნაწილში, რომელზეც მან არასწორად იმსჯელა იმ თვალსაზრისით, რომ დღემდე არსებული კანონისმიერი თეორიული და პრაქტიკული განმარტების საწინააღმდეგოდ განაცხადა და გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ გადასახდელ თანხაზე უნდა ამტკიცოს არა გადამხდელმა, არამედ თანხის მიმღებმა (იხ. გადაწყვეტილების გვერდი 8). აპელანტს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მხარეს დაავალდებულო წარმოადგინოს კონტრ-არგუმენტი და იგი გაამყაროს მტკიცებულებით იმ ფაქტზე, რაზეც არგუმენტი და ფაქტი არ გააჩნია მოსარჩელე მხარეს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე 2 ხელშეკრულებას უთითებს და ვერ ასაბუთებს, რომელს ეყრდნობა მოთხოვნის დაყენების დროს. თავის გადაწყვეტილებაში კი მოსამართლე უთითებს უბრალოდ ხელშეკრულებას და საერთოდ არ ასაბუთებს, რა ხელშეკრულებას გულისხმობს იგი, რა დროს დადებულს და საერთოდაც, რატომ ეყრდნობა კონკრეტულ ხელშეკრულებას და რატომ არ ეყრდნობა მეორე ხელშეკრულებას.
აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლე ასევე არასწორად აფასებს მათ მიერ წარდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ნ------------ თავის საჩივარში, რომელიც პროკურატურის სახელზე დაწერა, მხოლოდ 16 400 აშშ დოლარზე დავობდა და ითხოვდა გ. ჭელიძის გასამართლებას, რაც დადასტურებულია მისივე საჩივრით, ამ საჩივარში მოსარჩელე არ ახსენებდა 20 000 დოლარიან ან 34 100 დოლარიან ზიანს. მოგვიანებით დადგენილება პირის ბრალდების შესახებ შედგა 20 000 აშშ დოლარზე, რადგან პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ, ნ-----------ის დაზუსტებული მოთხოვნით წაუყენა ბრალი გ-----–---ს, თუმცა აქაც არსად არავინ ადასტურებს და არც კი მსჯელობს მოსარჩელის მიერ 34 100 აშშ დოლარის გადახდაზე და ამ ოდენობის ზიანზე.
აპელანტი უთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს წინაშე მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა 34 100 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, დადასტურებულია მხოლოდ 16 400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რაც არ უარუყვია გ-----------–--ეს.
გარდა ფაქტობრივი უსწორებებისა, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო საამართლოს მიერ არასწორად მოხდა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაც.
აპელანტი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილება, რაც კიდევ ერთი საფუძველი გახდა იმისა, რომ სასამართლო მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულების ფაქტი, თუმცა მოსამართლე საერთოდ არ მსჯელობს იმაზე, დაადასტურა თუ არა მოსარჩელემ კონკრეტული თანხის გადახდის ფაქტი, რაც მოპასუხის ვალდებულებას წარმოშობდა. აპელანტს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 34 100 აშშ დოლარის გადახდა, რომლის სანაცვლოდაც უნდა მიეღო საკუთრებაში ბინა, სამაგიეროდ მოითხოვა ამ თანხაზე გაცილებით მეტი, დაეყრდნო რა ექსპერტიზის დასკვნას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, რაც დაუშვებელია, ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების პრინციპს, ხელყოფს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ჩანაწერს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასმართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის შაბლონური, დაუსაბუთებელი და ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს გარემოებაც კი საკმარისია თბილისის საქალქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობისა და მისი შეცვლისთვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საბინაო კომისიის წინადადება და დამტკიცდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ-------–-----------ის“ საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ - ტ------–-–-–---–---–ი, მ----–---–---------ა და ა-----–------–----.
- ამხანაგობის „ბ-------–----------“ კრების N5 ოქმის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 16 სექტემბრის N---------. გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდნენ იბა „ბ-------–----------“ -ის სინიციატივო ჯგუფის წევრები: გ------------–---, რ------------–---–ი, ტ------–-–-–---–---–ი, ნ---------------- და ა-–-----------–---. საინიციატივო ჯგუფმა ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩია გ-----------–--ე;
- ამხანაგობა „ბ-------–----------“ კრების N5 ოქმით თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ იბა „ბ-------–-----------ს“ ეწოდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ-------–----------“ და გადაწყდა, რომ მისი საქმიანობა უნდა წარმართულიყო 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. კრებას ესწრებოდნენ - გ------------–---, ტ------–--–-–---–---–- და ნ----------------ე. კრების სხდომას არ ესწრებოდნენ ა-–--------------–--ა და რ-------------–---–ი, მათი მისამართის დაუდგენლობის გამო. ამავე სხდომაზე ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს გ-------------–--ე, რომელსაც მიენიჭა ამხანაგობის სახელით ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
- 2004 წლის 20 მაისს დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე -2 მუხლით განისაზღვრა, რომ ამხანაგობის წევრებს წარმოადგენდნენ თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საინიციატივო ჯგუფის წევრები - გ------------–---, ტ------–-–-–---–---–ი და ნ----------------. რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს - რ-----------–---–სა და ა-–-----------–---ს, დადგინდა, რომ მათი საკითხი განიხილებდა ცალკე, ვინაიდან ვერ დადგინდა მათი ადგილსამყოფელი.
ხელშეკრულების მე -3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეთა მიზანია, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. 7.3 მუხლის თანახმად, ამხანაგობის მიზნის მიღწევისათვის საჭირო ქონების ფორმირებისათვის თავმჯდომარეს შემოყავს ახალი პირები. წევრობა, ხმის უფლების ჩათვლით, წარმოიშობა მხოლოდ შენატანის სრულად განხორციელების, მშენებარე ბინის გადაფორმებისა და ამის შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარესა და წევრს შორის მარტივი წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის გაფორმების შედეგად. 8.2 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე დებს ხელშეკრულებას ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ.
- 2006 წლის 12 სექტემბერს ესა „ბ--------–-----------სა“ (წარმოდგენილი თავმჯდომარის მეშვეობით) და ნ-------------ეს შორის დაიდო ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შენატანის ოდენობა შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრი ამხანაგობის თავმჯდომარეს - გ-----------–--ეს გადასცემს 2.1. პუნქტში მითითებულ სრულ თანხას. 3.1 მუხლის თანახმად კი, ამხანაგობა ნ-------------ეს გამოუყოფდა წილს - მშენებარე შენობის მე -2 სადარბაზოს მე -3 ფლიგელის მე -2 სართულზე მდებარე 100 კვ.მ ბინას. აღნიშნულ ფართში უნდა შესულიყო საზაფხულო ფართი არანაკლებ 12 კვ.მ, ასევე 1 ავტოსადგომი. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, დასრულებული ბინა ნ------------ს უნდა გადასცემოდა არაუგვიანეს 2007 წლის 31 აგვისტოსი. 6.3. მუხლის მიხედვით კი, დასრულებული შენობა ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2007 წლის 30 სექტემბრისა.
- 2006 წლის 3 დეკემბერს ესა „ბ-------–-----------სა“ (წარმოდგენილი თავმჯდომარის მეშვეობით) და ნ------------ს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, წევრის შენატანს შეადგენს 1 კვ.მ -ზე 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ავტოსადგომისთვის 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სულ 34 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრმა 2.1. პუნქტში მითითებული თანხა სრულად გადასცა ამხანაგობას. 3.1. მუხლის თანახმად ამხანაგობის წევრის წილს წარმოადგენდა მშენებარე შენობის მე - 3 ფლიგელის მე -2 სადარბაზოს მე -2 სართულზე მდებარე ბინა საერთო ფართით 107 კვ.მ, საიდანაც 86,2 კვ.მ არის საცხოვრებელი ფართი, 20,8 კვ.მ - საზაფხულო ფართი. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ბინის მფლობელობაში გადაცემის ბოლო ვადაა 2008 წლის 30 ივნისი.
- 2010 წლის 7 ივლისს ამხანაგობა „ბ--------–-----------“ -ის თავმჯდომარემ -გ-----------–--ემ იკისრა ვალდებულება 2010 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოეხდინა მოსარჩელის დაკმაყოფილება ბინით, რომელიც მდებარეობდა წ-----------------–--–------- ში, მე -2 სადარბაზო, მე -3 სართული, საერთო ფართი 67 კვ.მ. და გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება.
- 2009 წლის 13 სექტემბრის ერთბლივი საქმიანობა ამხანაგობა „ბ-------–----------“ -ის წევრთა კრების ოქმის თანახმად მოხდა ბინის დანომვრა და მათი გაპიროვნება ამხანაგობის წევრებზე. ასევე განხორციელდა კომერციული ფართებისა და ავტოსადგომების დანომვრა და გაპიროვნება ამხანაგობის წევრებზე.
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ბ----ი-წ---------------–--–- N---ში მდებარე, შესაფასებლად წარდგენილი საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება 2012 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენა 52 260 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი დასკვნის შედგენის მომენტისათვის შეადგენდა 86 977 ლარს;
- მოსარჩელეს არ გადასცემია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება საკუთრებაში.
- ნ------------ს სრულად აქვს გადახდილი მასსა და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბ--------–-----------“ -ს შორის 2006 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულება 20 000 აშშ დოლარის ოდენობთ
4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ამხანაგობასა და ნ------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სწორად იქნა განსაზღვრული, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, გადაეცა მოსარჩელისათვის ამხანაგობის მიერ აშენებული ერთ-ერთი ბინა, სათანადო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ერთ-ერთი მოპასუხის გ-----------–--ის მიერ, აქედან გამომდინარე, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს გ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
მოპასუხე გ-----------–--ე სადავოდ არ ხდის მხარეთათვის ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების საკითხს. იგი სადა ვოდ მიიჩნევს მხოლოდ ნ-----------ის მიერ საცხოვრებელი ბინის საფასურის გადახდას და აღნიშნავს, რომ მის მიერ გადახდილია მხოლოდ ბინის ღირებულების ნაწილი - 16 400 აშშ დოლარის ოდენობით.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ამხანაგობა „ბ------–---------“-სა 2006 წლის 12 სექტემბერს ესა „ბ--------–-----------სა“ (წარმოდგენილი თავმჯდომარის მეშვეობით) და ნ-------------ეს შორის დაიდო ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შენატანის ოდენობა შეადგენდა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრი ამხანაგობის თავმჯდომარეს - გ-----------–--ეს გადასცემდა 2.1. პუნქტში მითითებულ სრულ თანხას. ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად კი, ამხანაგობა ნ-------------ეს გამოუყოფდა წილს - მშენებარე შენობის მე -2 სადარბაზოს მე -3 ფლიგელის მე -2 სართულზე მდებარე 100 კვ.მ ბინას.
უდავოა ასევე ის გარემოებაც, რომ 2006 წლის 3 დეკემბერს ესა „ბ-------–-----------სა“ (წარმოდგენილი თავმჯდომარის მეშვეობით) და ნ------------ს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, წევრის შენატანს შეადგენდა 1 კვ.მ -ზე 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ავტოსადგომისთვის 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სულ 34 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამავე ხელშეკრუელბის 3.1. მუხლის თანახმად ამხანაგობის წევრის წილს წარმოადგენდა მშენებარე შენობის მე - 3 ფლიგელის მე -2 სადარბაზოს მე -2 სართულზე მდებარე ბინა საერთო ფართით 107 კვ.მ, საიდანაც 86,2 კვ.მ არის საცხოვრებელი ფართი, 20,8 კვ.მ - საზაფხულო ფართი. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ბინის მფლობელობაში გადაცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 30 ივნისი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას .
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ამხანაგობა „ბ------–---------“-ის ამხანაგობის წევრებს დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ზიანის ანაზღაურება, უნდა დადასტურდეს, რომ ამხანაგობა „ბ------–---------“-ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ნ------------ს არ გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ასევე უნდა დადგინდეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნ-----------ის მიერ შესრულდა ჯეროვნად, რადგანაც მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ვლინდება სწორედ იმაში, რომ მის მიერ თანხის გადახდის მიუხედავად მას ბინა დადგენილ ვადაში არ მიუღია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება თანაბრად, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები ვალდებულნი არიან ამტკიცონ იმ გარემოებების სისწორე, რაზეც თავად უთითებენ.
აპელანტის მითითების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებშიც 2006 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ნ-----------ის მიერ თანხის გადახდა დადასტურებულია, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ნ-----------ისა და მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ------------მ გ-----------–--ეს 2004 წლის 2 სექტემბერს გადასცა 16 400 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომ დამატებით - 3 600 აშშ დოლარი. (ს.ფ.495, ტ 1) რომ არა მითითებული გარემოება, შეუძლებელი იქნებოდა შეუსრულებელი ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს შესრულებულად ჩაეთვალა და ასეთად მოეხსენებინა მის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში.
პალატა აღნიშნავს, რომ 2006 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, დგინდება, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრმა წინამდებარე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული თანხა სრულად გადასცა ამხანაგობას. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია გ-----------–--ის მიერ. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსიდან დგინდება, რომ ნ------------მ ხელშეკულებით გათვალისწინებული თანხა, 34 100 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარის ოდნეობით ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადა.
პალატა უთითებს, რომ ნ-----------ის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებას ადასტურებას ასევე გ-----------–--ის 2010 წლის 7 ივლისის წერილი, რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას, ნ------------ს გადასცეს ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ბინა. აღნიშნული წერილით დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ნ-----------ის მიერ თავისი წილი ვალდებულების შესრულების შედეგად ამხანაგობა მზადყოფნას აცხადებს შესრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ვალებულება და უზრუნველყოფს ნ------------ საცხოვრებელი ბინით.
დასახელებული მტკიცებულებების გაცნობისა და მათი შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით დგინდება ნ-----------ისთვის ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტი. მოპასუხე გ-----------–--ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს საპირისპიროში დაარწმუნებდა. აქედან გამომდინარე, გ-----------–--ის მითითებას, რომ ნ-----------ის მიერ თანხა სრულად არ იქნა გადახდილი, პალატა ვერ გაიზიარებს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ასევე ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც. სასამართლო დაეყდრნო საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც შეფასებული იქნა ამხანაგობაში არსებული ბინის ღირებულება. ბინის ღირებულებამ 2012 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით შეადგინა 52 260 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში წარმოადგენდა 86 977 ლარს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეროვნული ვალუტა გამოანგარიშებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, რაც იმ დროისთვის წარმოადგენდა 1.6643-ს, აქედან გამომდინარე, აპელანტის მითითება, რომ ლარში გამოანგარიშებული ექპსერტიზა სწორი და სამართლიანი არაა, უსაფუძვლოა.
სხვა პრეტენზია, თუნდაც სოლიდარულ ვალდებულებასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ დაყენებული არ არის, რის გამოც შეუძლებელია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გ-----------–--ე საქართველოს სსკ-ის 46.1. ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი