განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002683723
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002683723

საქმე №1/ბ-143-2019წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ---- შ-----ის მიმართ, დ----------–--------–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ს-----------ში, წ-------–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

 

ნ---- შ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ნ---- შ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 52-ე მუხლების საფუძველზე, ნ---- შ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ამოღებული სხვადასხვა დასახელების ვერცხლის ნაკეთობები _ წონით 1508.24 გრამი და ოქროს ნაკეთობები წონით _ 7,62 გრამი, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი სგპ „სარფის” სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა და მებაჟე ოფიცრებისა და ჯ------ შ-----ის, ნ---- შ-----ის, ნ---- შ-----ის და ვ-----–- ა------–-–ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეომასალა, გადაღებული მებაჟე-ოფიცრების სამხრე კამერების მიერ, რომლებიც ჩაწერილია ორ ცალ DVD დისკზე და ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---- შ-----ემ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში: ნ---- შ-----ემ თავისი დის _ ჯ------ შ-----ის ორგანიზებით, 2018 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, საბაჟო კონტოლისაგან მალულად, ტანთმოსილი სამალავით გადმოიტანა დიდი ოდენობით _ 6140, 98 ლარის საბაჟო ღირებულების 1508,24 გრამი ვერცხლის და 7,62 გრამი ოქროს ნაკეთობები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ----- ჭ------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ნ---- შ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლით: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა ზიანს აყენებს ქვეყნის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ---- შ-----ეს ძირითად სასჯელად დაუნიშნა ჯარიმა, რაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან აშკარად შეუსაბამოა.

 

მსჯავრდებულ ნ---- შ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- დ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ნ---- შ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ დ----- ა----–--ის, თ----- თ---------ის, ნ----- გ-------ის, ხ------- მ--------ის, ნ---- შ-----ის, ვ-----–- ა------–-–ის, ჯ------ შ-----ის და ნ---- შ-----ის გამოკითხვის ოქმებით, ოპერატიული თანამშრომლების პატაკით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ 2018 წლის 16 სექტემბრის წერილით და თანდართული დოკუმენტებით, მათ შორის, მგზავრთა დათვალიერების ოქმებით, ფოტოილუსტრაციით, დათვალიერების ოქმებით და საზღვრის კვეთის ამსახველი მონაცემებით, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ---- შ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ნ---- შ-----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულ ნ---- შ-----ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით. ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ---- შ-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ---- შ-----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ნ---- შ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ნ---- შ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ნ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ---- შ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ნ---- შ-----ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას მის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი ვერცხლის ნაკეთობები, წონით 1508.24 გრამი და ოქროს ნაკეთობები, წონით 7.62 გრამი, რომლებიც გადაეცეს სახელმწიფოს.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი სგპ „სარფის” სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა და მებაჟე ოფიცრებისა და ჯ------ შ-----ის, ნ---- შ-----ის, ნ---- შ-----ის და ვ-----–- ა------–-–ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეომასალა, გადაღებული მებაჟე-ოფიცრების სამხრე კამერების მიერ, რომლებიც ჩაწერილია ორ ცალ DVD დისკზე, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/