განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002566921
საქმე №1/ბ-728-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------ე ბ------ს ძე ფ------–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ს--------ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ-------ე ფ------–--ემ ჩაიდინა ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ს--------აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ-------ე ფ------–--ემ, განაწყენების ნიადაგზე, ორჯერ დაარტყა მუშტი, კისრის და მარცხენა ხელის არეში ნ----- ჭ---------ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თ-------ე ფ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ--------- ლ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ თ-------ე ფ------–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის საკმარისი სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ-------ე ფ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ-------ე ფ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულ ნ----- ჩ---------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ლ--- მ--–------–ის, შ---ი ფ------–--ის, ბ------ ფ------–--ის და გ----- ა-----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ-------ე ფ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.
თ-------ე ფ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ-------ე ფ------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
სააპელაციო პალატას მსაჯავრდებულ თ-------ე ფ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ-------ე ფ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, თ-------ე ფ------–--ეს, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ თ-------ე ფ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე