განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/2733-18 5 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნ--- კაბულაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად
აპელანტი (მოპასუხე) – დ----------–---–-
წარმომადგენელი - ნ----------–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ-----------–---–-
წარმომადგენელი - კ---------–------–---–-
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ნ-----------–---–-ს სარჩელი დ----------–---–-ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება ნ--- ნ------–---–სა (პ/ნ 3----------, დაბადებული 1--------- წ.) და დ----------–---–- (პ/ნ 0----------, დაბადებული 3--------- წ.) შორის, რეგისტრირებული 2016 წლის 28 აგვისტოს, სააქტო ჩანაწერი №4----------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ნ-----------–---–- და დ----------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2016 წლის 28 აგვისტოდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.16).
2.2. ნ--- ნ------–---–სა და დ----------–---–- თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი).
2.3. ნ-----------–---–- და დ----------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელის ფაქტობრივი მისამართია - ესპანეთის სამეფო, დ----------–---–-ს საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს - ქ. თ---–---------------------------–---------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ნ--- ნ------–---–სა და დ-----------–---–- შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. აღნიშნულის გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად შერიგების რამდენიმე მცდელობისა, ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. მოსარჩელე ნ-----------–---–- 2005 წლიდან ცხოვრობს ესპანეთის სამეფოში, ხოლო დ----------–---–-ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - ქ. თ---–---------------------------–---------------------. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელისნება, სურვილი მოპასუხე დ----- კ---–---–თან ოჯახის აღდგენისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ნ-----------–---–- და მოპასუხე დ----------–---–- ერთ ოჯახად განიხილებოდნენ.
მოპასუხე შესარიგებელი ვადის მიცემის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს გარემოებას იმის შესახებ, რომ არსებობს ქორწინების შენარჩუნების პერსპექტივა. არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის გათვალისწინებით, არ გამოკვეთილა. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან ნ-----------–---–-სა და დ----------–---–-ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე ნ-----------–---–- და მოპასუხე დ----------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხის მისამართად კი მითითებულია - ქ. თ---–---------------------------–--------------------. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე საქართველოში იმყოფება დროებით, მისი მუდმივი საცხოვრებელი არის ესპანეთში, სადაც ის უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.
3.2. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლადამ მიზნით მათ უნიშნავს შესარიგებელ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან საამისოდ სრული მზადყოფნის მიუხედავად სასამართლოს არ გამოუყენებია მითითებული ნორმა.
გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის არათუ შიდა კანონმდებლობასთან არამედ საერთაშორისო აქტებთანაც. გაეროს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის 16 დეკემბრის პაქტის 23-ე მუხლის თანახმად, ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება იგი დაიცვას საზოგადოებამ და სახელმწიფომ. წინამდებარე პაქტი აკისრებს მონაწილე სახელმწიფოებს ვალდებულებას, რომ იზრუნო ოჯახის შენარჩუნებასა და ერთიანობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ პაქტთან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მხარე სრულ მზადყოფნას გამოხატავს ოჯახის შესანარჩუნებლად და მათ შორის ამ ეტაპზე არსებული მცირე პრობლემის მოგვარება მხოლოდ დროს უკავშირდება, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყო ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი ნორმები და მიიღო გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1. ნ-----------–---–- და და დ----------–---–- დაქორწინდნენ 2016 წლის 28 აგვისტოს. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ (იხ.საქმის მასალები ტ.1, ს.ფ. 16);
4.2. მოსარჩელე ნ-----------–---–- და მოპასუხე დ----------–---–- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას არ ეწევიან. აღნიშნულის საწინააღმდეგო აპელანტმა ვერ დაადასტურა (იხ. საქმის მასალები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 5.02.2019წ. სხდომის ოქმი).
4.3. მოპასუხე დ----------–---–-ს საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თ---–---------------------------–--------------------- (იხ. საქმის მასალები);
4.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----------–---–- ცხოვრობს საზღვარგარეთ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 5.02.2019წ. სხდომის ოქმი)
4.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------–---–-ს და დ----------–---–-ს ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში მეუღლეთა შესარიგებლად ვადის დანიშვნის წინაპირობები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.
ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის არსებობის დადგენისა და შესარიგებელი ვადის მიცემის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით, პალატამ მოისმინა მოსარჩელე ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ნება არ არსებობს, კერძოდ, წარმომადგენლის განმარტებით, ნ--- ნ-----–---–ი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს შვილი და მისი სამომავლო საოჯახო გეგმები ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ ითვალისწინებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 5.02.2019წ. სხდომის ოქმი)
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო მხარეთა (წარმომადგენელთა) ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შესარიგებელი ზომები გამოყენებული იქნება თუ არა, მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარეთა შორის პოზიციების დასაახლოვებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, მათ შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბული არ არის, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია (იხ. სარჩელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი), რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
4.7. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. საქმის გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე სასამართლოსგან შესარიგებელი ვადის განსაზღვრას მოითხოვდა, შესაბამისად, სწორედ მას უნდა ემტკიცებინა გარემოებები მასზედ, რომ აღნიშნული ვადის მიცემა მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებისთვის რეალურ წინაპირობას შექმნიდა. აპელანტის მითთება იმის შესახებ, რომ იგი სრულ მზადყოფნას გამოხატავს ოჯახის შესანარჩუნებლად არ არის საკმარისი შესარიგებელი ვადის მიცემისათვის, არამედ აპელანტს უნდა დაედასტურებინა, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობის აღდგენისთვის ორმხრივი მზაობა არსებობდა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, ხოლო ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, რადგან ქორწინება მეუღლეთა ორმხრივ ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, რომელიმე მხარის მხრიდან ასეთი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე სურვილის არარსებობა სასამართლოს მიერ განქორწინების ფაქტის დადგენის წინაპირობაა. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
4.9. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან გვარამია