განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001987814
საქმე №1/ბ-507-2017წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ნოემბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) კ------ ბ---------ს მიმართ (პასპორტის №C-------), დაბადებულის 1----–-–---------–---, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქის, ქვრივის, ტექნიკური განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ა------------–----------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–-------------–---–---------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
ბრალდებული კ------ ბ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე–64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ კ------ ბ---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა.
პირობით მსჯავრდებულის კ------ ბ---------ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალა პრობაციის ბიუროს ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: რ---------------ისა და ბ------ შ------ისგან ამოღებული ორი ცალი ”-------–ის” ფირმის ტელევიზორი, რომლებიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ამ მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------ ბ---------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე კ------ ბ---------, რომელიც იყო ქ--------–----------------–- მდებარე შპს ”------------------ს” ტექნიკის შემკეთებელი სერვის-ცენტრის თანამშრომელი (ტექნიკოსი), 2016 წლის 11 დეკემბერს, ამავე სერვის ცენტრიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ ”-------–ის” ფირმის პლაზმურ ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1470 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- მ---------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ------ ბ---------ს მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სრულად არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად დანიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც იქნება ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი. ამასთან, მსჯავრდებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, მას საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, ვერ განხორციელდება მის მიმართ სასჯელად გამოყენებული პირობითად ჩათვლილი სასჯელის აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად კ------ ბ---------ს გამოკითხვის ოქმით; მოწმეების _ მ---- ა--–--ის, ფ-------- ნ---–--ის, რ---------------ის, ბ------ შ------ის, ი-–-- შ----ის და ნ------- ვ----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ტელევიზორების დათვალიერების ოქმით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით; კ------ ბ---------ს ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ------ ბ---------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესო ცვლილების შეტანის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ კ------ ბ--------- ნასამართლობის არმქონეა, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მას დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელის, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, კ------ ბ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას კ------ ბ---------სათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ------ ბ---------სათვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი კ------ ბ---------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ------ ბ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე–64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.პირობით მსჯავრდებულ კ------ ბ---------ს ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.მსჯავრდებულ კ------ ბ---------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.კ------ ბ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებები – რ---------------ისა და ბ------ შ------ისგან ამოღებული ორი ცალი ”-------–ის” ფირმის ტელევიზორი, რომლებიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ამ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/