განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002610875 (#1/ბ-713-2018წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
სტაჟიორ-პროკურორის - გ---–ა ტ------ძის
ადვოკატის - ი--- გ-------ძის
მსჯავრდებულის - ლ---- ქ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ბ-------ს ძე ქ----ის მიმართ დაბადებული 1--- წლის 1- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ ც----–----ოში;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---- ქ----ემ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის და 27 აპრილის დადგენილებებით, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ლ---- ქ----ემ, 2018 წლის 21 მაისს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მე-2 ს----ში, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, ნაქირავები ექსკავატორის მეშვეობით, უკანონოთ მოიპოვა 300 კილოგრამი სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.3 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით ლ---- ქ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ---- ქ----ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა - ექსკავატორი, ,,H-----------------’’ და 300 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი.
სააპელაციო საჩივრის არსი.
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ლ---- ქ----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი--- გ-------ძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ლ---- ქ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და ექსკავატორის დაბრუნებას მისი კანონიერი მფლობელისათვის.
სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარეს შესაგებლები არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ---- ქ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - ი--- გ-------ძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
– მოწინააღმდეგე მხარეს, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---–ა ტ------ძეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ქ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ---- ქ----ის, ს---–----------------------------–-----------------–---–-----------------–-------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის და 27 აპრილის დადგენილებებით ლ---- ქ----ის მიმართ; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალებით; სილკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის ამოღების ოქმით; ექსკავატორის ამოღების ოქმით; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ---- ქ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და განაჩენში ცვლილების შეტანას დანმატებით სასჯელტან დაკავშირებით.
მსჯავრდებულ ლ---- ქ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
რაც შეეხება ლ---- ქ----ისათვის ,,H-----------------’’ - მოდელის ექსკავატორის ჩამორთმევას, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას.
სააპელაციო სასამართლოს აზრით საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ნივთის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ,,H-----------------’’ - ექსკავატორი, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ---- ქ----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--- გ-------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
ლ---- ქ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ---- ქ----ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას 300 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
,,H-----------------’’ - ექსკავატორი, რომლიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულიდან აღებული სინჯი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე