განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
330210016001480759
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001480759

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1575-18 31 მაისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ს----------------------

წარმომადგენელი - ე-–------------

 

II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

 

I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე სს „ა----------------------ს“ მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 13 267,71 ლარის გადახდის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე სს „ა-----------------ს“ მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 9 671,2146 ლარის გადახდა;

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე, 885-ე, 887-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „ა-----------------მ“ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

 

სს „ა------------------“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

6. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა საბანკო გარანტიის პირობებს.

 

7. სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა და იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ 31.05.2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი #---ით, რომლიდან გამომდინარეც მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, არ იყო შედგენილი #0--------- წერილით განსაზღვრულ ობიექტზე. ამასთან, მოპასუხის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე შუამდგომლობის სახით წარდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს „გ----–--------“-ის მიმართ, სადაც მე-9 ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა 2013 წლის 16 აპრილის #0--------- წერილით განსაზღვრული შესრულების ვადები, მათ შორის ბ--------–------- ცენტრალური გზა (წ--------------–-------ა) და ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, წ------------------–-- გზა და წ------ს ცენტრალური გზა ერთიდაიგივე ობიექტი იყო და არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულება მხედველობაში.

 

8. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „გ----–--------“-ის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპის) სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოებს ამოწმებს შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფი, რის შემდეგაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შემსყიდველის მხრიდან ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. (იხ. ხელშეკრულების 7.2 პუნქტი).

 

9. გარდა იმისა, რომ სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების შემოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს და დასკვნის შედგენასა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღებს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული შუალედი, არც ერთი მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავდა მითითებას შესრულებული სამუშაოების ვადის გადაცილების შესახებ, არამედ მითითებული იყო, რომ „მიმწოდებლის მიერ ..... ქუჩის სამუშაოები შესრულებულია 2013 წლის 28 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის #1------------ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“

 

სასამართლოს მიერ არ მოხდა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.

 

10. სასამართლოს მიერ არც იმ მტკიცებულების (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ.გვერდიდან ამონაწერი) შეფასება მომხდარა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად ხორციელდებოდა თანხების ანაზღაურება და სრულად მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა მიმწოდებლისთვის. მის მიერ არ მომხდარა პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა და არც რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა შპს „გ----–--------“ -ის მიერ სამუშაოთა ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტს.

 

11. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც თუ გავითვალისწინებთ, რომ წ-------ბ-------ს გზა იგივე რ---------–ის ცენტრალური გზა იყო, უნდა გათვალისწინებულიყო ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი დრო და ერთი დღის ვადაგადაცილება არ უნდა მიჩნეულიყო ისეთ არსებით დარღვევად, რაც საბანკო გარანტიის გამოთხოვის საფუძველი გახდებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სადაო ობიექტზე 15.05.2013 წელსაც გაფორმდა #-- მიღება-ჩაბარების აქტი. თუ აღნიშნული აქტით ვიმსჯელებთ, რ---------–ის ქუჩის სამუშაოები წერილით განსაზღვრულ ვადაშია შესრულებული.

 

12. სასამართლომ არ გაითვალისწინა საბანკო გარანტიის ბუნება და პირობა, რომ თანხის გადახდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის და საბანკო გარანტიის ამოქმედების წინაპირობების არსებობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

13. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს.

 

14. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იზიარებს სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს უნდა წარედგინოს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, თუმცა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემობა, რომ ქ. თბილისის მერიამ სს „ა-----------------ს“ თავდაპირველად მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე - 2014 წლის 31 იანვარს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტის მიმართ წარდგენილ იქნა ვადაში, ხოლო დაზუსტება განხორციელდა 2014 წლის 25 ივლისის წერილით. არსებით გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, რაც გარანტის მიერ არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც წარმოშობდა გარანტის ვალდებულებას ამავე კოდექსის 879-ე და 886-ე მუხლების საფუძველზე მოეხდინა ბენეფიციარისათვის ანგარიშსწორება მისივე მოთხოვნის ფარგლებში. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა მოცემული დავის მოსაწესრიგებლად შესაბამისი ნორმები და ნაცვლად აღნიშნულისა, გადაწყვეტილება დააფუძნა სამართლის იმ ნორმებს, რომლის გამოყენების შესაძლებლობას, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

17. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

18. 2013 წლის 28 თებერვალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „გ----–--------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, როლის საფუძველზე შპს „გ----–--------“-მა იკისრა ვალდებულება ვ---------------–--- რაიონში შეეკეთებინა ვ------------ გზები და ქუჩები. ამავე ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ს ოდენობით.

 

19. 2013 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „გ----–--------“-ს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 28 თებერვალს, სს „ა-----------------ს“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გაცემული იქნა საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 19 815 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

 

საბანკო გარანტიაში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

 

20. 2013 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „გ----–--------“-ს გაუგზავნა წერილი, აცნობა იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა შპს „გ----–--------“-ს და სამუშაოების შესრულებისთვის განუსაზღვრა ვადა 2013 წლის 30 აპრილამდე. ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენდა ბ--------–------- ცენტრალური გზა.

 

21. 2013 წლის 31 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „გ----–-----------ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი წ-----–ი, რ---------–ის ქუჩის მიმდინარე შეკეთების სამუშაოების (II ეტაპი) შესრულების თაობაზე.

 

22. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2014 წლის 31 იანვარს წერილი გაუგზავნა სს „ა-----------------ს“, აცნობა შპს „გ----–--------“-ს მიერ სამუშაოს შესრულების ვადის 30 დღეზე მეტი ვადით გადაცილების თაობაზე და აღნიშნულის გამო გარანტს მოსთხოვა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება 9 671,2146 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 53).

 

23. 2014 წლის 12 თებერვალს, სს „ა-----------------მ“ ზემოაღნიშნულ წერილზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილითვე უპასუხა და მოითხოვა ინფორმაცია შპს „გ----–--------“-ს მიერ კონკრეტული ვალდებულების დარღვევის შესახებ.

 

24. მოსარჩელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების შემდეგ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, თავისთავად ადასტურებს პრინციპალის მიერ ვადის გადაცილებას. რაც შეეხება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, მოსარჩელის განმარტებით, მისი გაფორმება არ ნიშნავს, რომ შუალედურ პერიოდში, ცალკეული სამუშაოების შესრულებისას, ადგილი არ ქონდა შეთანხმებული ვადის გადაცილებას.

 

25. ამდენად, დადგენილია, რომ გარანტმა ბენეფიციარს საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ბენეფიციარმა სათანადოდ ვერ დაამტკიცა პრინციპალის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი. გარდა ამისა, გარანტი მიუთითებდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე, სადაც მითითებული იყო, რომ სამუშაოები დასრულდა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამდენად, გარანტმა საგარანტიო თანხის აანზღაურებაზე უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ დაასაბუთა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

25.1. სააპელაციო პრეტენზია ამავე გარემოებებს ემყარება.

 

26. სააპელაციო პალატა სააპელაციო პრეტენზიის საპირისპიროდ მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის არსი, იურიდიული ბუნება და, სახელშეკრულებო სამართალში, მისი როლი (იხ., №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი): „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.

 

27. ამდენად, საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი“ (იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-562-871-09).

 

28. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება. სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. მოთხოვნაში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი) გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

 

29. სსკ 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

30. განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ნაკისრი ხელშეკრულებების დარღვევის გამო, მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება. სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვეშე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

 

31. სააპელაციო პრეტენზიის საპირისპიროდ, პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე, როგორიც არის პრინციპალის მიერ დარღვეული ვალდებულების კონკრეტული აღწერა ან/და ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ბენეფიციარს გარანტისთვის რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება არ გააჩნდა.

 

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

33. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან.

 

34. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბანკო გარანტია რაიმე დამატებით პირობას არ ითვალისწინებდა და მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე. რაც შეეხება, ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი).

 

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიაში არსებული მითითება იმის თაობაზე, რომ „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე გარანტი იღებს ვალდებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა აუნაზღაუროს ბენეფიციარს“, გულისხმობს გარანტისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის და საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის თაობაზე. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება, რომ გარანტიის პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის ვალდებულება უტყუარად დაემტკიცებინა გარანტისთვის პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას კონკრეტული საბანკო გარანტია არ შეიცავდა. ((საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სწორედ, ამ სამართლებრივი საფუძვლით არ გაიზიარა ბანკის საკასაციო პრეტენზია გარანტიის დაკმაყოფილების წანამძღვრებად ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დარღვევის ხასიათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი; „საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.“ იხ. სუსგ. #ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). პრინციპალის სამართლებრივი დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალს რეგრესის წესით მოუწევს თანხის ანაზღაურება გარანტისთვის და ამავდროულად ექნება პრეტენზია ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან, შესრულების ხარისხთან, ვადასთან და. ა.შ, მას შეეძლება, ედავოს ბენეფიციარს და აღნიშნული დავის ფარგლებში, ხელშეკრულების მხარეთა მონაწილეობით შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ესა თუ ის გარემოება.

 

36. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 671,2146 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გარანტს წარუდგინა საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ა-----------------ს“ მიერ 9 671,2146 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ამ ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა.

 

37. რაც შეეხება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო პრეტენზიას 3 596,49 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად, საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, გარანტიის თანხის მოთხოვნის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის №ას-1353-1277-2012 გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის №ას-781-996-08 გადაწყვეტილება).

 

38. დადგენილია, რომ 2014 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სს „ა-----------------ს“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს „გ----–--------“-ს მიერ 2013 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 9 271,2146 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

 

39. 2014 წლის 25 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიმართა სს „ა-----------------ს“ და მოითხოვა 2013 წლის 28 თებერვლის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება დამატებით 3 596,49 ლარის, სულ 13 267,71 ლარის ოდენობით.

 

40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია გარანტის მიერ საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

41. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 28 თებერვლის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 01 თებერვლამდე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 596,49 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სს „ა-----------------ს“ მიმართა 2014 წლის 25 ივლისს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნა 3 596,4954 ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სს „ა-----------------ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

44. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სს „ა------------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. სს „ა------------------“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე