განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002638463
საქმე №1/ბ-797-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№1----------) ბ------ ი----ს ძე შ----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, წ-------–-ს ქ. N11/14;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ------ შ----ემ ჩაიდინა ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, პ--–---ის ქ. N37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------ შ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელის დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი----- კ------ეს და მ---- ზ-------ეს, რამაც დაზარალებულთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ბ------ შ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ბ------ შ----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არ არის სამართლიანი, დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. აპელანტს მიაჩანია, რომ ბ------ შ----ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა ისეთი სახის, რაც დაკავშირებული იქნება მისი თავისუფალი ნების მაქსიმალურ შეზღუდვასთან.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ------ შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ------ შ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების: ი----- კ------ის და მ---- ზ-------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: რ----- კ----ის, ი---- გ-----ის, გ------ ტ------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ------ შ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ბ------ შ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად ბ------ შ----ეს დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ------ შ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 ( ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ბ------ შ----ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბ------ შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ვ---- შ----ეს დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------–-’’ 2018 წლის 13 აგვისტოს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
ბ------ შ----ის მიმართ დაკისრებულ ჯარიმაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე