განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
080100118002438106
ინსტანცია
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002438106

საქმე №1/ბ-478-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- ხ-----ს ძე ა---–---ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ზესტაფონი, უ-----ის ქ. 142/64;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ--- ა---–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქ. ზესტაფონში, დ. უ-----ის ქ. 142/64-ში მცხოვრებმა კ--- ა---–---მ 2018 წლის გაზაფხულზე (ზუსტი დროს დაუდგენელია), საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ქოთნებში და სათლში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რასაც პერიოდულად უვლიდა; აღნიშნულის შედეგად, კ--- ა---–---მ უკანონოდ მოიყვანა 2 ძირი, წონით 18,08 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 16 აპრილს, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მიერ, კ--- ა---–---ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით კ--- ა---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ კ--- ა---–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ე--- ნ------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ კ--- ა---–---ს დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს მინიმუმამდე და დაეკისროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; დაცვის მხარის განმარტებით, კ--- ა---–---მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, არის აფხაზეთიდან დევნილი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული. პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას აშკარად გასცდა სამართლიანობის ჩარჩოებს და დაუნიშნა ჩადენილ ქმედებასთან შეუსაბამო სასჯელი.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ვ------- ჭ----------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი კ--- ა---–---ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი კ--- ა---–---ს მიმართ შეიცვალოს მის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ--- ა---–---ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მოწმეთა: ვალერიანე გოქსაძის, ნიკა კუპრაშვილის, გოჩა ფარცახაშვილის, თეონა ა---–---ს, მადონა ჭელიძის გამოკითხვის ოქმებით; ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ კ--- ა---–---ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვს მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი ჯარიმა მინიმალურ ოდენობამდე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

კ--- ა---–---ს მიმართ სასჯელის განსაზღვრსის სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივას და მიზანს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ კ--- ა---–--- არ არის ნასამართლევი, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია) განსახორციელებლად მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს დანიშნული ჯარიმა.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კ--- ა---–---ს დანიშნული სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი უნდა შუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ--- ა---–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ე--- ნ------იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნას კ--- ა---–---ს სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

კ--- ა---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

კ--- ა---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

კ--- ა---–---ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ორი ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფს, საერთო წონით 18,08 გრამი და ორი ძირი მომწვანო-მოყავისფრო ნედლი მცენარიდან გამოცალკავებული ნედლი ფოთლები, რაც წარმოადგენს ნედლ მარიხუანას, წონით 2,35 გრამი, რაც ინახება იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე