განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002409514
საქმე №1/ბ-492-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------ ი-----ს ძე ფ-----ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ქუთაისი, ო–---–-ს ქ. 2
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე------ ფ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე------ ფ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით;
2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, შ------–--ის ქუჩა N2/-6 ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ე------ ფ-----მ, ყოფილ მეუღლეს მ--- ფ----–------ეს ორჯერ დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც მ--- ფ----–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ე------ ფ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული ე------ ფ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივნისის განაჩენში და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაენიშნოს სასჯელის მინიმუმი; მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უსამართლო, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, იგი არ არის მოძალადე და არანაირი მტრული განწყობა მისი ყოფილი მეუღლის მიმართ არ გააჩნია, ოჯახში ჰყავს ავადმყოფი, პენსიონერი დედა და ინვალიდი და, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული.
სააპელაციო საჩივარზე პროკურორს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე------ ფ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, როგორც სასამართლოში გამოკვლეულ, ისე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ--- ფ----–------ის ჩვენებით, მოწმეების: გ-- კ-----–-–---–ის, ნ-----–- ჯ-----–--ას, ზ----- გ--–-–---–ის, გ------ი ქე---ის, ი-----–- ხ-----ს, გ------ი კ-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
ე------ ფ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ამასთან, იგი არ არის შერიგებული დაზარალებულთან, ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის და კვლავ ჩაიდინა ანალოგიური განზრახი დანაშაული; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სასამართლომ ე------ ფ-----ს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და ე------ ფ-----ს მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე------ ფ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - მ--- ფ----–------ის კუთვნილი სვიტერი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე