განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002601301
საქმე №1/ბ-24-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- გ------ს ძე ბ---–----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ა-----------–---–ის ქ. 12;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- ბ---–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმდების ქვეშ მყოფმა რ----- ბ---–----ემ, ქ. ბათუმში, ა-----------–---–ის ქ. N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღელს ნ----- ჯ---–----ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ორივე ხელი მოუჭირა ხელებზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით რ----- ბ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა განესაზღვრა 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 ივლისიდან 2018 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------ კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ რ----- ბ---–----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გასაზღვრისას არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება და დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- ბ---–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- ჯ---–----ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - მ--–---- პ-----ის, თ------ ა--–--ის, გ-- ი-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ----- ბ---–----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
საქმეში წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით რ----- ბ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს 2016 წლის 31 ოქტომბრის M---------------- შეტყობინებით დადგენილია, რომ რ. ბ---–----ეს საგამოცდო ვადა დაუმთავრდა 31.10.2016წ. რის გამოც საქმეზე წარმოება შეწყდა.
გასაჩივრებული განაჩენით რ----- ბ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----- ბ---–----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატას მსაჯავრდებულ რ----- ბ---–----ის მიმართ დანიშნული სასჯელის მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და რ----- ბ---–----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ----- ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
რ----- ბ---–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 ივლისიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით;
რ----- ბ---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში რ----- ბ---–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ფ---- გ-------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, თ------- დ-----–--ა სახლი N4, ბინა N13 (საკადასტრო კოდი N0------------------)- 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში რ----- ბ---–----ის მიმართ ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე