განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
060100118002635204
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002635204

საქმე №1/ბ-40-2019 წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ-–-- ბ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), მცხოვრების ქ-------------–----------–----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველით ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ-–-- ბ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ-–-- ბ--------ემ 2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 19 საათზე, ქ-------------–----------–----------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მაისურისა და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ნ--- შ-----–--ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ბ-–-- ბ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

 

ბ-–-- ბ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ-–-- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მ-----–- ბ--------ის (პ/ნ3----------) საკუთრებაში არსებულ, ქ-------------–-------–----------------–------------------------------------------------------------------–------------------------------------) 3 000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა.

 

გამართლებულ ბ-–-- ბ--------ეს განემარტა მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლება.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ-–-- ბ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ბ-–-- ბ--------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ბ-–-- ბ--------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ-–-- ბ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:

 

მოწმე დავით ფილიპიას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 აგვისტოს, სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული ნ--- შ-----–--, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ _ ბ-–-- ბ--------ემ ხელისა და მაისურის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

მოწმე გ--- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 აგვისტოს, ამავე სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დაზარალებულ ნ--- შ-----–--ს თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ყვითელი ფერის უმკლავო მაისური, რომლის გამოყენებითაც მიაყენა ნ--- შ-----–--ს მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმე მ-----ა დ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 აგვისტოს, ამავე სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა ბ-–-- ბ--------ის შვილი ბორის ბ--------ე და დედა მ-----–- ბ--------ე, რომელიც შეესწრო ბ-–-- ბ--------ის მიერ ნ--- შ-----–--ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს.

 

დაზარალებულმა ნ--- შ-----–--მ და მოწმე მ-----–- ბ--------ემ (ბ-–-- ბ--------ის დედამ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ბ-–-- ბ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ--- შ-----–--ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ-–-- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ბ-–-- ბ--------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ--- შ-----–--მ და მოწმე მ-----–- ბ--------ემ, რომლებიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდნენ ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ-–-- ბ--------ის მიერ 2018 წლის 05 აგვისტოს თავისი მეუღლის _ ნ--- შ-----–--ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების: დავით ფილიპიას, მ-----ა დ---–-–---–ის და გ--- მ------–---–ის ჩვენებებს, ისინი გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ნ--- შ-----–--ს და მოწმე მ-----–- ბ--------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც მიჩნეული ვერ იქნება დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ბ-–-- ბ--------ის მიმართ 2018 წლის 19 ნოემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი ბ-–-- ბ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ-–-- ბ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ ბ-–-- ბ--------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ბ-–-- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მ-----–- ბ--------ის (პ/ნ3----------) საკუთრებაში არსებულ, ქ-------------–-------–----------------–-------------------------------------------------------------------–------------------------------------) 3 000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/