განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002448474
საქმე №1/ბ-515-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- გ-------ს ძე მ------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ჯ------ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლიდან ზ---- მ------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რა ჟ--–---- ლ-–----ესთან, 2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 19:50 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- მ------–---–მა განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ ჟ--–---- ლ-–----ემ მისგან დაუკითხავად გაასხვისა ავტომანქანის აკუმულატორი, ქ. ოზურგეთში, შ-----------–ის ქ. 126-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, აუხირდა ჟ--–---- ლ-–----ეს და შეაგინა მას დედის მისამართით, რის შემდეგაც ხელებით წვდა თმებზე და 3-4-ჯერ დაქაჩა ძლიერად. აღნიშნული ქმედებით, ჟ--–---- ლ-–----ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით ზ---- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 17 აპრილიდან 2018 წლის 7 მაისამდე პერიოდის) - გათვალისიწინებით საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 30 საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში და მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
მსჯავრდებული ზ---- მ------–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თ------- ბ----–-–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---- მ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ დაზარალებულ ჟ--–---- ლ-–----ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: ნ---- მ---------ის, ი-----–- კ---------ის, ნ------ ჯ--------ის და ბ---- დ---–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოილუსტრაციით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც დასტურდება ჟ--–---- ლ-–----ის განცხადებით, რომლითაც ირკვევა, რომ მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სასამართლომ ზ---- მ------–---–ს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ---- მ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 17 აპრილიდან 2018 წლის 7 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 30 (ოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ზ---- მ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ზ---- მ------–---–ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ბ------ მ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ოზურგეთი, ა. ბ------ის ქ. 14, შემდეგი სარეგიტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ო--------------------------------------------------------------------------–------------------ გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსასრულებად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე