განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002607183
საქმე №1/ბ-218-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ი-–--ს ძე ე------ის მიმართ, დაბადებული: 4--------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები მისამართზე: ქ. ზესტაფონი, წ-------–-- ქ. N8, ბინა N24;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, მ----- ე------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი);
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. მ------–- ლ------ე ქორწინებაში იმყოფება მ-----ი ე------ესთან. ისინი, ერთად ცხოვრობენ ზესტაფონში, წ-------–-- ქუჩა N8/24-ში. 2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, წ-------–-- ქუჩა N8/24-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ----- ე------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, მ------–- ლ------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ერთხელ დაარტყა მუშტი ნიკაპის არეში. მ----- ე------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ------–- ლ------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.2. 2018 წლის 10 ივლისს, მ------–- ლ------ე, იმის გამო, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური დამოკიდებულება, დროებით იმყოფებოდა ზესტაფონში, ა------- ქუჩა N32-ში მცხოვრებ დედასთან - რ--------- ა-------თან. დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ----- ე------ე, მივიდა ზესტაფონში, ა------- ქუჩა N32-ში მეუღლის დედის - რ--------- ა-----ის საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - რ--------- ა-------, სურდა სახლში შესვლა, მაგრამ ვინაიდან კარები იყო დაკეტილი შეეცადა ფანჯრიდან გადასვლას. აღნიშნულზე, რ--------- ა-----ემ გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც, მ----- ე------ემ, მარჯვენა ხელი ერთხელ გაარტყა მარცხენა ლოყაში. მ----- ე------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, რ--------- ა-----ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
მ----- ე------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი; 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;
მ----- ე------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი; 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით ) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 თვისა და 03 დღის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 10 ივლისიდან.
მსჯავრდებულ მ----- ე------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი მ----- ე------ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის და 2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდები) და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, სასამართლომ ისინი მაინც არასაკმარისად მიიჩნია და მ. ე------ე გაამართლა 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის მიერ შედგენილ საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ----- ე------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდში) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ------–- ლ------ემ განმარტა, რომ მ----- ე------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–-- ქუჩაზე მდებარე ბინაში. 2018 წლის ივნისის თვეში (ზუსტად რიცხვი არ ახსოვს), სახლში ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას, მ----- ე------ემ მას ხელი დაარტყა ნიკაპის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო, ის წასული იყო სახლიდან, იყო მეგობართან, ქ.ტყიბულში 5 დღით. დაზარალებულის განმარტებით, მ.ე------ესთან ჩხუბის მიზეზი იყო მის მიერ ხშირად ალკოჰოლის მიღება. ამავდროულად, მ----- ე------ე ყოველთვის საყვედურობდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. წარსულშიც, ხშირად მიუყენებია მ-----ს მისთვის როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია, ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა და მაქსიმალურად ითმენდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ა-----ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი სიძე, შვილის - მ------–- ლ------ის ქმარი. 2018 წლის ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, შვილისგან, მ------–-სგან იცის, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - მ----- ე------ემ. როგორც მ------–-მ უთხრა „არ ვიცი როგორ გადავრჩიო“. აღნიშნულის გამო, მ------–- რამდენიმე დღით წასული იყო ქ.ტყიბულში, მეგობართან და როდესაც იქედან დაბრუნდა, მასთან მივიდა სახლში. მოწმის განმარტებით "მ-----ი ალბათ შეეხო მ------–-ს ყველანაირად".
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- გ---–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივლისის დასაწყისში, მას ტელეფონზე დაუკავშირდა მ------–- ლ------ე და ჰკითხა თუ იყო სახლში, რაზეც დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულის შემდეგ, მ------–-მ მას უთხრა, რომ სახლში აღარ დაედგომებოდა და ჩავიდოდა მასთან, რასაც დათანხმდა. მართლაც, მ------–- ჩავიდა მასთან ტყიბულში და დარჩა 4 დღე. მ------–-სგან იცის, რომ მ-----თან აღარანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და მ-----ი ავიწროვებდა მას. მასთან ყოფნის დროს, ტელეფონზე დაურეკა მ-----მა, რა დროსაც უთხრა, რომ არ იყო ჩასული ტყიბულში კაი საქმეზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც მ------–-სგან იცის, სასამართლოსგან მ-----ს გაფრთხილება აქვს მიღებული, როდესაც მ------–-ს ის ფიზიკურად შეეხო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. იყო მ----- ე------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიარა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა მ.ე------ეს და გამოკითხა ბრალდებულის სახით. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის მ.ე------ის მიმართ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ----- ე------ემ განაცხადა, რომ მ------–- ლ------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–-- ქუჩაზე მდებარე ბინაში. 2018 წლის ივნისის თვეში, მ------–- ლ------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მართალია, მეუღლეებს შორის ხდებოდა სიტყვიერი შეკამათება, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა მ------–-სთვის არასდროს მიუყენებია. მისი განმარტებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მ------–-სთვის მიუყენებია, თუმცა ფიზიკური არასდროს.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 11.07.2018 წ. 04:32-04:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------–- ლ------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ (ბრალდებულმა), უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტის გ------- გ-------–-–---–ის დაკითხვა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს მ----- ე------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდში) გამართლების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ მ. ლ------ის ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ----- ე------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმეში არ მოიპოვება. მოწმეებმა რ. ა-----ემ და მ. გ---–--ემ, სასამართლოს გადმოსცეს ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან; მათ არ განუცხადებიათ სად, როდის, როგორ, რა ვითარებაში, რა ადგილზე მიაყენა დაზიანება დაზარალებულს მ. ე------ემ. პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულ მ------–- ლ------ის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ 11.07.2018წ. 04:32-04:45სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------–- ლ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენება) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა მ----- ე------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ რ. ა-----ის ჩვენებით, მოწმე მ. ლ------ის ჩვენებით, მოწმე მ. გ---–--ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით), რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მ----- ე------ე ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ მ----- ე------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში საუარესო ცვლილების შეტანა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ----- ე------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი; 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
მ----- ე------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი; 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვისა და 03 (სამი) დღის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 10 ივლისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა და მ----- ე------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე