განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002846379
საქმე №1ბ/709-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ--------------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თ---–---------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით ლ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ლ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ლ-------------- 1991 წლიდან იმყოფება ქორწინებაში მ-------------სთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს ქ. თ---–--–------------------------ში. თანაცხოვრების განმავლობაში, ლ-------------- სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს მ-------------ს, რომელიც აღნიშნულის გამო განიცდის ტანჯვას. 2019 წლის 02 იანვარს, იმყოფებოდნენ რა თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ზემო აღნიშნულ მისამართზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ--------------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------ს, რომელსაც ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: ხელით ძლიერად მოქაჩა თმები, ძალის გამოყენებით ასევე თმის მოქაჩვით გამოიყვანა მეორე ოთახში და დააგდო სავარძელზე და იწევდა მისკენ საცემად, რისი საშუალებაც არ მისცა შვილმა 21 წლის ა------------მ, რომელმაც ასევე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორების მიერ ლ-------------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით თავისი მეუღლის - მ-------------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ლ--------------ს მხრიდან განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია მ-------------ს ფიზიკური ტკივილი და აღნიშნულის შედეგად მას ასევე მიადგა მორალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ლ--------------ს მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, არ გაითვალისწინა მისი პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მაშინ, როდესაც მას ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული. აპელანტის აზრით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მიიღწევა, რადგან გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ქცევის გამოსწორებას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ოჯახში ძალადობა, სერიოზული და გავრცელებული ძალადობრივი ფორმაა, რასაც არაერთი ლეტალური შედეგი მოჰყოლია, ამიტომ სახელმწიფოებრივი მიდგომა ამგვარი ფაქტების მიმართ ძალიან მკაცრია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ იქნა. აუცილებელია, მოძალადის მიმართ გამოყენებულ იქნეს ადეკვატური სასჯელი, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვი, რითაც შესაძლებელი იქნება დაზარალებულის ინტერესების დაცვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ--------------ს აღიარებით, დაზარალებულ მ-------------ს, მოწმეების - გ---------------ს, თ------------–-----ის, ა------------ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ლ--------------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ--------------სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ხოლო რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ლ--------------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
პალატა განმარტავს, რომ რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ლ--------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენი ლ--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ლ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 02 იანვრიდან - 2019 წლის 21 მარტის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ლ--------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე