განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002701004
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002701004

საქმე №1/ბ-92-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, რ---- თ-------ს ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, სოფელი ც--------ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ---- მ-------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 სექტემბერს, დილის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ც--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ---- მ-------ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის ორივე თვალის და თავის არეში დარტყმით, ასევე ფეხის ორივე ფეხზე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ნ---- ფ--------ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით რ---- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენში და რ---- მ-------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---- მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ფ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა - თ------ მ-------ის, თ--- მ-------ის გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ---- მ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, წარსულში არ არის ნასამართლევი, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ რ---- მ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ---- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათის ვადით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, რ---- მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს პ----- ბ-----ეს პ/ნ 6----------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე