განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
010100118002688634
ინსტანცია
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002688634

საქმე №1/ბ-89-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, ბ------ თ-----------ს ძე ქ-------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ-----------ის ქ. N11, ბინა 86;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ------ ქ-------ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ. ბათუმში, ხ--–--–---–ისა და ბ-----------ის ქუჩების კვეთაში, ბ------ ქ-------ემ ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- შ-----ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ბ------ ქ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში და ბ------ ქ-------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, რის გამოც დაიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- შ-----ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულმა ბ------ ქ-------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი - აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ბ------ ქ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ბ------ ქ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ბ------ ქ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 500 (ხუთასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს გ--–- ქ-------ეს პ/ნ 6----------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე