განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
330210015788614
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015788614

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/64-18 12 ივნისი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლევან გვარამია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – სს ,,ს---------------------------------”;

წარმომადგენელი თ----- კ------–--ე, ვ------- შ---------;

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------”;

წარმომადგენელი - თ-- შ------–-–---–ი;

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე: სს ,,ა-----------------”;

წარმომადგენელი - ნ---- ლ---------;

დავის საგანი _ საგარანტიო თანხის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს სარჩელი სს ,,ს---------------------------------“-ს მიმართ, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს ,,ა-----------------“, საგარანტიო თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს ,,ს---------------------------------“-ს მოსარჩელე სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7 583,04 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 5 მარტს სსიპ ''ს--–---------------–------------------–------სა'' და შპს ს----------------------- ''ა--------------'' შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ს----------------------- ''ა-------------მა'' აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის გაეწია 252 767,50 ლარის ღირებულების სადაზღვევო მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 5 მარტის №----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-21);

 

2.2. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------;

ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------;

ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------,ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------;

ჰიუნდაი ''i 10'', სახელმწიფო ნომრით ---------,ჰიუნდაი ''i 10'', სახელმწიფო ნომრით ---------, დაზღვეული იქნა ს----------------------- ''ა-------------ის'' მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 5 მარტის №----------- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 22-25);

 

2.3. 2014 წლის 12 ივლისს დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგაც დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება ''ფიატ დუკატო'', სახელმწიფო ნომრით E------. დაზიანებული ავტომობილი გადაყვანილი იქნა შესაკეთებლად შპს ''ს-------------------ში''. 2014 წლის 14 ივლისს სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' დირექტორმა წერილით მიმართა შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' გენერალურ დირექტორს და ითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება. მოპასუხის 2014 წლის 30 სექტემბრის წერილით სსიპ ''ს--–---------------–------------------–------ს'' ეცნობა, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევით, რის გამოც განცხადება დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 11 მარტის წერილი (ს.ფ. 291-293).

 

2.4. 2014 წლის 7 ოქტომბერს დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგაც დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება ''ფიატ დუკატო'', სახელმწიფო ნომრით E------. 2014 წლის 20 ოქტომბერს სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' დირექტორმა წერილით მიმართა შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' გენერალურ დირექტორს და ითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება.ზიანის ოდენობამ შეადგინა 37 976 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 11 მარტის წერილი (ს.ფ. 291-293).

 

2.5. 2014 წლის 13 აპრილს დადგა სადაზღვევო შემთხევა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება ''ფიატ დუკატო'', სახელმწიფო ნომრით E------. 2014 წლის 14 აპრილს სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' დირექტორმა წერილით მიმართა შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' გენერალურ დირექტორს და ითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობამ შეადგინა 19 993 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 11 მარტის წერილი (ს.ფ. 291-293).

 

2.6. 2014 წლის 02 ივლისს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება ''ჰიუნდაი i10'', სახელმწიფო ნომრით F------- 2014 წლის 04 ივლისს სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' დირექტორმა წერილით მიმართა შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' გენერალურ დირექტორს და ითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ჰიუნდაი ავტო ჯორჯიას 2014 წლის 22 აგვისტოს №-------- ცნობით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ''ჰიუნდაი i10'', სახელმწიფო ნომრით F------ არ ექვემდებარება აღდგენას. ს----------------------- ,,ა-------------ი“-ს მიერ დამდგარი ზიანი ანაზღაურებულია დაგვიანებით, 2015 წლის 06 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 11 მარტის წერილი (ს.ფ. 291-293).

 

2.7. 2014 წლის 24 ივლისს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტოსანტრანსპორტო საშუალება ''ჰიუნდაი i10'', სახელმწიფო ნომრით F------; 2014 წლის 24 ივლისს სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' დირექტორმა წერილით მიმართა შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' გენერალურ დირექტორს და ითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობამ შეადგინა 14 629 ლარი. ს----------------------- ,,ა-------------ი“-ს მიერ დამდგარი ზიანი ანაზღაურებულია დაგვიანებით, 2015 წლის 04 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 11 მარტის წერილი (ს.ფ. 291-293).

 

2.8. 2014 წლის 25 ოქტომბერს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება ''ფიატ დუკატო'', სახელმწიფო ნომრით E------; 2014 წლის 27 ოქტომბერს სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' დირექტორმა წერილით მიმართა შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' გენერალურ დირექტორს და ითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობამ შეადგინა 13 077 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 11 მარტის წერილი (ს.ფ. 291-293).

 

2.9. 2014 წლის 04 მარტს შპს ,,ს--------------------------------სა“ (გარანტსა) და შპს ,,ს----------------------- ა-------------ი“-ს (პრინციპალს) შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა საბანკო გარანტია №------, რომლის ძალითაც გარანტი უზრუნველყოფს ,,პრინციპალის“ მიერ სსიპ ს--–---------------–------------------–-------ს წინაშე 2014 წლის 26 თებერვალს N--- წერილის/ოქმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

საბანკო გარანტიის პირობების თანახმად, ,,გარანტი“ ვალდებულია ,,ბენეფიციარის“ წინაშე, მასზედ, რომ თუ ,,პრინციპალი“ ,,ბენეფიციარის“ წინაშე ვერ შეასრულებს 1.1. პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საბანკო გარანტიის მოქმედების განმავლობაში, ,,გარანტი“ ,,ბენეფიციარს“ გადაუხდის 7 583,04 ლარს, ,,ბენეფიციარის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

მხარეება განსაზღვრეს, რომ საბანკო გარანტია ძალაში შედის 2014 წლის 04 მარტიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საბანკო გარანტია N------ (ს.ფ. 72);

- 2014 წლის 04 მარტის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (ს.ფ. 73-75).

 

2.10. საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 11 დეკემბერს სსიპ ს--–---------------–------------------–------მა ,,გარანტორს“ შპს ,,ს--------------------------------ს“ წარუდგინა პირველი მოთხოვნა თანხის გადახდაზე, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან 2014 წლის 05 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მოქმედი იყო, მხარეებს მისი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების საკითხი არ განუხილვათ და არ არსებობს შესაბამისი გადაწყვეტილება, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება რომ ხელშეკრულება სრულდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად. სწორედ ამის გამო, მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

 

2014 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა შპს ,,ს--------------------------------ს“ 7583,04 ლარის მოთხოვნით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2014 წლის 11 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 30-31);

- 2014 წლის 15 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 35).

 

2.11. სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------სა“ და სს ,,ა-----------------“-ს (ყოფილი შპს ს----------------------- ა-------------ი“) შორის წარმოებული სამოქალაქო დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 25 მაისს მიღებული განჩინების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება ერთი მხრივ, აპელანტ სს ,,ა-----------------“-სა და მეორე მხრივ, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“ შორის, შემდეგი პირობებით:

 

1.1. მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფს ამ აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში სატრანსპორტო საშუალების / ნარჩენის (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E------) აპელანტის საკუთრებაში გადაცემას.

1.2. აპელანტი უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების / ნარჩენის (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E------) საკუთრებაში მიღებიდან 3 თვის ვადაში:

ა) სატრანსპორტო საშუალების / ნარჩენის (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E-------, ს/ნ Z----------------) საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, თანხის- 36515,31(ოცდათექვსმეტი ათას ხუთას თხუთმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურებას ან რომელიმე მსგავსი მარკის, მოდელისა და სხვა მახასიათებლების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების სსიპ - ს--–---------------–------------------–-------სათვის შეძენას ან/და საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ასანაზღაურებელ თანხასა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ს--–---------------–------------------–-------ს ანგარიშზე ჩარიცხვას.

ბ) მოწინააღმდეგე მხარის ბალანსზე რიცხული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E------) აღდგენის ორგანიზებასა და აღდგენის ხარჯების ანაზღაურებას საკუთარი ფინანსური რესურსით.

1.3. აპელანტი უზრუნველყოფს ავტომობილის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შედარების დასკვნისა და აღდგენასთან დაკავშირებით ტექნიკური გამართულობის შესახებ დასკვნის წარდგენას.

1.4. მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფს:

ა) შედარებისა და ტექნიკური გამართულობის შესახებ დასკვნების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით ამ მორიგების აქტის მიხედვით ჩანაცვლებული / აღდგენილი სატრანსპორტო საშუალებების ჩაბარებას;

ბ) აპელანტის მიერ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, არა უმეტეს 10 დღის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე უარის თქმას, რისთვისაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს და მოითხოვოს საქმის წარმოების შეწყვეტა, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიის საფუძვლების არარსებობის გამო.

1.5. ამ მორიგების აქტის გაფორმებით მხარეები ადასტურებენ, რომ ეს მორიგება ორმხრივი, ნებაყოფლობითი და რაციონალურია. შესაბამისად, 2014 წლის 05 მარტის N----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არცერთ მხარეს ერთმანეთის მიმართ არ ექნება დამატებითი მოთხოვნა ამ მორიგების აქტით გაუთვალისწინებელ სხვა ხარჯებთან ან ზიანთან, მათ შორის პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. ასევე, ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ჩაითვლება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებად.

 

ამავე განჩინებით მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის საოქმო განჩინება (ს.ფ. 260-265);

 

2.12. სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------სა“ და სს ,,ა-----------------“-ს (ყოფილი შპს ს----------------------- ა-------------ი“) შორის წარმოებული სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხე შპს ს----------------------- ''ა-------------ი“-სათვის სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' სასარგებლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთებისათვის საჭირო თანხის 18 264 ლარისა და ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთებისათვის საჭირო თანხის 36 597.95 ლარის გადახდის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აგრეთვე: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 2 049,60 ლარის, ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 18,30 ლარის, 2014 წლის 04 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 2 818,20 ლარის; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 36,60 ლარის, 2015 წლის 06 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 5637,18 ლარის; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 19,99 ლარის, 2015 წლის 24 თებერვლიდან 2015 წლის 14 მარტამდე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით F------ შეკეთების ვალდებულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 1522,90 ლარის; თ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით F------ შეკეთების ვალდებულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლო 1303,10 ლარის; ი) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 1363,23 ლარის; და კ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთების ვალდებულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 3,07 ლარის, 2015 წლის 24 თებერვლიდან 2015 წლის 25 მაისამდე - გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ მოპასუხე შპს ს----------------------- ''ა--------------'' სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთებისათვის საჭირო თანხის 18 264 ლარისა და ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიატ დუკატოს სახ. ნომრით E------ შეკეთებისათვის საჭირო თანხის გადახდა 36 597.95 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ს----------------------- ''ა--------------'' სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირებული სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 106-108);

2.13. 2015 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ს----------------------- ა--------------“ შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება. მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა სს ,,ა-----------------“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 201-202).

 

2.14. 2015 წლის 29 დეკემბერს შპს ,,ს--------------------------------ს“ შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება. მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა სს ,,ს---------------------------------“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 206-207)

 

2.15. 2017 წლის 29 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“, მეორე მხრივ, სს ,,ა-----------------“-სა და მესამე მხრივ - შპს ს-------------------ი“-ს შორის, 2017 წლის 25 მაისის მორიგების აქტის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სს ,,ა-----------------“-ს მიერ გადარიცხული იქნა სსიპ ს--–---------------–-----------------–------ისათვის შესაძენი და გადასაცემი ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება 35 990,59 ლარი შპს ,,ს-------------------ი“-ს ანგარიშზე, ხოლო შპს ,,ს-------------------მა“ მიიღო მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება 35 990,59 ლარი, რის შემდეგაც საკუთრებაში გადასცა სსიპ ს--–---------------–------------------–------ს, ხოლო ცენტრმა მიიღო ავტოსატრანსპორტო საშუალება Mercedes-bens, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 29 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 296);

 

2.16. 2017 წლის 14 სექტემბერს ერთი მხრივ, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“, მეორე მხრივ, სს ,,ა-----------------“-სა და მესამე მხრივ - შპს ს-------------------ი“-ს შორის, 2017 წლის 25 მაისის მორიგების აქტის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სს ,,ა-----------------“-ს მიერ გადარიცხული იქნა სსიპ ს--–---------------–-----------------–------ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ,,FIAT DUKATO” (სახ. ნომერი E------, საიდენტიფიკაციო ნომერი Z----------------) შეკეთება/აღდგენის ღირებულება - 18264 ლარი შპს ,,ს-------------------ი“-ს ანგარიშზე, ხოლო შპს ,,ს-------------------მა“ მიიღო მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენის ღირებულება, რის შემდეგაც შპს ,,ს-------------------ის“ მიერ აღდგენილი იქნა, ხოლო ცენტრმა ჩაიბარა ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,FIAT DUKATO” (სახ. ნომერი E------, საიდენტიფიკაციო ნომერი Z----------------) აღდგენილ მდგომარეობაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 297);

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.17. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს--------------------------------ს“ სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს მიმართ, 2014 წლის 04 მარტის საბანკო გარანტიის საფუძველზე, გააჩნია 7583,04 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარისა და მესამე პირის განმარტებას, რომ ვინაიდან სს ,,ა-----------------“-ს არ გააჩნია სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს მიმართ ფულადი ვალდებულება, ეს წარმოადგენს გარანტორის მხრიდან ნაკისრი ვალლდებულების - საგარანტიო თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთხელ, სს ,,ა-----------------“-ს და სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს შორის წარმოებული სამოქალაქო დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომლის საფუძველზეც, მხარეები მორიგდნენ და სს ,,ა-----------------“-მ იკისრა, სატრანსპორტო საშუალების / ნარჩენის (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E------) საკუთრებაში მიღებიდან 3 თვის ვადაში, სატრანსპორტო საშუალების / ნარჩენის (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E-------, ს/ნ Z----------------) საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, თანხის- 36515,31 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთას თხუთმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება ან რომელიმე მსგავსი მარკის, მოდელისა და სხვა მახასიათებლების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების სსიპ - ს--–---------------–------------------–-------სათვის შეძენა ან/და საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ასანაზღაურებელ თანხასა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ს--–---------------–------------------–-------ს ანგარიშზე ჩარიცხვა.

 

ხოლო სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს ბალანსზე რიცხული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი: ფიატ დუკატო, სახ. N E------) აღდგენის ორგანიზება და აღდგენის ხარჯების ანაზღაურება საკუთარი ფინანსური რესურსით.

 

შესაბამისად, სს ,,ა-----------------“-ს დავალიანება - 36 515,31 ლარი და შესასრულებელი ვალდებულება (დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა) სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს მიმართ განისაზღვრა ზემოაღნიშნული მორიგების აქტით.

 

მოპასუხისა და მესამე პირის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს საბანკო გარანტიის არსი:

 

საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და მისი მიზანია ძირითადი ვალდებულების შესრულება. საბანკო გარანტიის ვალდებულება გარანტსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა. გარანტი კისრულობს ვალდებულებას აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულოს პრინციპალის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე.

 

პიროვნული უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან (თავდებობა, პირგასამტეხლო, ბე) საბანკო გარანტიას განასხვავებს მისი არააქცესორული ბუნება, რაც გულისხმობს იმას, რომ საბანკო გარანტია არ გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებისაგან. ძირითადი ვალდებულება შეიძლება შეწყდეს, გაბათილდეს ან შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა გარანტსა და ბენეფიციარს შორის შენარჩუნებული იქნება.

 

საბანკო გარანტიაში კონკრეტულად მიეთითება გარანტის უფლება-მოვალეობები როგორც პრინციპალის, ისე ბენეფიციარის მიმართ. გარანტს მკვეთრად გამოყოფილი მოვალეობები აკისრია ბენეფიციარის წინაშე და მათ განსაზღვრული ავტონომიურობა ახასიათებთ. გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობისას გარანტის ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც გაიცა იგი. ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის, როგორც გარანტორის პასუხისმგებლობა აბსტრაქტულია. საბანკო გარანტიის აბსტრაქტული ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო ორგანიზაცია მის საფუძვლად არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ მონაწილეობს.

 

საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი).

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს ,,ა-----------------“-ს დავალიანება - 36 515,31 ლარი და შესასრულებელი ვალდებულება (დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა) სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------“-ს მიმართ განისაზღვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარანტის სამსახური იმაში გამოიხატება, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა ბენეფიციარს გადაუხადოს პრინციპალის მიერ სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობისას. სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გარანტისათვის დაკისრებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ემუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლი არეგულირებს გარანტის ვალდებულების ფარგლების საკითხს, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია. ასევე, გარანტიის პირობას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

გასათვალისწინებელია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდა ბენეფიციარისათვის განისაზღვრება საბანკო გარანტიის პირობებით. ამავე კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.

 

როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია საბანკო გარანტიის შემდეგი სახეები:

ა) გადახდის გარანტია (Payment Guarantee), რომელიც გარანტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების განხორციელებას;

ბ) სატენდერო გარანტია (Bild Vond; Tender Bond), აღნიშნული სახის გარანტიის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევა, როცა ტენდერის მონაწილე უარს აცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე. სატენდერო გარანტია იმითაც გამოირჩევა გარანტიის სხვა სახეებისაგან, რომ მისი ღირებულება, როგორც წესი, დაბალია.

გ) შესრულების გარანტია (Perfomance Bond), ასეთი სახის გარანტიები იცავენ ბენეფიციარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის ანა არაჯეროვანი შესრულებისაგან;

 

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს 2014 წლის 04 მარტის საბანკო გარანტიის შესახებ №------ ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული საბანკო გარანტია №------;

 

2014 წლის 04 მარტის საბანკო გარანტიის პირობების თანახმად, ,,გარანტი“ ვალდებულია ,,ბენეფიციარის“ წინაშე, მასზედ, რომ თუ ,,პრინციპალი“ ,,ბენეფიციარის“ წინაშე ვერ შეასრულებს 1.1. პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საბანკო გარანტიის მოქმედების განმავლობაში, ,,გარანტი“ ,,ბენეფიციარს“ გადაუხდის 7 583,04 ლარს, ,,ბენეფიციარის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

მხარეება განსაზღვრეს, რომ საბანკო გარანტია ძალაში შედის 2014 წლის 04 მარტიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა რისკების თავიდან აცილებას. რისკების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები. აქცესორული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების დროს (მაგ.: თავდებობა) შესაძლებელია კრედიტორის წინააღმდეგ ყველა იმ შესაგებლის წარდგენა, რაც მოვალეს აქვს. ეს კი კრედიტორისათვის ნიშნავს ისეთ სასამართლო პროცესში ჩაბმას, რომელსაც მისთვის დიდი რისკი და უხერხულობა ახლავს, რადგან საკითხი ეხება სხვა პირის (პირადი მოვალე) მხრიდან ვალდებულების შესრულება-არშესრულების, არაჯეროვანი შესრულების საკითხების კვლევას. სწორედ ამგვარი სიძნელეების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა დამოუკიდებელი გარანტიების ინსტიტუტი, რომელთაც ძირითადად გასცემენ ფინანსურად ისეთი საიმედო და მდგრადი ინსტიტუტები, როგორიცაა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. დამოუკიდებელი გარანტიების რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე, ე.წ. პუბლიკაცია N458 (ICC Guiding Rules for Demand Guarantees URDG 758), რომლის მე-2 მუხლი ასევე განსაზღვრავს მის არააქცესორულ ბუნებას.

 

თუმცა, მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1. ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2. მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

 

ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში, ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ს---------------------------------“-ს (ამჟამინდელი სს ,,ს---------------------------------“) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით №------ გაცემული 04.03.2014 წელს, შპს ,,ს---------------------------------“ კისრულობდა 7583,04 ლარის გადახდის ვალდებულებას შპს ,,ს----------------------- ა-------------ი“-ს (ამჟამინდელი სს ,,ა-----------------“) მიერ 2014 წლის 05 მარტის ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში 2014 წლის 11 დეკემბერს სსიპ ს--–---------------–------------------–------მა ,,გარანტორს“ შპს ,,ს--------------------------------ს“ წარუდგინა პირველი მოთხოვნა თანხის გადახდაზე, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან 2014 წლის 05 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მოქმედი იყო, მხარეებს მისი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების საკითხი არ განუხილვათ და არ არსებობს შესაბამისი გადაწყვეტილება, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება რომ ხელშეკრულება სრულდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად. სწორედ ამის გამო, მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

 

2014 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა შპს ,,ს--------------------------------ს“ 7583,04 ლარის მოთხოვნით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

 

მითითებული მოთხოვნის წარდგენის პერიოდისათვის სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------'' აპელირებდა 2014 წლის 12 ივლისს, თბილისში, ჯ----------–------- ქუჩაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე, რის შედეგადაც დაზიანდა სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------''-ს ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ფიატ-დუკატო“ სახელმწიფო ნომრით E------ და შპს ს----------------------- ,,ა-------------ი“-ს მხრიდან დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარის შესახებ. მოსარჩელე ასევე უთითებდა, 2014 წლის 02 და 24 ივლისს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯ----------–-- ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე, რის შედეგადაც დაზიანდა სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------''-ს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ,,ჰიუნდაი i-10“ სახელმწიფო ნომრით F------ და ,,ჰიუნდაი i-10“, სახელმწიფო ნომრით F------ და შპს ს----------------------- ,,ა-------------ი“-ს მიერ ზიანის ანაზღაურების გაჭიანურებაზე.

 

რაც შეეხება პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მათი წარდგენის უპირობო ვალდებულება გარანტიით არ ყოფილა გათვალისწინებული. ერთადერთი რასაც გარანტია ითვალისწინებდა იყო წერილობითი მოთხოვნა და მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტები, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა.

 

მოსარჩელემ განცხადებაში კონკრეტულად აღწერა ვალდებულების დარღვევის შინაარსი. მოსარჩელემ წერილობით მოთხოვნაში მიუთითა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, რაც ნიშნავდა გარანტიით უზრუნველყოფილი და გარანტიაშივე მითითებული უზრუნველყოფილი გარიგების დარღვევას.

 

ამდენად, რაც შეეხება ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ წარდგენას, ასეთ პირობას გარანტია არ ითვალისწინებდა. მხოლოდ მათი არსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა ბენეფიციარს დოკუმენტების დართვის ვალდებულება. 2014 წლის 11 დეკემბრის მოთხოვნაში (წერილში) დანართის სახით აღნიშნულია 22 ფურცელი, რაც მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნაში გადმოცემული ფაქტების დადასტურების მიზნით მტკიცებულების წარდგენაზე, კერძოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სს ,,ა-----------------“-ს მხრიდან ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის დადასტურების მიზნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნაწილში მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, არ იარსებებდა ბენეფიციარის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება, რადგანაც ამ უკანასკნელმა წერილობითი მოთხოვნა განმეორებითაც წარუდგინა (2014 წლის 22 დეკემბერს) გარანტს. სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კია ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, რადგან მოცემულ შემთხვევაში, თავად გარანტია ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის პირობას არ ადგენდა და არც უარი თანხის გაცემაზე ამ კუთხით დასაბუთებული არ იყო, სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობდა პრინციპალის ვალდებულებების დარღვევის მიზეზების კვლევის დადგენის საჭიროება.

 

2.19. მოპასუხის პოზიცია გარანტორის მხრიდან ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობების არარსებობას ეფუძნება, რაც სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ გარანტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი უარი თქვას ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე თუ, მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსი 887-ე მუხლი), რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე.

 

კერძოდ, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გარანტი 04.03.2014 წლის საბანკო გარანტით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარს არ აცხადებდა არც ერთი ისეთი საფუძვლით, როგორიცაა: მოთხოვნის შეუსაბამობა გარანტიის პირობებთან და/ან, რომ მოთხოვნა გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გარანტი მხოლოდ იმაზე უთითებდა, რომ შპს ,,ს---------------------------------“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული აენაზღაურებინა გარანტიის თანხა მოსარჩელისათვის, თუ პრინციპალი დაარღვევდა მოსარჩელესთან რაიმე ნაკისრ ვალდებულებას, აღნიშნული კი უნდა დადასტურებულიყო სათანადო დოკუმენტაციით. მხოლოდ მითითება ვალდებულების შეუსრულებლობაზე თავისთავად არ გულისხმობს, რომ ვალდებულება ნამდვილად დარღვეულია.

 

სსიპ ''ს--–---------------–------------------–------სა'' და შპს ს----------------------- ''ა--------------'' შორის 2014 წლის 5 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----------- ხელშეკრულების 8.2.3. პუნქტით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება ყველა საჭირო დოკუმენტის მიწოდებიდან 7 სამუშაო დღეში, ხოლო ნაწილის გამოწერის შემთხვევაში - არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

ამავე ხელშეკრულების 17.1. პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეებს დაეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,1%-ს.

 

უდავოდ დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შემდეგი ავტომობილები: 1.ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------, 2. .ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------, 3. ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------, 4. ,,ჰიუნდაი i-10“ , სახელმწიფო ნომრით F------, 5. ,,ჰიუნდაი i-10“, სახელმწიფო ნომრით F------, და 6. ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------.

 

ასევე დადგენილია, რომ ავტო-სატრანსპორტო საშუალებების - ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------ და ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------, შეძენა/შეკეთებისათვის საჭირო თანხები სს ,,ა-----------------“-ს მიერ არ იქნა გადახდილი, რაც გახდა სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი. სწორედ აღნიშნულ სამოქალაქო დავაში, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების გათვალისწინებით, სს ,,ა-----------------“-მ იკისრა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, სატრანსპორტრო საშუალება ფიატ დუკატო, სახელმწიფო ნომრით E------ - ღირებულების სანაცვლოდ 36 515,31 ლარის ანაზღაურება, ხოლო ფიატ დუკატოს, სახელმწიფო ნომრით E------ აღდგენის ორგანიზება და ხარჯების ანაზღაურება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის უპირობო ვალდებულება გარანტიით არ ყოფილა გათვალისწინებული. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების გათვალისწინებით, სს ,,ა-----------------“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის ივნისისა და სექტემბრის თვეში მისი შესრულება,ცხადყოფს სს ,,ა-----------------“-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევა და საბანკო გარანტიით თანხის მოთხოვნის წინაპირობის დადგომა, ასევე ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის გარანტიით შეთანხმებულ ვადაში წარდგენა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია ბენეფიციარის სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------''-ს მოთხოვნა გაცემული საბანკო გარანტიის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ანაზრაურების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სს არდი დაზღვევის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს სასამართლოში წარდგენილ იქნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით დამტკიცებული სს ა-----------------სა და სსიპ ს--–---------------–------------------–------ს შორის გაფორმებული მორიგების აქტი. წარდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე და მხარეთა გაცხადებული პოზიციით დასტურდება, რომ მორიგების აქტიდან გამომდინარე ვალდებულებები სს ა-----------------ს მიერ შესრულდა სრულად. შესაბამისად, 2014 წლის 5 მარტის N----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულებულია სრულად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს სამოქალო კოდექსის 885-ე მუხლს. კოდექსის 885-ე მუხლი უთითებს წერილობითი მოთხოვნის ფორმაზე და მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ მოთხოვნაში აუცილებლად უნდა მიეთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლით განსაზღვრულია გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება ძალაში სს სადაზღვეო კომპანია უნისონს წარმოეშობა რეგრესის უფლება სს არდი დაზღვევის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულებული აქვს სრულად (მორიგების აქტიდან გამომდინარე).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის შეფასებას და მიუთითებს, რომ სასამართლოს აღნიშნული შეფასების დროს ასევე უნდა მიეღო მხედველობაში რეგრესის უფლების წარმოშობის საფუძველები და მისი სამართლებრივი შედეგები, როგორც მოსარჩელე მხარისათვის ასევე საქმეში ჩაბმული მესამე პირის მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში სსიპ ს--–---------------–------------------–------- ფაქტობრივად მიუხედავად ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულებისა ასევე მიიღებს საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სს სადაზღვეო კომპანია უნისონი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. შპს ,,ს---------------------------------ს“ მიერ 2014 წლის 04 მარტს გაცემულ იქნა №------ საბანკო გარანტია, ,,პრინციპალსა“ - შპს ს----------------------- ''ა--------------ა'' და ბენეფიციარს - სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“ შორის 2014 წლის 26 თებერვალს N--- წერილის/ოქმის საფუძველზე (საგანი: ავტოტრანსპორტის დაზღვევა ელექტრონული ტენდერის საშუალებით S-----------) გათვალისწინებული პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

საბანკო გარანტიის პირობების თანახმად, ,,გარანტი“ ვალდებულია ,,ბენეფიციარის“ წინაშე, მასზედ, რომ თუ ,,პრინციპალი“ ,,ბენეფიციარის“ წინაშე ვერ შეასრულებს 1.1. პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საბანკო გარანტიის მოქმედების განმავლობაში, ,,გარანტი“ ,,ბენეფიციარს“ გადაუხდის 7 583,04 ლარს, ,,ბენეფიციარის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 04 მარტიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით. (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 72-76).

 

4.2. 2014 წლის 5 მარტს სსიპ ''ს--–---------------–------------------–------სა'' და შპს ს----------------------- ''ა--------------'' შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ს----------------------- ''ა-------------მა'' აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის გაეწია 252 767,50 ლარის ღირებულების სადაზღვევო მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ს----------------------- ''ა-------------ის'' მიერ დაზღვეული იქნა სსიპ ''ს--–---------------–------------------–-------ს'' საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები: ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------; ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------; ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------; ფიატო დუკატო, სახელმწიფო ნომრით ---------; ჰიუნდაი ''i 10'', სახელმწიფო ნომრით ---------; ჰიუნდაი ''i 10'', სახელმწიფო ნომრით ---------. (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 14-25).

 

4.3. საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 11 დეკემბერს სსიპ ს--–---------------–------------------–------მა ,,გარანტორს“ - შპს ,,ს--------------------------------ს“ წარუდგინა პირველი მოთხოვნა, 2014 წლის 04 მარტს გაცემული საბანკო გარანტიის პირობების თანახმად საგარანტიო თანხის - 7583,04 ლარის გადახდის თაობაზე. 2014 წლის 17 დეკემბერს გარანტმა უარი უთხრა ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ვინაიდან 2014 წლის 05 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მოქმედი იყო, მხარეებს მისი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების საკითხი არ განუხილვათ და არ არსებობს შესაბამისი გადაწყვეტილება, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ ხელშეკრულება სრულდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად. სწორედ ამის გამო, მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

 

2014 წლის 22 დეკემბერს სსიპ ს--–---------------–------------------–------მა განმეორებით მიმართა შპს ,,ს--------------------------------ს“ 7583,04 ლარის მოთხოვნით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 30-31; 35; 37).

 

4.4. 2015 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ს----------------------- ა--------------“ შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება. მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა სს ,,ა-----------------“; (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 201-202).

 

4.5. 2015 წლის 29 დეკემბერს შპს ,,ს--------------------------------ს“ შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება. მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა სს ,,ს---------------------------------“; (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 206-207).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანხახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით არააქცესორულობით, რაც გულისხმობს, იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. მოცემულთან მიმართებაში, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის არსი, იურიდიული ბუნება და, ზოგადად, სახელშეკრულებო სამართალში, მისი როლი (იხ., №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი): „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55)“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 885-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამასთან, 887-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. ამასთან, გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამდენად, ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად კანონი ორ ძირითად შემთხვევაშ განსაზღვრავს, კერძოდ: თუ ბენეფციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს და/ან ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდგომ.

 

მოცემულთან მიმართებაში საგულისხმოა 887-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაწილის დადგენილი წესი, რომლის მიხედვით, თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას. ამდენად, გარანტი მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. აღნიშნულ შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ პირობას წარმოადგენს ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ ს--–---------------–------------------–------სა და სს ,,ა-----------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან, გამომდინარე სსიპ ს--–---------------–------------------–-------ს მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს---------------------------------ს“ მიერ გაცემულ იქნა საბანკო გარანტია. საგარანტიო თანხად განისაზღვრა 7 583,04 ლარი. დადგენილია, ასევე, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნით ბენეფიციარმა გარანტს თავდაპირველად მიმართა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში 2014 წლის 11 დეკემბერს, რაზეც მას უარი ეთქვა იმ მოტივაციიდან გამომდინარე, რომ არ დგინდებოდა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, 2014 წლის 22 დეკემბერს ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა გარანტს 7583,04 ლარის საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნით, მითითებული გარემოება, კი, როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ მოყვანილი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, უდავოდ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სსიპ ,,ს--–---------------–------------------–-------” სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს ,,ს---------------------------------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ლევან გვარამია/