განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
110140018002566896
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110140018002566896

საქმე №1/ბ-802-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ნ----- ზ-------ს ასული ჭ---------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაონის სოფელ ს---------ში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ----- ჭ---------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 მაისს დააახლოებით 17:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ საქთარვაში, საკუთარ სახლში, ნ----- ჭ---------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ--- მ--–------–ს ორივე ხელი მოუჭირა კისერში და მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც ლ--- მ--–------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ნ----- ჭ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ--------- ლ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ნ----- ჭ---------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არ არის სამართლიანი, დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე სასჯელის მიზნებს და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოხდეს მკაცრი რეაგირება.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ----- ჭ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ----- ჭ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--- მ--–------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: შ---- ფ------–--ის, ბ------ ფ------–--ის, გ----- ა------ს, თეონა ა------ს, თ-------ე ფ------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ნ----- ჭ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ნ----- ჭ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად ნ----- ჭ---------ეს სასამართლომ დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნ----- ჭ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ----- ჭ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნ----- ჭ---------ის მიმართ დაკისრებულ ჯარიმაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე