განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/1117-18
საქმე № 330310017002152894
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- ი----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება დ----- ი----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ----- ი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის N92 განკარგულება დ----- ი----–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და დ----- ი----–---–ის დაჯარიიმების შესახებ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. 2016 წლის 25 აგვისტოს, ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დ----- ი----–---–მა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, დ----- ი----–---–ი მეუღლესთან - ნინო რ-------–--ლი ი----–---–თან და არასრულწლოვან შვილებთან - გ---, მ------, თ---–- ი----–---–ებთან ერთად ცხოვრობს ქ. ს----------ში, თ---------–--ის ქ. N6-ში.
დ----- ი----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებად ფიქსირდება: 1) საცხოვრებელი სახლი - ს----------, თ---------–--ის N6, ფართობი 189.70 კვ.მ; 2) მიწის ნაკვეთი - ს----------, თ---------–--ის N6, ფართობი 1248.00 კვ.მ.
დეკლარაციაში დ----- ი----–---–ს მითითებული აქვს საკუთარი სს ,,საქართველოს ბანკის“ სახელფასო და ნინო რ-------–--ლი ი----–---–ის სს ,,ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიში ნულოვანი ბალანსით.
დეკლარაციაში დ----- ი----–---–ს მითითებული აქვს 2015 წელს მიღებული, საკუთარი და მეუღლის შემდეგი სახელფასო შემოსავლები: 1) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ი - ს----------ს N1 საჯარო სკოლა, შემოსავალი 4588 ლარი; 2) დ----- ი----–---–ი - ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა, შემოსავალი 13 268 ლარი; 3) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ი - ს----------ს N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, შემოსავალი 1872 ლარი.
დეკლარაციის თანახმად, დ----- ი----–---–ს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ დანაზოგი ნაღდი ფულის სახით. არ ფიქსირდება არანაირი ხარჯი და შენაძენები, რომელიც აღემატება ერთჯერადად 1500 ლარს, ასევე არ არის ინფორმაცია ფასიანი ქაღალდის ფლობის შესახებ. არ ფიქსირდება მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ს.ფ. 35-45).
2.2.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დ----- ი----–---–ის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 10 ივლისის N375/სა ბრძანების საფუძველზე, წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 10 ივლისის N375/სა ბრძანება (ს.ფ. 46).
2.2.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 12 ივლისის Nგ4493 წერილით ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დ----- ი----–---–ს ეცნობა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ამავე წერილით, დ----- ი----–---–ს ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადა წარედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცვლელი შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით), ასევე კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).
დ----- ი----–---–ს განემარტა, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარსადგენად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 3 სამუშაო დღეში, ბიურო აღნიშნულის შესახებ მოამზადებდა დასკვნას და მიიღებდა გადაწყვეტილებას დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 12 ივლისის Nგ4493 წერილი (ს.ფ. 47).
2.2.4. ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 21 ივლისს, დ----- ი----–---–მა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა მისი და მისი მეუღლის საბანო ანგარიშების ამონაწერები - 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ.109);
- ანგარიშიდან ამონაწერები (ს.ფ. 111-123).
2.2.5. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 12 სექტემბრის Nგ 6867 წერილით ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დ----- ი----–---–ს ეცნობა მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გარკვეული შეუსაბამობების შესახებ, კეროდ:
ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია ,,საქართველოს ბანკის“ სახელფასო და ნინო რ-------–--ლ-ი----–---–ის სს ,,ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიში ნულოვანი ბალანსით, ხოლო მის მიერ წარდგენილ საბანკო დოკუმენტაციაში ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, დეკლარაციის შევსების დღეს (25.08.2016წ.) მას სს ,,საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე (#G---------------------- გააჩნდა 2.94 ლარი, ხოლო ნინო რ-------–--ლ ი----–---–ის სს ,,ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშის (GE-------------------0) დეკლარაციის შევსების დღის ნაშთის ამონაწერი არ წარდგენილა.
საბანკო ამონაწერების შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 13.11.2015წ. სს ,,საქართველოს ბანკისგან“ სესხის სახით მიღებული აქვს 5 460.92 ლარი, აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს დაფიქსირებული.
წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია 2015 წელს მისი და მეუღლის შემდეგი სახელფასო შემოსავლები: 1) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ი - ს----------ს N1 საჯარო სკოლა-შემოსავალი 4588 ლარი; 2) დ----- ი----–---–ი - ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა - შემოსავალი 13 268 ლარი; 3) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ი - ს----------ს N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება -შემოსავალი -1872 ლარი.
შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მას და მის მეუღლეს 2015 წელს მითითებული აქვთ შემდეგი შემოსავლები: დ----- ი----–---–ი - ს----------ს მუნიციპალიტეტი - ხელფასი 18 200 ლარი; 2) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ი - ს----------ს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება - ხელფასი 1950 ლარი; 3) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ი - სსიპ ს----------ს N1 საჯარო სკოლა - ხელფასი 4 509, 56 ლარი.
დეკლარაციაში დაფიქსირებულ შემოსავლებსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის შეუსაბამობაა, კერძოდ ს----------ს მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ხელფასად დაფიქსირებულია 13,268 ლარი, ხოლო შემოსავლების სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წელს სახელფასო შემოსავალი შეადგენს 18,200 ლარს, ასევე მცირედი უზუსტობები ფიქსირდება მეუღლის სახელფასო შემოსავლებში.
დ----- ი----–---–ს განემარტა, რომ მითითებული უზუსტობები შესაძლებელია გამხდარიყო ბიუროს მიერ მისი ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შესაბამისად, განესაზღვრა 5 (ხუთი) დღის ვადა ქონებრივ დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციასა და შემოსავლების სამსახურის მონაცემებს, ასევე მიწოდებულ საბანკო ინფორმაციას შორის არსებული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად. ასევე, ეთხოვა წარედგინა: 1) საქართველოს სხვა (არსებობის შემთხვევაში) კომერციულ ბანკებში არსებული მისი და მისი მეუღლის საბანკო ამონაწერები (2015 წელი) და დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით (25.08.2016წ.) არსებული ნაშთები: 2) განმეორებით ეთხოვა წარედგინა ნინო რ-------–--ლი ი----–---–ის სს ,,ლიბერთი ბანკის“ კონკრეტული დღის (25.08.216წ.) სახელფასო ანგარიშის ნაშთის ამონაწერი; 3) 13.11.2015წ. სს ,,საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება და თანდართული გადახდის გრაფიკი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 12 სექტემბრის Nგ 6867 წერილი (ს.ფ. 63-64).
2.2.6. ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 20 სექტემბერს, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დ----- ი----–---–მა წარადგინა:
1) საქართველოს ბანკში მის სახელზე არსებული 2015 წლის საბანკო ამონაწერი;
2) ნინო რ-------–--ლი ი----–---–ის სახელზე სს ,,ლიბერთი ბანკის“ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომლის შესაბამისად არსებული ნაშთი 2016 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 77,11 ლარს;
3) სს ,,საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული N3------ საკრედიტო ხელშეკრულება, თანდართული გრაფიკით, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ დ----- ი----–---–ს მიღებული აქვს სესხი 8490 ლარის ოდენობით.
4) ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 19 სექტემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც დ----- ი----–---–ს 2015 წელს ხელფასის სახით დაერიცხა 18200 ლარი და დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი 3640 ლარი, სოლიდარობის ფონდი 140 ლარი, დაზღვევის გადასახადი 1152 ლარი.
ამავე განცხადებაში დ----- ი----–---–მა მიუთითა, რომ ვერ გაერკვია დეკლარაციის შევსების დროს სესხის ხელშეკრულება უნდა დაეფიქსირებინა თუ არა, რადგან სესხი გარკვეულად შემოსავალიც არის და უფრო მეტად ხარჯი. ასევე, მისი მეუღლე არის პედაგოგი და 2015 წელს სხვადასხვა თვეში იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ანაზღაურებას ჩატარებული საათების მიხედვით, დეკლარაციის შევსების პერიოდში დაწესებულებების ფინანსური დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ შვებულებებში, ამიტომ მათ მიერ ზეპირი ფორმით მოწოდებული მონაცემებით მიუთითა ხელფასის შესახებ ინფორმაცია. ხოლო მის ხელფასის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ 2015 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენს 18200 ლარს, ხელზე ასაღებს 13268 ლარს. განმცხადებელმა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პატიება ითხოვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 20.09.2017წ. განცხადება (ს.ფ. 65);
- საქართველოს ბანკის საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 127; 130);
- სს ,,ლიბერთი ბანკის“ ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 128-129);
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ. 131-135; 136)
- ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 19 სექტემბრის ცნობა (ს.ფ. 137).
2.2.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 სექტემბრის N144 დასკვნით ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დ----- ი----–---–ის 2016 წლის 25 აგვისტოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად.
დასკვნაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ბაზაში არსებული მონაცემები შესაბამისობაშია დ----- ი----–---–ის მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციასთან.
შსს მომსახურების სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბაზის შესაბამისად, დ----- ი----–---–ის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ 1998 წელს გამოშვებული ავტომანქანა IS--------- 2.2, რომელიც შეიძინა 2016 წლის 25 მაისს, აღნიშნული ავტომანქანა დეკლარაციაში არ არის დაფიქსირებული, რადგან მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში დ----- ი----–--–ის და ნინო რ-------–--ლი ი----–---–ის სახელფასო ანგარიშები მითითებულია ნულოვანი ბალანსით, მაშინ როდესაც საბანკო დოკუმენტაციაში სს ,,საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე (#G---------------------- დ----- ი----–---–ს გააჩნდა 2.94 ლარი, ხოლო ნინო რ-------–--ლ ი----–---–ის სს ,,ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე (GE-------------------0) დეკლარაციის შევსების დღეს ნაშთი შეადგენს 77,11 ლარს. აღნიშნული დარღვევა მიჩნეულ იქნა გამოთვლით/ტექნიკურ შეცდომად.
წარდგენილი საბანკო ამონაწერების გადამოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 13.11.2015წ. სს ,,საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, დ----- ი----–---–ს მიღებული აქვს 8490 ლარი, რაც ასახული არ არის ქონებრივ დეკლარაციაში. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სავალდებულოდ მისათითებელ ინფორმაციას, ხოლო ამ ინფორმაციის დაუფიქსირებლობა მიჩნეულ იქნა ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტიდან გამომდინარე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველად.
დეკლარაციაში დაფიქსირებულ დ----- ი----–---–ის და მეუღლის ნინო რ-------–--ლ ივანიაშვილის სახელფასო შემოსავლებსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის არსებულის შეუსაბამობასთან მიმართებაში დაფიქსირებული დარღვევა მიჩნეულ იქნა გამოთვლით/ტექნიკურ შეცდომად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 27 სექტემბრის N144 დასკვნა (ს.ფ. 77-79).
2.2.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის N92 განკარგულებით ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დ----- ი----–---–ის 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და არასწორი მონაცემების შეტანისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე, ამავე დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დ----- ი----–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ და დ----- ი----–---–ი დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის N92 განკარგულება (ს.ფ. 11).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის N92 განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.2. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ ასევე იგულისხმება - საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი/მერი; ბ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილე; გ) გამგებლის/მერის მოადგილე; დ) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია.
უდავოა ის, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოსარჩელე დ----- ი----–---–ი დანიშნული იყო ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, რაც ცხადს ხდის იმ გარემოებას, რომ იგი „საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მიჩნეულია „თანამდებობის პირად“ და შესაბამისად ამავე კანონის სუბიექტად. დადგენილია ისიც, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დ----- ი----–---–მა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
2.3.3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან.
ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ამ ინსტრუქციის მე-11-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი დეკლარაციების შემოწმების დაწყების თაობაზე ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული სხვა წერილობითი ინფორმაციის სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ბიურო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით, დახმარების თხოვნით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების მოძიებას სისტემა უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან, კერძოდ: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით იდენტიფიცირდება თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი – სახელის, გვარის, პირადი თერთმეტნიშნა ნომრის, დაბადების თარიღის მეშ,ვეობით, ასევე მონაცემები მის მიერ დეკლარაციაში მითითებული რეგისტრაციისა და ფაქტობრივ მისამართებზე რეგისტრირებული პირების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით ელექტრონული სისტემა ადგენს ინფორმაციას: ბ.ა) იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება; ბ.ბ) იმ საწარმოს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის წილობრივი მონაწილეობით ან/და რომლის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/მართვის ორგანოს წევრს წარმოადგენს თანამდებობის პირი/მისი ოჯახის წევრი; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით სისტემა ადგენს ინფორმაციას თანამდებობის პირის/ოჯახის წევრის მიერ დეკლარირების პერიოდში დადებული გარიგებების შესახებ; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ სატრანსპორტო საშუალებისა და იარაღის შესახებ, რომლებზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელთა განაცემების შესახებ ინფორმაციის, ასევე წლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ფინანსური სარგებლის/შემოსავლის შესახებ; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ საწარმოთა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თანამდებობის პირთან/მის ახლო ნათესავთან/ოჯახის წევრთან დეკლარაციის წარდგენის კალენდარული წლის პერიოდისათვის.
ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ბიურო აცნობებს დაინტერესებულ მხარეს – იმ თანამდებობის პირს, რომლის დეკლარაციაც ექვემდებარება შემოწმებას. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობასთან ერთად, ბიურო თანამდებობის პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას, მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. აღნიშნული ვადა, თანამდებობის პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთხელ, 10 სამუშაო დღის ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების გამოვლენისას, ბიურო უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს თანამდებობის პირს მისი წარდგენის მოთხოვნით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრის წესი გამოიყენება აგრეთვე ინფორმაციის/დოკუმენტაციის განმეორებით მოთხოვნისას, თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი დასაბუთების წარდგენის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის პროცესში თანამდებობის პირის დეკლარაციაში უზუსტობის, ინფორმაციის არასრულად წარდგენის ან/და სხვა სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბიურო აცნობებს შესაბამის პირს დარღვევისა და მისი შინაარსის შესახებ და განუსაზღვრავს მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადას.
ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების თაობაზე დასკვნას ამზადებს და ბიუროს უფროსს წარუდგენს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ სსიპ საჯარო სამსახური ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დ----- ი----–---–ის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც შემოწმების მიზნით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 10 ივლისის N375/სა ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
მონიტორინგის დეპარტამენტმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული მონაცემების, საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსათვის წარდგენილი დოკუმენტებისა და განმარტებების საფუძველზე, შეადგინა დასკვნა, რომლითაც ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დ----- ი----–---–ის დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციიის - 13.11.2015წ. სს ,,საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხის - 8490 ლარის მიუთითებლობის საფუძვლით.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ლ“ პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესი ითვალისწინებს თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ 3 000 ლარს ზემოთ დადებული ნებისმიერი სახეობის, მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულების თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში ასახვის ვალდებულებას. დადგენილია და მოსარჩელე არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულება არ აუსახავს დეკლარაციაში.
მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლოს უნდა შეეფასებინა, არსებული დარღვევა ქმნიდა თუ არა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
სასამართლომ განმარტა, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნორმის სწორ განმარტებას, კერძოდ, იმ გარემოების დადგენას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი - დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა გულისხმობს დეკლარაციაში გამოვლენილ ნებისმიერ უზუსტობას თუ მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის არასახვას ან/და არასრულად ასახვას, რომელიც არსებითი ხასიათისაა და წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზანთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის განმარტება ემყარებოდა გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და გენეტიკური განმარტების პრინციპს, რომლის შესაბამისად, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი უნდა განმარტებულიყო სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცით, რაც სასამართლოს მისცემდა მისი შინაარსის განსაზღვრისა და კანონმდებლის ნების სწორი განმარტების საშუალებას.
სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, დეკლარაციის შევსება მიზნად ისახავს კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობის ამაღლებს თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციაში ასახულო მონაცემების სისრულის და სიზუსტის შემოწმებაც (მონიტორინგი) ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზანს, რაც განსაზღვრულია კიდეც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. სწორედ კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი, უსწორობა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური ხასიათის მატარებელი, ასევე, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ. სასამართლოს მოსაზრებით, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინპერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, დ----- ი----–---–ის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილი ქონებივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და დ----- ი----–---–ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ კორუფციული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მიუხედავად კორუფციული სამართალდარღვევების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებისა, მასზე ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი ნორმები. საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თ---------–--ების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
კონკრეტული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები: სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ქმედების ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაუფრთხილებლობით); და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამრიგად, დ----- ი----–---–ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში მხოლოდ სადავო ინფორმაციის მიუთითებლობის საფუძვლით თანმადებობის პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ვინაიდან მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ იყო საკმარისი ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული სამართლებრივი დანაწესი კანონმდებლის მიერ ასახულია თვით „საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტშიც, სადაც თანამდებობის პირის მიერ კანონის მხოლოდ ბრალეული დარღვევის გამოა შესაბამის პასუხისმგებლობაზე მითითებული, რაც ასევე არ იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხედველობაში მიღებული.
2.3.4. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს სარჩელის შემთხვევაში ბათილად ცნობს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არსებობდა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის N92 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დ----- ი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ივლისის №375/სა ბრძანებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დაიწყო დ----- ი----–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმება, რის შედეგად დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოსარჩელის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, რაც მიჩნეული იქნა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევად. დადგენილი იყო და დ----- ი----–---–ი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულება დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელემ ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი სამართალდარღვევა უმოქმედობით და სახეზე იყო მოსარჩელის უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, ბიუროს მიერ მიღებული იქნა ობიექტური, სამართლიანი და პროპორციული გადაწყვეტილება.
საჯარო სამსახურის ბიურო განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილება არის ბიუროს მიერ შემუშავებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შედეგი, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სუბიექტური და გაუგებარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება დ----- ი----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
4.1. ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა.
ხსნებული მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება (სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქცია).
ამდენად, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თანამდებობის პირისთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველს კი განსაზღვრავს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის N375/სა ბრძანებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ს----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დ----- ი----–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დ----- ი----–---–ის დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითების გამო. კერძოდ, არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა დ----- ი----–---–ის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასახვა.
პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეიცავდეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული მუხლის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს ერთ-ერთ შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ - საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.
დადგენილია და მოსარჩელე დ----- ი----–---–ი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 13.11.2015წ. სს ,,საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მიღებული აქვს 8490 ლარი, რაც ასახული არ აქვს ქონებრივ დეკლარაციაში. შესაბამისად, სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო მითითებული დარღვევის არსებობა ქმნიდა თუ არა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. მოცემული საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნორმის სწორ განმარტებას, კერძოდ, უნდა დადგინდეს - ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი - დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა გულისხმობს დეკლარაციაში გამოვლენილ ნებისმიერ უზუსტობას თუ მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის არასახვას ან/და არასრულად ასახვას, რომელიც არსებითი ხასიათისაა და წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზანთან.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს, გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი, უსწორობა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური ხასიათის მატარებელი, ასევე, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ. პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინპერპრეტაცია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული, არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება, არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში მხოლოდ სადავო ინფორმაციის მიუთითებლობის საფუძვლით თანამდებობის პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე, ვინაიდან მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ წარმოადგენს საკმარის პირობას ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, დ----- ი----–---–ის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს წარგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და დ----- ი----–---–ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
შორენა ყაველაშვილი