განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002759403
საქმე №1/ბ-146-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ვ-------ის ძე ჩ----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ზ. გ-------–--ის ქ. N55, ბინა N13;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--–---- ჩ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზ. გ-------–--ის ქ. N55, ბინა N13-ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ--–---- ჩ----ემ, არაერთგზის, თმების მოქაჩვით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- ბ---–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მ--–---- ჩ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 წლის და 06 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 ნოემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ მ--–---- ჩ----ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ძალადობის მიზეზი, ასევე ის გარემოება, რომ მ. ჩ----ემ აღნიშნული დანაშაული არაერთგზის ჩაიდინა, კერძოდ, 2018 წლის 25 ივლისს იგი ნასამართლევია არასრულწლოვანი შვილის - ვ------- ჩ----ის მიმართ ძალადობისათვის.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ჩ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ მ--–---- ჩ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- ბ---–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ნ--–-–ა ჩ----ის, ნ--- მ--–------–ის, ლ-–- ხ-----ის და ვ------- ჩ----ის გამოკითხვის ოქმებით; ალკოჰოლური თრობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ--–---- ჩ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
მ--–---- ჩ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ--–---- ჩ----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მ--–---- ჩ----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით კი სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ--–---- ჩ----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და მსჯავრდებულ მ--–---- ჩ----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი მ--–---- ჩ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ--–---- ჩ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ მ--–---- ჩ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 5 ნოემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე.
მ--–---- ჩ----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები - სსიპ ,,112-დან’’ ამოღებული აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე