განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
330310017002036473
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002036473

საქმე № 3ბ/900-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-–- შ---–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება ლ-–- შ---–--ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ-–- შ---–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული SVU N------ ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N------) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. დადგენილია, რომ შპს ,,ც-----“ წარმოადგენდა ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძოდ, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 1994 წლის 12 ივლისს, შპს ,,ც-----ს“ სახელზე გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0----------- ლიცენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0----------- ლიცენზია (ს.ფ 80);

- ლიცენზია N0----- (ს.ფ. 81).

 

2.2.2. დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის N-------- დადგენილებით შპს ,,ც----ს’’ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ც----- ქ. სოხუმის ი. ვ------ სახელობის უნივერსიტეტი’’. ამავე სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებული იქნა შპს ,,სოხუმის ი. ვ------ სახელობის უნივერსიტეტი’’ (სახელმწიფო რეგისტრაციის N10/5/ბ-50), რომელიც შეიქმნა შპს ,,ც-----ს’’ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-59).

 

2.2.3. დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს N 7-- ბრძანებით, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის N------------------შპს ბრძანების საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად, შპს ,,ი. ვ------ სახელობის უნივერსიტეტს’’ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც წარმოადგენს შპს ,,ი. ვ------ სახელობის უნივერსიტეტის’’ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნოერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს N7-- ბრძანება (ს.ფ. 87).

 

2.2.4. საქმეზე დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის’’ მიერ ლ-–- შ---–--ას სახელზე გაიცა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი SVU N------ (სარეგისტრაციო N------) მასზედ, რომ შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის 19.06.2008 წლის გადაწყვეტილებით ლ-–- შ---–--ას დაბადებულს 27.06.1987 წელს, მიენიჭა საბაჟო საქმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი SVU N------ (სარეგისტრაციო N------) (ს.ფ. 65).

 

2.2.5. 2017 წლის 23 მაისს ლ-–- შ---–--ამ განცხადებით (რეგისტრაციის №5-----) მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის SVU N------ (სარეგისტრაციო N------) ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.05.2017წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 61-66).

 

2.2.6. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ლ-–- შ---–--ას 2017 წლის 23 მაისის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2017 წლის 30 მაისს MES 8------------ წერილით მიმართა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტს, რომლითაც აღნიშნულ უნივერსიტეტს გაეგზავნა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლ-–- შ---–--ას ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულების, აგრეთვე მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 30 მაისის MES 8------------ წერილი (ს.ფ. 67).

 

2.2.7. შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ ლ-–- შ---–--ამ ნამდვილად დაამთავრა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტი, მიენიჭა საბაჟო საქმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა SVU N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-59).

 

2.2.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილებით ლ-–- შ---–--ას უარი ეთქვა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული SVU N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის N1-19/56 გადაწყვეტილებით სოხუმის ი. ვ------ სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციურ აკრედიტაციის მინიჭებაზე. შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტს, როგორც სოხუმის ი. ვ------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნულის შესაბამისად, შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით ლ-–- შ---–--ას სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი SVU N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-59).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება, ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას შეამოწმა მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.3.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

2.3.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქმეზე დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 23 მაისს, ლ-–- შ---–--ამ განცხადებით (რეგისტრაციის №5-----) მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის SVU N------ (სარეგისტრაციო N------) ნამდვილობის დადასტურება. 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილებით ლ-–- შ---–--ას უარი ეთქვა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული SVU №000226 დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

2.3.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

2.3.5. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტის დროს (დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხის განხილვის პერიოდში) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, ხოლო შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, შესაბამისად, არ არსებობდა 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველესად, სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - საბაჟო საქმის კვალიფიკაციით საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული განათლების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდებოდა აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდებოდა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებდა სასამართლოს, რომ კანონი განემარტა გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტი იყო ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ ჰქონდა აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.

 

2.3.7. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეული იყო კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდებოდა სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე შეეფასებინა რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებული იქნა, ლ-–- შ---–--ას მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. გარდა ამისა სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს მოსარჩელის მიერ შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.

 

2.3.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-–- შ---–--ას სარჩელი საფუძვლიანი იყო, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ეცნო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისთვის უნდა დაევალებინა, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული SVU N------ ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N------) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონისა და ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის შესახებ” N98/ნ ბრძანების მოთხოვნები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრულად დაიცვა აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრის გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად ცენტრის მიერ გამოცემული აქტის უკანონოდ შეფასებისა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობა კანონიერი ნდობის ინსტიტუტზე არის დაუსაბუთებელი და წარმოადგენს ცენტრის დისკრეციაში უხეშ ჩარევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ლ-–- შ---–--ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:

 

4.1. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართული იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული SVU N------ ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N------) ნამდვილობის დადასტურება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრმა უნდა დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, ასევე უნდა შეამოწმოს კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის საფუძველზეც, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას ან უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე.

 

დადგენილია, რომ შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ დადასტურებული იქნა, რომ ლ-–- შ---–--ამ ნამდვილად დაამთავრა შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტი, მიენიჭა საბაჟო საქმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა SVU N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომი, თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მასზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როცა სახეზეა ადმინისტრაციული სამართლის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის (მმართველობის კანონიერების პრინციპი და კანონიერი ნდობის პრინციპი) შეპირისპირების აუცილებლობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ-ერთს, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს პირის ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ამასთან, საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მხრიდან კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების: ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენის, ზეწოლის, მოტყუების, ქრთამის მიცემის ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენა. სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე ენდობოდა მასზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს - არ დაადასტუროს ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა.

 

სააპელაციო სასამართლოს პოზიცია განათლების საკითხებთან მიმართებაში არის ცალსახა, პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, პალატა თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომისა თუ განხორციელებული ცალკეული მოქმედების მიმართ წარმოეშვათ კანონიერი ნდობა.

 

სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპს არ უკავშირებს მხოლოდ აქტის არსებობის ფაქტს და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის აღმჭურველი ღონისძიება უნდა იყოს განჭვრეტადი და შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი. ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების მიმართ ჩნდება ნდობის პრინციპი, რაც თავის მხრივ განპირობებულია კანონიერების პრინციპით და გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, იმოქმედოს კონკრეტულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის დადასტურება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს იმ ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ღონისძიებების შეფასების საჭიროებას, რაც იძლევა საკმარის საფუძველს დადგინდეს, რომ პირს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა არსებული განვითარება შესაძლებელს გახდიდა სასურველი მიზნის მიღწევას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა მასზე გაცემული დიპლომის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება. ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დიპლომთან მიმართებით კანონიერი ნდობის გავრცელების თაობაზე და იზიარებს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–- შ---–--ას სარჩელი საფუძვლიანი იყო, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 ივნისის M---------------6 გადაწყვეტილება ლ-–- შ---–--ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაავალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს საქართველოს ნ-----------–--ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული SVU N------ (სარეგისტრაციო N------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

შორენა ყაველაშვილი