განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002609302
საქმე №1/ბ-25-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- ა-----ის ძე ნ------------ს მიმართ, დაბადებული: 19-- წლის 04 დ--------ს, ყ---------ს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ბათუმი, ა----–-----–-- ქ.#2.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---- ნ-----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბათუმი, დ----- ა----–-----–-- ქუჩა N2, ბინა N8---ში ყოფნისას, ა---- ნ-----------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმების მოქაჩვით და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - ლ------ კ------–---ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ა---- ნ------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.
ა---- ნ------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ------ძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა---- ნ------------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, რამაც გამოიწვია ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა---- ნ------------ მტრულად არის განწყობილი დაზარალებულის მიმართ და სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა სასამართლომ გამოიყენა ისეთი სახის არასაპატიმრო სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---- ნ------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---- ნ------------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ------ კ------–---ას გამოკითხვის ოქმით, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა---- ნ------------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა---- ნ------------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- ძ------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა---- ნ------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.
ა---- ნ------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ლ------ კ-------–----ს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2018 წლის 19 ივლისს - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე