განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
060100118002539219
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100118002539219

საქმე №1/ბ-613-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ნ-------- ზ------ს ძე თ------ის მიმართ, დაბადებული: 3---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, მცხოვრები: სამტრედია, სოფელი დიდი ჯ----–ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- თ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 23:15 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------- თ------ემ თავისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელი დიდი ჯ----–ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---- გ---------ს, კერძოდ, სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა გაშლილი ხელი და მუშტი, ასევე მუცლის არეში ორჯერ ჩაარტყა წიხლი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ნ---- გ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ნ-------- თ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ ნ-------- თ------ეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის ხასიათი.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- თ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-------- თ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- გ---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე მ---- გ---------ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ნ-------- თ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი.

 

ნ-------- თ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-------- თ------ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, საზოგადობისათვის სასარგებლო შრომის სახით, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნ-------- თ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

ნ-------- თ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ზეწარი, ერთი ცალი კაბა, ერთი ცალი ნაჭერი, ნ-------- თ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სამი ბარათით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მანქანის სარეგისტრაციო ბარათი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეფ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე