განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-12-2019წ.
(080100118002694711)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-- ა---------–-ს ძე კ-------ას მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მარტვილის რაიონი სოფელი ნ---------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ--–-- კ-------ამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ქუთაისში, ი------------ გამზ. N67-ში მდებარე ა---------------------------- ტერიტორიაზე, შ--–-- კ-------ამ, განსხვავებული თმის ფერისა და ჩაცმულობიდან გამომდინარე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე-----–- ა-----ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ე-----–- ა-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით შ--–-- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ -ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01(ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- დ--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ--–-- კ-------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო შ--–-- კ-------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციპიკა მისი სიმძიმე, ის რომ მსჯავრდებულს მომხდარის შემდეგ არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია და რ უცდია მასთან შერიგება, გარდა ამისა კატეგორიული უარი განაცხადა მისთვის ბოდიშის მოხდაზე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა დისკრიმინაციული მოტივით, რაც ხაზს უსვამს მსჯავრდებულის პიროვნებას და ანალოგიურ სიტუაციაში წარმოშობს ქმედების ჩადენის საფრთხეს, რაც საშიშია საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ--–-- კ--------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ--–-- კ-------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე-----–- ა-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმის ს------- ბ----–--ის გამოკითხვის ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ შ--–-- კ-------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ შ--–-- კ-------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ--–-- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ -ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 01(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე