განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
330210116001254408
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/124-17 24 აპრილი, 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – შპს ”ჯ----------------------------------”

 

წარმომადგენელი - მზ-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ. ,,ვ--–------------“

 

წარმომადგენელი - ნ----–-------–---–-

 

დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ----------------------------------ს” სასარჩელო მოთხოვნა, მის სასარგებლოდ მოპასუხე ი.მ ვ--–-----------ისათვის 5029.20 ლარის დაკისრებაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ქუჩა ქ-----------–-, №- კორპუსის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ვ--–------------, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების N------------- საფუძველზე, დამოწმების თარიღი 07/10/2013.

 

2.4. ვ--–------------ 09/09/1998 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. დადგენილია, რომ აბონენტის ბარათის მიხედვით, აბონენტს N---------, დასახელება: ი/მ ვ--–------------, მისამართი: ს--------, ქ-----------–-ს ქუჩა №-, 04.11.2009 წლიდან 30.11.2013 წლის მდგომარეობით უფიქსირდება მიმდინარე დავალიანება 5029.20 ლარი.

 

2.6. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------------------------------ს” მომხმარებლებთან ურთიერთობის და წყლის გაყიდვების დეპარტამენტს, ფიზიკურმა პირმა ვ--–------------მ, განცხადებით მიმართა აბინენტად რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზაში სათანადო ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

2.7. საქართველოს შ--------------- სამინისტროს ქ. თბილისის მ---------------------–--ს წერილით, შპს ,,ჯ----------------------------------ს” აღრიცხვა-რეალიზაციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილია ინფორმაცია ქ. თბილისის მ---------------------–--ს ტერიტორიული დანაყოფების წყლის ხარჯის აღმრიცხველების სიების თაობაზე, წერილში მითითებული დანართის შესაბამისად.

 

დანართში აბონენტის N---------, მისამართზე ქ-----------–-ს ქუჩა №-. ფიქსირდება შ-- ქ. თბილისის მ---------------------–--------–-–--- მ--- განყოფილების დისლოკაცია.

 

2.8. წყალმომხმარებელთა საყოფაცხოვრებო სექტორის შემოწმების აქტით N------ დგინდება, რომ ქ. თბილისი, ქ-----------–-ს ქუჩა №-, აბონენტი ნომერი №---------, ეკუთვნოდა შ--------------- სამინისტროს და განთავსებული იყო შ-- მ--- განყოფილება 2012 წლამდე.

 

ი/მ ვ--–------------მ 2013 წლის სექტემბერში შეიძინა აღნიშნული ფართის ნაწილი, რომელიც დაკეტილი იყო; მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში გახდა შესაძლებელი შენობაში შესვლა და მრიცხველის ნახვა.

 

შპს ,,ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის სააქტო ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული დროისათვის მრიცხველზე ჩვენება დაფიქსირდა 14543 მ3, ამავე სააქტო ჩანაწერით, მას შემდეგ რაც შ-- მ--- განყოფილებამ დატოვა შენობა, გაურკვეველი პერიოდით შეიჭრნენ დევნილები და ცხოვრობდნენ, რომლებიც მოგვიანებით იქნენ გამოსახლებულნი.

 

დადგენილია აგრეთვე, რომ აღნიშნული დროისათვის მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენების დარიცხვა მოხდა ვ--–------------ზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვინაიდან, დავის საგანი უშუალო კავშირშია აბონენტის მიერ წყლის დანახარჯთან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაედგინა: 1. რა ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის; 2. რა პერიოდიდან და არსებობდა მხარეებს შორის ურთიერთობა; 3. არსებობდა თუ არა მხარეთა შეთანხმება ძველი დავალიანების აღიარებისა და გადახდის თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,ჯ----------------------------------” წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა” და სემეკის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული №№005 წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესი არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მომხმარებელთა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად; საყოფაცხოვრებო (ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის) და არასაყოფაცხოვრებო (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი) მომხმარებლად. ამავე წესების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ინდივიდუალურ მრიცხველზე წყალმომმარაგებელმა განახორციელოს დარიცხვა, სასამართლოს შეფასებით, პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს ზემოთმითითებული წესების შესაბამისად, მომხმარებლად.

 

სასამართლომ, გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ჯ----------------------------------ს” მომხმარებლებთან ურთიერთობის და წყლის გაყიდვების დეპარტამენტს, ფიზიკურმა პირმა ვ--–------------მ, 2013 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა აბინენტად რეგისტრაციის და მონცემთა ბაზაში სათანადო ცვლილების შეტანის თაობაზე, საქმიანობის სახედ მიეთითა ს-----------–-----.

 

სასამართლოს შეფასებით, ვ--–------------სა (მომხმარებელსა) და შპს ,,ჯ---------------------------------ს” (წყლის მიმწოდებელი კომპანია) შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 18 ნოემბრის შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წყალმომხმარებელთა საყოფაცხოვრებო სექტორის შემოწმების №------ აქტის თანახმად ქ.თბილისი, ქ-----------–-ს ქუჩა №- აბონენტი ნომერი №---------, ეკუთვნოდა შ--------------- სამინისტროს და განთავსებული იყო შ-- მ--- განყოფილება 2012 წლამდე. ი/მ ვ--–------------მ აღნიშნული ფართის ნაწილი შეიძინა 2013 წლის სექტემბერში, რომელიც დაკეტილი იყო. მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში გახდა შესაძლებელი შენობაში შესვლა და მრიცხველის ნახვა. შპს ”ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის სააქტო ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული დროისათვის მრიცხველზე ჩვენება დაფიქსირდა 14543 მ3. ამავე სააქტო ჩანაწერით, მას შემდეგ რაც შ-- მ--- განყოფილებამ დატოვა შენობა გაურკვეველი პერიოდით შეიჭრნენ დევნილები და ცხოვრობდნენ, რომლებიც შემდგომ გამოასახლეს. სასამართლოს აზრით, მითითებული აქტით დგინდება, რომ ვ--–-----------ის საკუთრებაში არსებული ფართი იყო დაკეტილი და მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში შეძლეს ფართის გახსნა და შპს ,,ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის მიერ მრიცხველზე არსებული ჩვენების აღრიცხვა, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 14543 მ3, ანუ 5029.20 ლარის დანახარჯს.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ იმ დროს, როცა შპს ,,ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის მიერ დაფიქსირდა სადავო თანხის ხარჯი, ი.მ. ვ--–------------ არ იმყოფობოდა მოსარჩელე კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და არ წარმოადგენდა მის აბონენტს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვ--–------------მ 2013 წლის 18 ნოემბრის აბონენტად რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული შენიშვნით ფაქტობრივად აღიარა ძველ აბონენტზე რიცხული ყველა შესაძლო დავალიანება, რაც უნდა დაფარულიყო მის მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი, აბსოლუტური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას, იგი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობა საკმარისია, რომ დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა და საჭირო აღარაა ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლების კვლევა.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალიწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხეშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული იქნა შეთანხმება, ან/და რომლებიც ასეთად არის მიჩნეული კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე არ შემდგარა, არ მომხდარა არსებული დავალიანების ოდენობის დაფიქსირება და მისი გადახდის ვადებზე შეთანხმება. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მიერ ძველ აბონენტზე რიცხული დავალიანებისა და მის მიერ გადახდის ვალდებულების აღიარების თაობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების მიზანია მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, შედეგად კი ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უთხრა მათ დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ, არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება და მტკიცებულებები და არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენება დარიცხულ იქნა იმ დროს, როდესაც შპს ,,ჯ----------------------------------“ და ი/მ ვ--–------------ არ იყვნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

 

ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ ვ--–-----------ის მიერ ქონების საკუთრებაში რეგისტრირებიდან მრიცხველზე ჩვენების დარიცხვამდე გასულია თვენახევარზე მეტი პერიოდი და მოწინააღმდეგე მხარის საქმიანობის გათვალისწინებით (ს-----------–--------- კლინიკა), სავსებით შესაძლებელი იყო 1143 მ. კუბი სასმელი წყალი მასვე მოემხარა.

 

გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ ვ--–------------ს, მის მიერ ქონების შეძენის და დაუფლების შემდეგ, გააჩნდა შესაძლებლობა და უნდა წაეკითხა კიდეც მრიცხველის ჩვენება; მას არ მოუთხოვია მრიცხველის შეცვლა, პირიქით, მოითხოვა მხოლოდ აბონენტის დასახელების შეცვლა.

 

ამასთან, აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაწერილი განცხადებით არ მომხდარა შპს ,,ჯ----------------------------------ს“ მიმართ ვალის აღიარება; აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ხსენებულ გარემოებასთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი არასწორად განმარტა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს და მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ქ-----------–-, კორპუსი №-, ს--------–---------–---------–----------–-----------------------., მესაკუთრედ რეგისტრირებულია ვ--–------------; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია _ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №------------- ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 07/10/2013.

- ვ--–------------ 09/09/1998 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

- აბონენტის ბარათის მიხედვით, აბონენტს №---------, დასახელება: ი/მ ვ--–------------, მისამართი: ს--------, ქ-----------–-ს ქუჩა შ-----------, 04.11.2009 წლიდან 30.11.2013 წლის მდგომარეობით უფიქსირდება მიმდინარე დავალიანება 5029.20 ლარის ოდენობით.

- დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------------------------------ს” მომხმარებლებთან ურთიერთობის და წყლის გაყიდვების დეპარტამენტს, ფიზიკურმა პირმა ვ--–------------მ განცხადებით მიმართა აბინენტად რეგისტრაციისა და მონცემთა ბაზაში სათანადო ცვლილების შეტანის თაობაზე.

- საქართველოს შ--------------- სამინისტროს ქ.თბილისის მ---------------------–--ს წერილით შპს ”ჯ----------------------------------ს” აღრიცხვა-რეალიზაციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილია ინფორმაცია ქ.თბილისის მ---------------------–--ს ტერიტორიული დანაყოფების წყლის ხარჯის აღმრიცხველების სიების თაობაზე, წერილში მითითებული დანართის შესაბამისად. დანართში აბონენტის №---------, მისამართზე ქ-----------–-ს ქუჩა №4 ფიქსირდება შ-- ქ.თბილისის მ---------------------–--------–-–--- მ--- განყოფილების დისლოკაცია.

- წყალმომხმარებელთა საყოფაცხოვრებო სექტორის შემოწმების №------ აქტით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ქ-----------–-ს №- აბონენტი ნომერი №---------, ეკუთვნოდა შ--------------- სამინისტროს და განთავსებული იყო შ-- მ--- განყოფილება 2012 წლამდე.

- ი/მ ვ--–------------მ ზემოაღნიშნული ფართის ნაწილი შეიძინა 2013 წლის სექტემბერში, რომელიც დაკეტილი იყო. მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში გახდა შესაძლებელი შენობაში შესვლა და მრიცხველის ნახვა. შპს ,,ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის სააქტო ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული დროისათვის მრიცხველზე ჩვენება დაფიქსირდა 14543 მ3, ამავე სააქტო ჩანაწერით, მას შემდეგ რაც შ-- მ--- განყოფილებამ დატოვა შენობა გაურკვეველი პერიოდით შეიჭრნენ დევნილები და ცხოვრობდნენ, რომლებიც მოგვიანებით იქნენ გამოსახლებულნი. დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული დროისათვის მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენების დარიცხვა მოხდა ვ--–------------ზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და საქმის გარემოებების არასწორად შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენება დარიცხულ იქნა იმ დროს, როდესაც შპს ,,ჯ----------------------------------“ და ი/მ ვ--–------------ არ იყვნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული წყალმომხმარებელთა საყოფაცხოვრებო სექტორის შემოწმების N------ აქტის თანახმად, ქ. თბილისი, ქ-----------–-ს ქ---, აბონენტი ნომერი N---------, ეკუთვნოდა შ--------------- სამინისტროს და განთავსებული იყო შ-- მ--- განყოფილება 2012 წლამდე. ი/მ ვ--–------------მ აღნიშნული ფართის ნაწილი შეიძინა 2013 წლის სექტემბერში, რომელიც დაკეტილი იყო და მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში გახდა შესაძლებელი შენობაში შესვლა და მრიცხველის ნახვა. შპს ,,ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის სააქტო ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული დროისათვის მრიცხველზე ჩვენება დაფიქსირდა 14543 მ3, ამავე სააქტო ჩანაწერით, მას შემდეგ, რაც შ-- მ--- განყოფილებამ დატოვა შენობა, იქ შეიჭრნენ დევნილები და ცხოვრობდნენ გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში, რომლებიც მოგვიანებით გამოასახლეს, მითითებული აქტით დგინდება ისიც, რომ ვ--–-----------ის საკუთრებაში არსებული ფართი იყო დაკეტილი და მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში შეძლეს ფართის გაღება და შპს ,,ჯ----------------------------------ს” წარმომადგენლის მიერ მრიცხველზე არსებული ჩვენების აღრიცხვა, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 14543 მ3, ანუ 5029.20 ლარის დანახარჯს.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, დავალიანების დარიცხვა აბონენტზე განხორციელდა ი/მ ვ--–-----------ის მიერ შეძენილი ქონებით სარგებლობის დაწყებამდე, რაც ცალსახად გამორიცხავს აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვ--–-----------ის მიერ ქონების საკუთრებაში რეგისტრირებიდან ჩვენების დარიცხვამდე გასულია თვენახევარზე მეტი პერიოდი და მოწინააღმდეგე მხარის საქმიანობის გათვალისწინებით (ს-----------–--------- კლინიკა), სავსებით შესაძლებელი იყო 1143 მ. კუბი სასმელი წყალი მასვე მოემხარა და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენება დარიცხულ იქნა იმ დროს, როდესაც მხარეები - შპს ,,ჯ----------------------------------“ და ი/მ ვ--–------------, არ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

 

4.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ ი/მ ვ--–-----------ის მიერ 2013 წლის 18 ნოემბერს დაწერილი განცხადებით მოხდა შპს ,,ჯ----------------------------------ს“ მიმართ ვალის აღიარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე; კერძოდ, როგორც აღინიშნა, სასამართლომ მიუთითა, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი, აბსოლუტური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას; იგი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობა საკმარისია, რომ დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა და საჭირო აღარაა ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლების კვლევა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე ამ კოდექსის 327-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე არ შემდგარა, არ მომხდარა არსებული დავალიანების ოდენობის დაფიქსირება და მისი გადახდის ვადებზე შთანხმება. აქედან გამომდინარე, უსაფუძლოა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მიერ ძველ აბონენტზე რიცხული დავალიანებისა და მის მიერ გადახდის ვალდებულების აღიარების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი თავისი პოზიციის სისწორეს ამყარებს სადავო განცხადებაში შენიშვნის სახით არსებულ დათქმაზე, რომლის მიხედვითაც ,,ძველ აბონენტზე რიცხული ყველა შესაძლო დავალიანება დაფარული იქნება ჩვენს მიერ სახელწოდების შეცვლის შემდეგ“ და განმარტავს, რომ აღნიშნულით მოწინააღმდეგე მხარემ იკისრა მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენების ნომინალური დავალიანების გადახდის ვალდებულება. სააპელაციო პალატის შეფასებით, ხსენებული განცხადება არის შპს ,,ჯ----------------------------------ს“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ცვლილებისთვის აუცილებელი ე.წ. ,,ბლანკი“, რომელზეც მითითებული შენიშვნა ბეჭდური სახით არის დართული და იგი არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას დავალიანების არსებობის აღიარებისა და მისი გარკვეულ ვადაში გადახდის თაობაზე, ამდენად, პალატის შესაფებით, იგი ვერ იქნება მოაზრებული ვალის აღიარების ხელწერილის სამართლებრივი განმარტებით და აღნიშნული მიზნებისთვის მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე მიუთითებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე არ შემდგარა, არ მომხდარა არსებული დავალიანების ოდენობის დაფიქსირება და მისი გადახდის ვადებზე შთანხმება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი ადგენს, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალიწინებული ფორმით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული იქნა შეთანხმება, ან/და რომლებიც ასეთად არის მიჩნეული კანონის მიერ, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ სახეზე არ არის კანონით დადგენილი წესის დაცვით შედგენილი დოკუმენტი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალის აღირების თაობაზე;

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ჯ----------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/