განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002309601
საქმე №1/ბ-579-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ა-–---------- ძ-------ის
მსჯავრდებულის - ჯ---- ნ-------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ---- კ-–------ის ძე ნ-------ს მიმართ, დაბადებული 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: სოხუმი, სოფელი ბ---–---, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქობულეთი, დ-----------–-------–-- ქ. 5, ბინა 13;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ---- ნ-------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ---- ნ-------მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების 32 კალიბრის (7,65მმ კალიბრი) ,,ITALO G.R.A.’’ - ას მოდელის NA----- რევოლვერს და ქარხნული წესით დამზადებულ უცხოური წარმოების 7,65 მმ ,,B-------’’ 1--- წლის ნიმუშის 2 ცალ საბრძოლო ვაზნას, რომლებიც 2018 წლის 21 იანვარს, ქ------–-----------–----–--------------------–---------------------------, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ჯ---- ნ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობიოთ ჯ---- ნ-------ს განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 იანვრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ჯ---- ნ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–- ა--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, ჯ---- ნ------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ჯ---- ნ-------ს, რომელმაც დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მინიმალური სასჯელის განსაზღვრა მოითხოვა;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა-–---------- ძ-------ეს, რომელიც არ დაეთანხმა მსჯავრდებულის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ჯ---- ნ-------ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ---- ნ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ზ------ შ-----ის, ვ-–- დ-------ის, თ------ ი------ის, ფ-------- ქ---–----ის გამოკითხვის ოქმებით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ---- ნ-------ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც მსჯავრდებულის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, იგი ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატა ჯ---- ნ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღრისას მხედველობაში მიიღო ჯ---- ნ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ჯ---- ნ-------ს მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს (საქართველოს სსკ-ის 58 მუხლი), ასევე დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას სწორად განუსაზღვრა სასჯელი, ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი დაენიშნა სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ჯ---- ნ-------ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ---- ნ-------ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ---- ნ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით 2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ---- ნ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ---- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ---- ნ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯ---- ნ-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - რევოლვერი და ორი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე