განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100119002887139
საქმე №1ბ/721-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ--–------------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 მარტს ბორჯომში, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, მცხოვრების ბ------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით ლ--–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
ლ--–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 27 იანვარს, ლ--–------------მ, საღამოს ქ. ბ---------–---------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, 2016 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ, მცირეწლოვან შვილს - ბ-------------------ს, არასრულწლოვანი დების - 2005 წლის 09 აპრილს დაბადებულ მ-----------------ს და 2008 წლის 18 ნოემბერს დაბადებულ ნ--------------ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ბავშვი თავით დავარდა იატაკზე და დაიწყო ისტერიული ტირილი. ლ--–------------ მივიდა მასთან, წამოაყენა ფეხზე და ხელი ერთხელ დაარტყა საჯდომზე, რითაც ბ-------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო--------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ--–------------სათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ ლ--–------------სათვის დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და ლმობიერი, ის არ იქნება შემაკავებელი ხასიათის. ლ--–------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, ოჯახის გარემოცვაში მცირეწლოვანი შვილის მიმართ, მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით იძალადა მცირეწლოვან შვილზე, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. აპელანტის მტკიცებით, ლ--–------------მ არაფრად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მცირეწლოვან შვილს ესაჭიროება აღზრდა და შესაბამისი მოპყრობა. გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვანი შვილისათვის მეტად მძიმეა მსგავსი დამოკიდებულება, როდესაც ის იზრდება მამის გარეშე და დედის გარდა მზრუნველი არავინ ჰყავს, მშობლის რანგში სხვა არავინ გააჩნია. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული ლმობიერი სასჯელი უარყოფითად მოქმედებს მსგავსი დანაშაულების ჩამდენ პირებზე და კვლავ ჩადიან ასეთ დანაშაულებს, რაზეც მოწმობს ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობა და სტატისტიკა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ლ-------------ს, რ--------------------ს, ლ--–------------ს, მ-----------------ს და ნ---------------ს გამოკითხვის ოქმებით, ბ-------------------ს დაზარალებულად ცნობის დადგენილებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მყარ არგუმენტებს თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რა საფუძვლით უნდა გამკაცრდეს სასჯელი მსჯავრდებულ ლ--–------------ს მიმართ და მისი ქმედებისა და დანიშნული სასჯელის არაადეკვატურობა. ქვეყნის მასშტაბით ძალადობრივი დანაშაულის გახშირების ფაქტი, არასაკმარისი არგუმენტია, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლ--–------------სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებისათვის. სხვა წონადი არგუმენტი კი ბრალდების მხარის მიერ დასახელებული არ ყოფილა.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ლ--–------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჰყავს მცირეწლოვანი და არასწრულწლოვანი შვილები. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ლ--–------------სთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი ლ--–------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ლ--–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
ლ--–------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი, გაუქმებულია.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე