განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002635869
საქმე №1/ბ-693-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№1-----------) გ------- გ------ს ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. სოხუმი, ძ---–-----ს ქ. N9, ბინა N33, ფაქტობრვად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–----------------------–--------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- გ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 აგვისტოს, დააახლოებით 13:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში მდებარე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, გ------- გ--------მა, ურთიერთშეპალარაკების ნიადაგზე, სახისა და თავის არეში ხელების დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს მ------ ნ-–--–-–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გ------- გ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 აგვისტოდან, 2018 წლის 26 აგვისტომდე.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ გ------- გ--------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არ არის სამართლიანი, დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.
მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ტ------- ნ--------ე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- გ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ნ-–--–-–---–ის ჩვენებით, მოწმე გ---–- ს--------ის ჩვენებით, 2018 წლის 22 აგვისტოს შედგენილი შემაკავებელი ორდერით, აუდიო ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
გ------- გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანმშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად გ------- გ--------ს სასამართლომ დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------- გ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- გ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ------- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 26 აგვისტომდე.
გ------- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს მ------ ნ-–--–-–---–ს, განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში.
პირობით მსჯავრდებულის მიმართ კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო პირობით მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცება - შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმესთან საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე