განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.03.2019
საქმის ნომერი
330310018002264258
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002264258

საქმე №3ბ/2621-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - თამარ ონიანი, გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - თ----- ბ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენელი - მ---- პ-------–---–-

 

მესამე პირი - შპს „ე------–------------ი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

2.2. მესამე პირი - შპს ,,ე------–------------ი“ წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში მიუთითებს, რომ ეთანხმება სააპელაციო მოთხოვნას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1- ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 7------------ №9---- გადაწყვეტილება - შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2--- წლის 9-------------- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2------ ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა ამ ნაწილში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ შპს ,,ე------–------------ი’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------- არასაყოფაცხოვრებო აბონენტად, მისამართზე - ქ. თბილისში, შ-----–-- ქ. N--.

 

2--- წლის 9-------------ს შპს ,,ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, შ-----–-- ქ. N---ში მდებარე, შპს ,,ე------–------------ის’’ საკუთრებაში არსებული ობიექტის წყალმომარაგება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, ობიექტზე არსებული 3- მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან უმრიცხველოდ ხდებოდა სასმელი წლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0----- და აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,ე------–------------ს“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 2---.2- ლარი.

 

შპს ,,ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის საფუძველზე, 2--- წლის 1- ო----------- N---- დადგენილებით შპს ,,ე------–------------ს’’ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

2--- წლის 1- ოქტომბერს შპს „ე------–------------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2--- წლის 9-------------- აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტით დარიცხული თანხის გაუქმება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 7------------ №9---- გადაწყვეტილებით შპს ,,ე------–------------ის’’ დირექტორის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,ე------–------------ისთვის’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2--- წლის 9-------------- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით 2------ ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2--- წლის 9-------------- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით 2------ ლარის უსაფუძვლოდ დარიცხვის საფუძვლად მიჩნეული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველობა, კერძოდ, მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელებული იყო 3- მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8-საათიანი დღიური მოხმარებით, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა. შესაბამისად, კომპანიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განისაზღვრა 1 საათი, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 3--,3- ლარით.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 7------------ №9---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას.

 

ხსენებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამ წესების მიზნებისათვის კი სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამასთან, მე-4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ე------–------------ი’’ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------- არასაყოფაცხოვრებო აბონენტად, მისამართზე - ქ. თბილისში, შ-----–-- ქ. N--.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში - იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 9-------------ს შპს ,,ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, შ-----–-- ქ. N---ში მდებარე შპს ,,ე------–------------ის’’ საკუთრებაში არსებული ობიექტის წყალმომარაგება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, ობიექტრზე არსებული 32 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან უმრიცხველოდ ხდებოდა სასმელი წლის მოხმარება. რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0----- და აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,ე------–------------ს’’დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 2------ ლარი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 3- მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 7------------ №9---- გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეიობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიქტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა. შესაბამისად, კომპანიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განისაზღვრა 1 საათი, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 3--,3- ლარით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2------ ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, შპს ,,ე------–------------ის’’ მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა, რის გამოც, კომპანიამ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განსაზღვრა 1 საათი, თუმცა რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამგვარად შეფასების დროს მის მიერ მითითებული არ ყოფილა.

 

სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებული ობიექტის სამუშაო განრიგი, დატვირთვის რეჟიმი, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ფოტო-სურათებით (ს. ფ. 1---1--) შპს ,,ე------–------------ის’’ კუთვნილ ობიექტზე (ქ. თბილისში, შ-----–-- N---ში) ნათლად ჩანს ჭარბი წყლის მოდინების ფაქტი, რომლითაც დასტურდება წყლის უკანონო მოხმარება. ამ ყველაფრის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე იქნა მიღებული, რომ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მომხმარებელმა კომისიაში გაასაჩივრა კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვა, ხოლო კომისიამ ძალაში დატოვა დადგენილება და დააკორექტირა დარიცხვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სადავო საკითხის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათთვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. შესაბამისად, კომისიამ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით და შეფასებით მიიჩნია, რომ დარიცხვა განხორციელებული იყო კომისიის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

 

აპელანტი მიუთითებს „ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-11 მუხლის მე-12 პუნქტზე, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-12 და მე-18 მუხლებზე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, 29-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე, 264-ე მუხლებზე. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება უნდა შეეფასებინა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე კომისიას მინიჭებული აქვს თავის მარეგულირებელ სფეროში დავების განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების ფართო დისკრეცია. აპელანტი მიიჩნევს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საფუძვლიანად გამოიკვლია სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი კვალიფიციური შეფასება მისცა სადავო საკითხს.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არ გაითვალისწინა კომისიის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სახის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე/ობიექტებზე კომისიაში არსებობს დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ემყარება ამ ობიექტების შესაძლო დატვირთვის რეჟიმის მხედველობაში მიღებასა და წყალმომარაგების ლიცენზიატისა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ინტერესების დაბალანსებას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის გამოთვლის კონკრეტულ კრიტერიუმებს, მათ შორის, საათების რაოდენობას, არ ითვალისწინებს, არამედ ადგენს მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის გამოთვლისას შესაძლო დატვირთვის რეჟიმის გათვალისწინების ვალდებულებას. თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს „შესაძლო დატვირთვის რეჟიმში“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირობითია, წარმოადგენს უფლებამოსილი პირის/ორგანოს შეფასების საგანს და უნდა დადგინდეს საქმეზე არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მათთან ერთობლიობაში. მიუხედავად აღნიშნულისა, კომისიაში განხილულია რა ათეულობით მსგავსი დავა წყალმომარაგების ლიცენზიატსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შორის, დადგენილია, საშუალოდ რა რაოდენობის სასმელი წყალი სჭირდება დღე-ღამის განმავლობაში ამა თუ იმ ობიექტს. ამგვარ შემთხვევებში მხედველობაშია მისაღები, რომ ობიექტი, რომელიც ახორციელებს მშენებლობას, განსხვავებული რაოდენობით საჭიროებს სასმელ წყალს სამუშაოს თითოეულ ეტაპზე, ამასთან, ის სამუშაოები, რომელიც ობიექტზე მიმდინარეობდა სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის მომენტისათვის და რაც თვალსაჩინოა თავად წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მეშვეობით, არ საჭიროებდა სასმელი წყლის მუდმივ რეჟიმში მოხმარებას. გასათვალისწინებელია, რომ ობიექტის ფუნქციონირება არ ნიშნავს სასმელი წყლის მოხმარებას სრული სამუშაო დღის - 8 საათის განმავლობაში, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ თეორიულად შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება „ჭარბი წყლის მოდინების ფაქტს“, რომელსაც სასამართლო აღნიშნავს თავის გადაწყვეტილებაში და რომელზე დაყრდნობითაც მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ არის გამოკვლეული, მტკიცებულებებიდან (ფოტოსურათები) ნათლად ჩანს, რომ თავდაპირველად ობიექტზე შემავალი სასმელი წყლის მილი, რომლითაც სასმელი წყლის უკანონო მოხმარება ხორციელდებოდა, არის გადაჭრილი შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ. ორ ფოტოსურათზე აღნიშნული მილიდან არ მოედინება წყალი, ხოლო მომდევნო ფოტოსურათებიდან ჩანს წყლის ნაკადი. შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენლებმა მოუშვეს ონკანი, რათა დაედგინათ, ნამდვილად გადიოდა თუ არა სასმელი წყალი აღნიშნულ მილში და შესაბამისად, ხორციელდებოდა თუ არა სასმელი წყლის უკანონო მოხმარება. სწორედ ეს ფაქტია აღბეჭდილი ფოტოსურათებზე, რაც არ მოწმობს იმას, რომ ობიექტზე მილი ამ მდგომარეობაში იყო და წყალი მუდმივ რეჟიმში მოედინებოდა, მით უმეტეს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი წყლის ნაკადი მიედინება სწორედ იმ ადგილას, სადაც მიწის სამუშაოების შედეგად შენობის საძირკვლის გაჭრაა დაწყებული და სადაც სასმელი წყალი არავითარ საჭიროებას არ ემსახურება.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის უფლებამოსილების მინიჭების მიზანი, რასაც წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შესაძლო ზიანის ანაზღაურების მიღება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წყალმომარაგების ლიცენზიატს მინიჭებული აქვს ზიანის ოდენობის განსაზღვრის და ამ ზიანისათვის ანაზღაურების დაკისრების უფლებამოსილება, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ეს ზიანი და მის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხა შეესაბამებოდეს რეალობას და იყოს დასაბუთებული. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მოცემულ საქმეზე გამოყენებულ იქნა ზედაპირული მიდგომა, კერძოდ, მოხდა მუშაობის რეჟიმის გაიგივება სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმთან, რაც სრულიად დაუსაბუთებელი ვარაუდია და კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული მართებულად. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წყალმომარაგების ლიცენზიატის დადგენილება) და მის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა არ უნდა ემყარებოდეს უსაფუძვლო ვარაუდს და გამყარებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით, კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას კი მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მესამე პირისათვის 8-საათიანი დღიური მოხმარების რეჟიმის გათვალისწინებით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის მიზანშეწონილობა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების და პრინციპების განხორციელებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის ბალანსის დაცულობა მოსარჩელის უფლებასა და მოპასუხის ინტერესს შორის. ამასთან, დაუშვებელია ამ პროცესში სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებების იმგვარი განმარტება და ინტერპრეტაცია, რომ დაზიანდეს ზოგადი ადმინისტრაციული წესრიგი და საფუძველი გამოეცალოს გადაწყვეტილებათა მიღების კომპეტენციას. კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების მიმართ მაღალია როგორც მომხმარებელთა, ასევე კომპანიების ნდობის ხარისხი და ლეგიტიმური მოლოდინი. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა კომისიის უფლებამოსილებასა და დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით მისაღწევ კანონიერ მიზანს შორის ობიექტური მიზეზების და შედეგობრივი კავშირის ანალიზი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შპს ,,ე------–------------ისთვის“ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის წესის განსაზღვრა.

 

სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის პირობებში, სწორედ მრიცხველის ჩვენების გათვალისწინებით ხდება მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა. ამასთანავე, თუკი ადგილი აქვს სასმელი წყლის უკანონო მოხმარებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვის სპეციალური წესი. კერძოდ, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის მესამე პირის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, არამედ უნდა განისაზღვროს მოხმარებული წყლის საფასურის გამოთვლის წესი. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შპს ,,ე------–------------ს’’დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 2------ ლარი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 3- მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 7------------ №9---- გადაწყვეტილებით კი აღნიშნული დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიქტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა. შესაბამისად, კომპანიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განისაზღვრა 1 საათი, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 3--,3- ლარით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია საწარმოს მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, საკითხი უნდა გადაწყდეს ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად და სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის გამოთვლა უნდა მოხდეს ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. შესაბამისად, მოცემული ნორმა შეიცავს მითითებას საფასურის გაანგარიშების ზოგად მეთოდზე, რომელიც თითოეული, კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკასა და თავისებურებაზე არის დამოკიდებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიქტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა. ამასთანავე, მითითებული ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რასაც საქმის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, გამოკვლეული არ არის დადგენილი წესით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების გზით წარმართვისა და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლია, როდის დაიწყო შპს „ე------–------------მა“ სამშენებლო სამუშაოები, რა პერიოდში მიმდინარეობდა იგი, მით უფრო, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმართვა ხდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვის მოპოვებას, მითითებული კი ასევე მნიშვნელოვანია სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდის დასადგენად. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებული ობიექტის სამუშაო განრიგი, დატვირთვის რეჟიმი. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ფოტო-სურათებით შპს ,,ე------–------------ის’’ კუთვნილ ობიექტზე (ქ. თბილისში, შ-----–-- N---ში) ნათლად ჩანს ჭარბი წყლის მოდინების ფაქტი, რომლითაც დასტურდება წყლის უკანონო მოხმარება. შესაბამისად, აპელანტმა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მითითებული გარემოებები და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოს სადავო საკითხი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე