განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
010100119002814231
ინსტანცია
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002814231

საქმე №1/ბ-231-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა, ა-------- ვ-–--------ის ძე ა----------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, წ-------–-- ქ. 16, ბინა N10;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-------- ა----------მა ჩაიდინა ოჯახი ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 სექტემბერს, ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქ. N93-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ა-------- ა----------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ს-----–--- მ--–-----ს სამართებლის გამოყენებით თავის არეში მიაყენა დაზიანება, ასევე ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით ა-------- ა----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 დეკემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზურაბ კონცელიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში და ა-------- ა----------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, რის გამოც დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-------- ა----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს-----–--- მ--–-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: პ----- ს--------ის, ა-----– ბ------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა-------- ა----------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ა-------- ა----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულმა ა-------- ა----------მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მისი განცხადებით, მსჯავრდებულს არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია - აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ა-------- ა----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზურაბ კონცელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა-------- ა----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-------- ა----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 დეკემბრიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე