განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001625276
საქმე №2ბ/5601-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – ე-------------–--
მოწინააღმდეგე მხარე – ნ----------–-------
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.07.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ----------–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ე-------------–--ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დ-----–--------------------, მიკრო/რაიონი III, კორპუსი 5, ბინა N118, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ნუნუ გოლეთიანს. ე-------------–--ს მოსარჩელე ნ----------–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის დღიდან, 2016 წლის 30 ნოემბრიდან, საქმის საბოლოო დამთავრებამდე მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის გადახდა. ე-------------–--ს მოსარჩელე ნ----------–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 220 ლარი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე: ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
ამავე კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მიპასუხე ე-------------–--ს ჩაბარდა პირადად - 08.12.2016 წელს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, მაგრამ მოპასუხე ე-------------–--მ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამიტომ, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია.
სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
04.01.2017 წელს მოპასუხემ საჩივარი წარმოადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით.
აღნიშნულ საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იგი არ იყო ინფორმირებული შესაგებლის წარუდგენლობის ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, მოპასუხე უთითებდა, რომ სარჩელის ჩაბარების შემდეგ პერიოდში ის არ იმყოფებოდა ქალაქში და ვერ მოახერხა კვალიფიკაციური ადვოკატის აყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.07.2017 წლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები, რის გამოც ე-------------–--ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.07.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება. აპელანტი მიუთითებს, რომ მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ის არ იყო ინფორმირებული შესაგებლის წარუდგენლობის ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, მას არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, ადვოკატის დასაქირავებლად და გარდა აღნიშნულისა, სარჩელის ჩაბარების შემდგომ პერიოდში ცდილობდა მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგებას, რის გამოც გაუშვა სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენისათვის დადეგნილი ვადა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სადავო არ არის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ე-------------–--ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა პირადად - 08.12.2016 წელს. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს განუსაზღვრა 10 დღის ვადა, თუმცა მან შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოებები აპელანტს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში შესაგებლის დროულად წარდგენისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ მოტივით, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ იყო ინფორმირებული შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგებზე და არ იცოდა თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მას. თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი თავად განმარტავს სააპელაციო საჩივარში, რომ იმ საქმის მასალებში, რომლებიც მას ჩაბარდა 08.12.2016 წელს იყო შესაბამისი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მიღებული ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობას. შესაბამისდ, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.07.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი