განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
020100118002495747
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002495747

საქმე №1/ბ-488-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- რ-----ს ძე ყ-------ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ჯ-----, ც--------ს ქ. 16;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–- ყ-------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ--–- ყ-------მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, წარმოშობის დოკუმენტების გარეშე შეიძინა 4 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა, მესტიის რაიონის სოფელ ხ--–-დან თ---–---მდე ტრანსპორტირების მიზნით, 2016 წლის იანვრის თვეში, წალენჯიხის რაიონში, დ----------–ი გამოყენების მიზნით დაამზადა 2016 წლის 16 იანვრით დათარიღებული N1-------- სანოტარო აქტი, რომლითაც თითქოს მას ჯ---–----- ჯ--------მ მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხის მასალის დამზადებისა და ტრანპორტირებისათვის. მის მიერ დამზადებული ყალბი სანოტარო აქტი გ--–- ყ-------მ 2016 წლის 06 მარტს გამოიყენა წარმოშობის დოკუმენტების გარეშე შეძენილი 4 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირებისათვის.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით გ--–- ყ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი მ---------–--------–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენში და მსჯავრდებულს განესაზღვროს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის სახე და ზომა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ--–- ყ-------ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ლმობიერია და არ პასუხობს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს, სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა ის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც ახლდა გ--–- ყ-------ს მიერ ჩადენილ ქმედებას, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებული გ--–- ყ------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს მის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- ყ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--–- ყ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა-----–---- ფ-----ს, ვ----– ს------ის და გ------- ს--------ს ჩვენებებით; 2016 წლის 11 იანვრის N1-------- სანოტარო აქტით, ხე-ტყის წარმოშობის N0--------- დოკუმენტით; 2016 წლის 11 აპრილის სანოტარო მოქედებეატა ელექტრონული რეესტრის დათვალიერებათა ოქმით; 2018 წლის 25 აპრილის ხელწერის ნიმუშის აღების ოქმით; სასამართლო ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 მაისის N0-------- ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით; 2018 წლის 18 მაისის უძრავი ქონების რეესტრის დათვალიერების ოქმით; 2018 წლის 7 ივნისის საქართველოს შსს საინფორმაციო ბაზის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- ყ-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის და ზომის სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა გ--–- ყ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რუსლან გვარიშვილს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, დაავადებულია სათესლე ჯირკვლის კიბოთი ღვიძლში მეტასტაზებით და დანიშნული აქვს ქიმიოთერაპიით მკურნალობის კურსი და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციის ფარგლებში დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ გ--–- ყ-------ს მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ-------- წ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--–- ყ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გ--–- ყ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება: N1-------- ყალბი სანოტარო აქტი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე