განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
080100118002474704
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002474704

საქმე №1/ბ-479-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- მ--–-----ს ძე ც------ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, წ-------–-- ქ. 98/29;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- ც------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქუთაისში, ნ----–---–-ს ქუჩაძე არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ---- ც------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----– ჯ--------ეს, კერძოდ, ხელი და ფეხი დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ზ---- ც------მ ბასრი საგნის გამოყენებით ოთხი ჭრილობა მიაყენა მ-----– ჯ--------ეს მარჯვენა დუნდულის და მარჯვენა ბარძაყის არეში, რამაც გამოიწვია მ-----– ჯ--------ის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ზ---- ც------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი რ--------- ლ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩვრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ ზ---- ც------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზ---- ც------ს პიროვნების, მისი წასრულის, ასევე მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათის, ინტენსივობის და სიმძიმის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით არ არის საკმარისად მკაცრი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებული ზ---- ც------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ე-----–- ჭ--–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი ზ---- ც------ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---- ც------ს მიმართ შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ც------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულ მ-----– ჯ--------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმე გ--------- გ---–--–--ის გამოკითხვის ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ-----– ჯ--------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- ც------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ზ---- ც------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ზ---- ც------ს ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაული, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ. მსჯავრდებულმა ჯერ სცემა დაზარალებული, ხოლო შემდეგ ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მას, პალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ასევე, იმას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, გარდა ამისა, სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათს, ინტენსივობას და სიმძიმეს და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია) მიზანშეწონილად მიიჩნევს ზ---- ც------ს მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრას, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული ჯარიმის ზომა 1000 ლარის ოდენობით ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც მსჯავრდებულს უნდა გაუმკაცრდეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნას ზ---- ც------ს მიმართ საუარესო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ზ---- ც------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზ---- ც------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- მ-----– ჯ--------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს;

- მ-----– ჯ--------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული რუხი ფერის სპორტული შარვალი და რუხი ფერის საცვალი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე