განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002731269
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002731269

საქმე №1/ბ-118-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---–---ი ა-–----------ს ძე ჯ--------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, სოფელი წ---------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ---–---ი ჯ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბათუმში, ლერომონტოვის ქ. N105/35-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ---–---ი ჯ--------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან ნ--- ნ-–-----ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს მ---- კ----–--ეს სახის არეში თავის ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ---–---ი ჯ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ---–---ი ჯ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებულ გ---–---ი ჯ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ----- პ-----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი გ---–---ი ჯ--------ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ---–---ი ჯ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---–---ი ჯ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულ მ---- კ----–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ--- ნ-–-----ის და ა-----– ა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ---–---ი ჯ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

გ---–---ი ჯ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ---–---ი ჯ--------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სააპელაციო პალატას ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, შერიგებულია დაზარალებულთან (რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით) და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ გ---–---ი ჯ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ გ---–---ი ჯ--------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ---–---ი ჯ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე