განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114425851
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/560-15 10 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი,მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სს „ა-----------------“
წარმომადგენელი - კ---- ბ---------
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თ-----–--- ს------------
წარმომადგენელი - გ------- ც-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს თ-----–--- ს------------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე სს „ა----- დ---------------“ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 532 451,76 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. სს „ა-----------------ს“ საქართველოს თ-----–--- ს------------ს მიმართ 532 451,76 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ა-----------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თ-----–--- ს------------სა და შპს „ვ------“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1-- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, შპს „ვ------“ თ-----–--- ს------------სათვის 592 000 ლარის ღირებულების 8 500 ერთეული ლეიბი 60 კალენდარული დღის ვადაში - 11.06.2013წ. ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 14).
6. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 100%-ის ოდენობით (ავანსი), შპს „ვ------“ მიერ ამავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში განეხორციელებინა (ტომი I, ს.ფ. 14).
7. 2013 წლის 19 აპრილს შპს „კ-------- კ-------- ა----- ჯ------ს“ (გარანტი) მიერ შპს „ვ--------“ (პრინციპალი) საბანკო გარანტია ვადით - 213 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, 592 000 ლარზე გაიცა, რომლითაც გარანტი ბენეფიციარის (თ-----–--- ს------------) წინაშე კისრულობდა ვალდებულებას, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის, პრინციპალისათვის, ავანსის წესით გადახდილი თანხა, პრინციპალის მიერ #1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაებრუნებინა. საბანკო გარანტიის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში უნდა აღნიშნულიყო: პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის (ზარალის) ოდენობა, ასევე, მოთხოვნას აღნიშნული ფაქტებისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები უნდა დართვოდა (ტომი I, ს.ფ. 23).
8. 2013 წლის 12 აპრილს #1-- ხელშეკრულების საფუძველზე, თ-----–--- ს------------მ შპს „ვ------“ სასარგებლოდ წინასწარ (ავანსის წესით) 592 000 ლარი გადარიცხა (ტომი I, ს.ფ. 25).
9. 2013 წლის 14 ივნისს თ-----–--- ს------------მ შპს „ს------------- კ-------- ა----- ჯ------“ წერილი (#9-----) 592 000 ლარის გადახდის თაობაზე გაუგზავნა, იმ საფუძვლით, რომ შპს „ვ------“ ხელშეკრულების პირობები - საქონლის შემოტანის ვადა დაარღვია (ტომი I, ს.ფ. 142).
10. 2014 წლის 10 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ს------------- კ-------- ა----- ჯ------ს წარმომადგენელმა სიტყვიერად დაადასტურა ამ წერილის მიღება, ხოლო შემდგომ მისი ჩაბარების (14.06.2013წ.) დასტურიც წარმოადგინა (ტომი I, ს.ფ. 185).
11. თ-----–--- ს------------სა და შპს „ვ------“ წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 14 ივნისის #22 მიღება-ჩაბარების აქტით, 2013 წლის 14 ივნისის ეა-0--------- საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ასევე, მხარეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ შპს „ვ------“ მოსარჩელეს 59 548,24 ლარის ღირებულების 855 ერთეული ლეიბი მიაწოდა (ტომი I, ს.ფ. 26; 32).
12. თ-----–--- ს------------სათვის 855 ცალი ლეიბის მიწოდებაზე გამოწერილია 5 სასაქონლო ზედნადები 2013 წლის 10-11 ივნისის თარიღით, რომლებზეც ხელმოწერით თ-----–--- ს------------ს წარმომადგენელი ლეიბების ჩაბარებას, 2013 წლის 10, 11 და 12 ივნისის თარიღით ადასტურებს (ტომი I, ს.ფ. 27-31).
13. პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის ზეპირი მოსმენისას, თ-----–--- ს------------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ, მართალია, საგარანტიო თანხის გადახდაზე ს------------ს წერილობითი მოთხოვნა (#9-----) და 855 ცალი ლეიბის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია ერთ დღეს - 2013 წლის 14 ივნისს, მაგრამ ს------------- კ-------- ა----- ჯ------სათვის წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის მომენტში უცნობი იყო სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 10, 11 და 12 ივნისს ს------------სათვის ლეიბების მიწოდების თაობაზე და ვინაიდან, ზედნადებების მიხედვით, ლეიბების მიწოდების ვადა შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწოდების ბოლო ვადას - 2013 წლის 11 ივნისს, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი 3 დღის შემდეგი თარიღით - 14 ივნისს არის გაფორმებული, 855 ლეიბი ვადაშია მიწოდებული (მხარეთა ახსნა-განმარტებები).
14. 2013 წლის 17 და 28 ივნისს (მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ) თ-----–--- ს------------სა და შპს „ვ------“ წარმომადგენლების ხელმოწერით 160 და 404 ცალი ლეიბის მიღება-ჩაბარების შესახებ აქტებია შედგენილი (ტომი I, ს.ფ. 88, 86).
15. 2013 წლის 14 აგვისტოს თ-----–--- ს------------მ ს------------- კ-------- ა----- ჯ------ წერილობითი მოთხოვნა (#9----8) გაუგზავნა 532 451,76 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის გადახდის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ პრინციპალმა - შპს „ვ------“ (59 548,24 ლარის ფარგლებში) ლეიბების მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა (592 000–59 548,24=532 451,76). წერილობით მოთხოვნას რაიმე დოკუმენტაცია არ ერთვოდა (ტომი I, ს.ფ. 33; 127).
16. მოპასუხე - ს------------- კ-------- ა----- ჯ------ შესაგებელში მიუთითებდა, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს #9----8 წერილობითი მოთხოვნა ხელმოუწერელი იყო და ს------------ს ბლანკიან - ტიტულიან ფურცელზე არ იყო შესრულებული (ტომი I, ს.ფ. 33), თუმცა, საქმის ზეპირი მოსმენის დროს მოპასუხის წარმომადგენელმა თავად წარმოადგინა ს------------- კ-------- ა----- ჯ------სათვის ჩაბარებული წერილობითი მოთხოვნა (ქსეროასლი) შესრულებული ს------------ს ტიტულიან ფურცელზე ხელმოწერილი ს------------ს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - ლ---------–------- მიერ. მოთხოვნა „ა----- ჯ------“ 2013 წლის 15 აგვისტოს - საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ბოლო დღეს აქვს ჩაბარებული (ტომი I, ს.ფ. 186).
17. ს------------ს მიერ მოთხოვნილი 532 451,76 ლარი შპს „ს------------- კ-------- ა----- ჯ------“ თ-----–--- ს------------სათვის ანაზღაურებული არ აქვს. საქმეში არ მოიპოვება შპს „ს------------- კ-------- ა----- ჯ------ს“ წერილობითი შეტყობინება თ-----–--- ს------------სადმი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე) უარის თქმის შესახებ.
18. 2014 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 532 451,76 ლარის გადახდის შესახებ თ-----–--- ს------------ს 2013 წლის 14 აგვისტოს #9----8 წერილობითი მოთხოვნის თაობაზე შპს „ვ------“ აცნობა და მისგან დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომელმაც 2013 წლის 14 ივნისი აქტი 855 ლეიბის მიღება-ჩაბარების შესახებ გადაუგზავნა.
19. 904 ლეიბი თ-----–--- ს------------მ შპს „ვ------“ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო უკან დაუბრუნა (ტომი I, ს.ფ. 121-126). აღნიშნული 904 ლეიბი შპს „ვ------“ თ-----–--- ს------------სათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ ჰქონდა მიწოდებული.
20. თ-----–--- ს------------სა და შპს „ვ------“ 2013 წლის 12 აპრილის #1-- ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა.
21. თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა შპს „ვ------“ სარჩელს თ-----–--- ს------------ს მიმართ 12.04.2013.წ. #1-- ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ აღიარების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (ლეიბების მიწოდება) შესრულებულად აღიარების მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოება შეჩერდა (ტომი I, ს.ფ. 169, 339-341).
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე N2ბ/18639-14, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ვ------“ მიერ, საქართველოს თ-----–--- ს------------ს მიმართ ვალდებულება, გარდა აღიარებული 855 ერთეული მატრასისა, დამატებით 564 ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილშიც შესრულდა, რომლის ღირებულებაც 39 280,90 ლარს შეადგენს (ტომი II, ს.ფ. 10-38).
23. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, სს „ა-----------------ს“ საქართველოს თ-----–--- ს------------ს მიმართ, 493 170,86 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარში მონიშნულია გადაწყვეტილების სრული გასაჩივრება, არც სააპელაციო საჩივარში და არც სააპელაციო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე აპელანტს შედავება არ განუხორციელებია მასზე ვალდებულების დაკისრების გამომრიცხველ გარემოებებთან მიმართებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ გარემოებებზე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა მხარი არ დაუჭირა. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებაა, თუ რა სახის/ოდენობის ვალდებულების შესრულება მოხდა პრინციპალის მხრიდან და რა ოდენობის თანხის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს გარანტს (აპელანტს).
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზეც და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა, რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზა----- ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.
სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმაც. იგი მიზნად ისახავს ბანკის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გარანტს ამ დოკუმენტების ორიგინალები უნდა წარედგინოს, ასლების წარდგენა საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება. როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება. ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება. ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გადასცეს. გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს არ შეესაბამება ან ისინი გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინა, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გარანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელით ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის ანაზღაურების მიზნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტაცია გარანტმა ნაკლის მქონედ მიიჩნია, მაგრამ სააპელაციო ინსტანციაში წარდგენილ სააპელაციო საჩივარსა და ამავე ინსტანციაში გამართულ ზეპირ სხდომაზე გარანტს წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანების და ამ მიზეზით ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ არ განუცხადებია, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ბენეფიციარისგან პრინციპალს საბანკო გარანტიის შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინა.
24. ნიშანდობლივია, რომ თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მან აღნიშნულის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს. აღწერილი პროცედურები ემსახურება საგარანტიო დაწესებულების დაცვას, რადგან გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი.
განსახილველ საქმეში, ბენეფიციარის მიერ გარანტისთვის დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ გარანტისთვის ცნობილი გახდა იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ პრინციპალის მიერ ვალდებულება შესრულებული იყო არა მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც ბენეფიციარი მიუთითებდა, არამედ სრულად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ინფორმაცია გარანტისთვის საგარანტიო თანხის გაცემის შეჩერების/უარის თქმის საფუძველია. მიუხედავად აღნიშნულისა, ბენეფიციარი გარანტის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულების თაობაზე შესაგებელს არ დაეთანხმა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ვ------“ თ-----–--- ს------------ს მიმართ სარჩელი აღძრა, რომლითაც #1-- ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (ლეიბების მიწოდება) შესრულებულად აღიარება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 169, 339-341). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე N2ბ/18639-14, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ვ------“ მიერ, საქართველოს თ-----–--- ს------------ს მიმართ ვალდებულება, გარდა აღიარებული 855 ერთეული მატრასისა, დამატებით 564 ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილშიც შესრულდა, რომლის ღირებულებაც 39 280,90 ლარს შეადგენს (ტომი II, ს.ფ. 10-38). პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლებს, რომლის თანახმად წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ დამატებით 564 ერთეული ლეიბის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად იქნა მიჩნეული, პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტია და დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
25. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გარანტისთვის დაკისრებული 532 451,76 ლარი უნდა შემცირდეს იმ ოდენობით, რაც საქალაქო სასამართლომ შესრულებულ ვალდებულებად მიიჩნია, ანუ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს 564 ლეიბის ღირებულება - 39 280,90 ლარი და მათ შორის სხვაობა - 493 170,86 ლარი გარანტს უნდა დაეკისროს. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება, მოდავე მხარეთა შორის 2013 წლის 19 აპრილს გაფორმებულ საბანკო გარანტიის პირობებს, რომლის თანახმად - გარანტის თანხა უნდა შემცირებულიყო პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდების პროპორციულად (ტომი I, ს.ფ. 23).
26. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი პრინციპი მოქმედებს, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ედავებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას გარანტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დადასტურება წარმოადგენდა. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოში საქართველოს თ-----–--- ს------------ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიუხედავად 2014 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, შპს „ვ------“ მათთვის 564 ერთეული მატრასი არ გადაუცია, ანუ, მიუხედავად ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა, მხარე აღნიშნულ ქონებას ფაქტობრივად არ ფლობდა. სააპელაციო პალატა, აღნიშნულ შედავებას ვერ გაიზიარებს და ამ მტკიცების გამო შესრულებულად აღიარებული ვალდებულების ძირითადი თანხისგან გამოკლებაზე უარს ვერ განაცხადებს, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ არსებობს აღსრულების მრავალი მექანიზმი, შესაბამისად ის ფაქტი, რომ მხარე არ/ვერ იყენებს მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტებს და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელობის მქონე გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება გარანტს, ვერც სააპელაციო საჩივარში და ვერც სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, თუ რა მოტივით არ უნდა დაკისრებოდა მას საბანკო გარანტიაში მითითებული თანხა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გარანტისთვის დაკისრებულ თანხას გამოაკლო მისი ღირებულება, ხოლო ფასთა შორის სხვაობა გარანტისთვის დასაკისრებელ ვალდებულებად მიიჩნია.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქართველოს თ-----–--- ს------------ს სს „ა----- დ----------“ მიმართ ბაჟის სახით გადახდილი 490 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო სს „ა-----------------ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 510 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ა-----------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თ-----–--- ს------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სს „ა-----------------ს“ საქართველოს თ-----–--- ს------------ს სასარგებლოდ 493 170,86 ლარის გადახდა დაეკისროს;
5. საქართველოს თ-----–--- ს------------ს სს „ა-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიერ მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილის 490 ლარის გადახდა;
6. სს „ა-----------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 4510 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე