განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180210015001006124
საქმე №2ბ/744-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,კ-----------–------“
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.03.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.12.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება
მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.03.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,კ-----------–------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შესრულებულად ჩაითვალა 2013 წლის 10 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს ,,კ-----------–------”-ს (ს/კ 2--------) შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების №78 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაო 55 561,89 ლარის ღირებულებით, ასევე ამავე მხარეთა შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების №84-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ წილკნის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულების შესახებ ნასკირი ვალდებულება 29 234,15 ლარის ღირებულებით; შპს ,,კ-----------–------’’ გათავისუფლდა მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს - 66 483,41 ლარის გადახდის ვალდებულებისგან;
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 16 მარტს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 20 თებერვალს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 16 მარტს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა, რადგან სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოსთვის არ უცნობებია.
15.06.2017 წელს მოპასუხემ საჩივარი წარადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით.
აღნიშნულ საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ მოახერხა ოჯახური პირობების გამო, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლი სხდომის დროს იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, ბიძის გარდაცვალების გამო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.12.2017 წლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი 2017 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.03.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.12.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ არის იურიდიულად გამართლებული, ვინაიდან სამუშაოები, რომლებიც უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს არ არის შესრულებული.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სადავო არ არის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 16 მარტს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება აპელანტს ჩაბარდა 2017 წლის 20 თებერვალს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად. 2017 წლის 16 მარტს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებები აპელანტს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარში, არც სააპელაციო საჩივარში და არც სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივარში და სასამართლო სხდომაზე აპელირებს მხოლოდ საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შპს ,,კ-----------–------“-ის სარჩელი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელთან მიმართებაში პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, და რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა არა სარჩელის კანონიერების შემოწმება, არამედ მუნიციპალიტეტის მხრიდან პროცესუალური ნორმის უნებლიე დარღვევა. აგრეთვე, აპელანტი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის იურიდიულად გამართლებული, ვინაიდან სამუშაოები, რომელთა შესრულებაც ევალებოდა მოსარჩელეს, ფაქტობრივად შესრულებული არ არის.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები ჩაითვლება დამტკიცებულად, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს, არ ამოწმებს სარჩელის დასაბუთებულობას, არამედ სარჩელში მითითებულ გარემოებებს მიიჩნევს დამტკიცებულად მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამასთან, დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, რაც ასევე არ გულისხმობს სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტების დადგენას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, აპელანტის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულებები არ არის ფაქტობრივად შესრულებული, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ იყო იურიდიულად გამართლებული, პროცესუალურ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობები. აღნიშნული კი თავის მხრივ გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობები. აღნიშნული კი თავის მხრივ, გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.03.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.12.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე