განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002666527
საქმე №1/ბ-125-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, ს------ დ------ს ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, სოფელი ს----ო;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს------ ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 სექტემბერს, დილის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----ოში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს------ ბ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის, მხრისა და კისრის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ლ--–- ა------–---–ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ს------ ბ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში და ს------ ბ-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--–- ა------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა - ა---------– თ---------ის, ზ----- უ------ის და ს------- ბ-----ის გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ს------ ბ-----ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებული მასთან შერიგებულია და არ გააჩნია პრეტენზია, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის სანოტარო წესით დამოწემული განცხადებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ს------ ბ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს------ ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, ს------ ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს გ---–- ბ-----ეს პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე